ეგრისი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე გ რ ი, ე გ უ რ ი, 1. ლეონტი მროველის მიხედვით, ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის, ეგროსის წილხვედრი ქვეყანა, რ-იც აღმ. შავიზღვისპირეთის ნაწილს (ლიხის ქედიდან მდ. ყუბანის ძველ შესართავამდე) მოიცავდა. 2. დას. საქართველოს და უძველესი დასავლური ქართ. სახელმწიფოს სახელწოდება ძვ. წ. XV–XIV ს-იდან ახ. წ. VIII ს. ჩათვლით. იგივეა, რაც „კულხა“, „კოლხა“, „კოლხიდა“ და „ლაზიკე“. ე. მომდინარეობს ქართ. მოდგმის ტომის სახელწოდებიდან „ეგრი“, რ-საც თავდაპირველად მდინარეებს – რიონსა და ღალიძგას შორის მდებარე ტერიტორია ეკავა. ხალხურ მეტყველებაში თავდაპირველად უფრო „ეგური“ უნდა ყოფილიყო გავრცელებული. 3. ე., ლეონტი მროველის მიხედვით, ქართველთა ერთ-ერთი ეთნარქის, ეგროსის მიერ დაარსებული ქალაქი, რ-საც ის შემდეგდროინდელ ბედიასთან აიგივებდა. 4. ე., უფრო ზუსტად „შიდა ეგრისი“, ეწოდებოდა საკუთრივ „ეგერი“ ტომით დასახლებულ ტერიტორიას მდ. ენგურსა და ღალიძგას შორის.

წყარო: ლ ე ო ნ ტ ი მ რ ო ვ ე ლ ი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973. თ.ბერაძე.

ეგრისი

ნასოფლარი დმანისის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ ზურტაკეტში, სოფ. გომარეთის სამხრეთით, დაახლ. 3 კმ -ზე, მდ. ყარაბულაღის მარცხ. ნაპირზე. სოფლის სახელწოდება მომდინარეობს სამეგრელოდან გადმოსახლებული ლარაძეებისაგან, რებმაც აქაურ ძველ ნასოფლარს სამეგრელოს ადრინდ. სახელი – ე. დაარქვეს. ლარაძეების წინაპართა გადმოცემით მათი გადმოსახლება ლუარსაბ მეფის (XVI ს.) დროს მოხდა; მართლაც, 1590 წლის ერთ საბუთში ლარაძე იხსენიება სიმონ მეფის (1537–1611) მიერ დანიშნული მეკობრის მძებნელთა შორის. აზნაურ ლარაძეებს, ერთიმეორის სიახლოვეს ორი სოფელი – დიდი და პატარა ე. – გაუშენებიათ. ამ ნასოფლარებში ახლა 3 დარბაზული ეკლესიის, ლარაძეთა სასახლისა და სხვა შენობათა ნანგრევებია. ყველაზე დიდი ეკლესია, რომელიც დროთა განმავლობაში გადაკეთებულა, ძირითადად საშუალო ზომის კვადრებითა და კირხსნარითაა ნაგები. სამხრ. შესასვლელის მარჯვნივ, ერთ ქვაზე, ჯვარია გამოსახული. სახურავი ჩაქცეულია. სატრაპეზო ლოდი, რ-ზედაც ჯვარი ყოფილა გამოსახული, დაფარულია ნანგრევებით. ეკლესიას ეტყობა შელესვისა და მოხატვის კვალი. განვითარებული ფეოდ. ხანისაა მეორე, ღვთისმშობლის ეკლესიაც. იგი კარგად გათლილი, ერთმანეთზე მჭიდროდ მორგებული დიდი ქვებითაა ნაგები. შესასვლელი სამხრ-იდან აქვს, თითო სარკმელია აღმ., სამხრ. და დას. კედლებში. ეკლესიას შერჩენილი აქვს სახურავი, შეიმჩნევა მოხატულობის კვალიც. მესამე, ნათლისმცემლის ეკლესიას (XVIII ს.), სამხრ-ით, მთელ სიგრძეზე, აქვს მინაშენი. სამხრ. კედელზე ამოკვეთილ ასომთავრულ წარწერაში იხსენიება ეკლესიის მაშენებელი გიორგი ხუცესი (ლარაძე). ეკლესიის ირგვლივ სასაფლაო და გალავანია. 1687 ერთი საბუთის მიხედვით, უშვილოდ გარდაცვლილ ასიტა ლარაძის მამული ე-ში მეფეს დიასამ დიასამიძისთვის მიუცია, მას კი ისევ ლარაძეებისათვის მიუყიდია. 1727 საბუთიდან ჩანს, რომ მაშინ ე-ში ცხოვრობდნენ: როსაფაშვილები, ვარდიაშვილები, ბეჟიტაშვილები, შიშნიაშვილები, ფელიშვილები, ბუჟუაშვილები, ბერაშვილები, ვანიაშვილები, ცერცვაძეები, ამირანაშვილები. 1742 საბუთის მიხედვით, „ორსავ ეგრისებში" სახასო მამული ჰქონია დედოფალ ანახანუმს. XVIII ს-ში დიდ ე-ში ლარაძეებს ჰყოლიათ 100-ზე მეტი კომლი გლეხი, ჰქონიათ სასახლე და სასაფლაო, ჭალაში ზვარი, ორი დოლაბი წისქვილი, ერთი სამეხრეო და 3 ხოდაბუნი. XIX ს. მიწურულს იქ ცხოვრობდა მხოლოდ მარიამ ლარაძე-შალიკაშვილისა, რ-იც ერთი მოურავის დახმარებით უძღვებოდა მამულსა და მეურნეობას.

წყარო და ლიტ .: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ტ.1, თბ., 1940; თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., რჩეული ნაშრომები, ტ. 1, თბ., 1968; საქართველოს სიძველენი, ე. თაყაიშვილის რედ., თბ., 1899; საქართველოს სსრ კულტურის ძეგლები, თბ., 1959; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965. დ. ბერძენიშვილი.