ეგრისის სამეფო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Egrisi.jpg

ლ ა ზ ი კ ი ს ს ა მ ე ფ ო, ძველი ქართული სამეფო დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოიქმნა კოლხეთის სამეფოს დაშლისა და მასში შემავალ ტომობრივ-ტერიტ. ერთეულთა მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შედეგად (დაახლ. ახ. წ. I ს.). ანტ. წყაროებში ე. ს-ს ლაზიკა ეწოდებოდა. თავდაპირველად მცირე სამეფო იყო, ეკავა მდ. რიონის ორივე ნაპირი (დაახლ. ქობულეთიდან მდ. ეგრისწყლამდე). რომის იმპერია მასზე ფორმალურ სიუზერენობას ინარჩუნებდა. II ს. 30-იან წლებში ეგრისის მეფე მალასა რომის იმპერატორმა დანიშნა, ხოლო მის ზღვისპირა ციხე-ქალაქ ფასისში (ფაზისი) რომაული გარნიზონი იდგა. III ს. 50-იან წლებში ე. ს-ს შემოესივნენ გუთები, 90-იან წლებში კი – სარმატები. IV ს-ში ე. ს. გაძლიერდა და მთელი დას. საქართველო გააერთიანა. სამხრით მისმა ტერიტორიამ მიაღწია მდ. ჭოროხის ქვემო დინებას, ხოლო ჩრდ-ით მას დამორჩილდა აფსილების, აბაზგებისა და სანიგების სამთავროები, აგრეთვე სვანები (მისიმიელები) და ლეჩხუმის (სკვიმნიის) მცხოვრებნი. ეგრისის მეფის დამოკიდებულება რომის (ბიზანტიის) იმპერატორზე უფრო ფორმალური გახდა: ეგრისის გარდაცვლილი მეფის მემკვიდრეს, რ-იც უნდა გამეფებულიყო ადგილ. წესისა და ადათის მიხედვით, ბიზანტ. იმპერატორი უგზავნიდა სამეფო ნიშნებს. ეგრისელების მოვალეობა მხოლოდ თავიანთი ქვეყნის ჩრდ. საზღვრების დაცვა იყო, რათა მომთაბარეები ამ გზით არ შეჭრილიყვნენ იმპერიის მიწა- წყალზე. ეგრისის ზღვისპირა პუნქტებში აღარ იდგნენ ბიზანტიელთა გარნიზონები. ეგრისის მეფეს ჰყავდა თავისი ვასალები აბაზგების, სანიგების, სვანებისა და სხვა ტომთა მთავრების სახით. ძლიერდებოდა ქვეყნის ფეოდალიზაციის პროცესი. IV ს. I ნახევარში ე. ს-ში ქრისტიანობა სახელმწ. რელიგიად გამოცხადდა და ეგრისი ეკლესიურად კონსტანტინოპოლის პატრიარქს დაექვემდებარა. VI–IX სს-ში ე. ს-ს ჰყავდა თავისი მიტროპოლიტი (სამიტროპოლიტოს ცენტრი – ფასისი), რ-საც 4 ეპისკოპოსი ექვემდებარებოდა – პეტრის (ციხისძირი), გუდაყვის (ზიგანევი), ცაიშისა და ვარდციხის (როდოპოლისი). V ს. შუა წლებში მეფე გუბაზ I-მა სცადა განთავისუფლებულიყო ბიზანტიაზე ყოველგვარი დამოკიდებულებისაგან, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ბიზანტიასთან კონფლიქტით ისარგებლეს სვანებმა და სანიგებმა და V ს. 70-იან წლებში დამოუკიდებლობა მოიპოვეს. VI ს. დასაწყისში ე. ს. დროებით ირანის ქვეშევრდომი გახდა. 523 კი ეგრისის მეფე წათე I-მა გვირგვინი ბიზანტ. იმპერატორისაგან მიიღო. VI ს-ში ე. ს. ბიზანტიასა და ირანს შორის გამუდმებული ომების ასპარეზი გახდა. მას შემდეგ, რაც ირანმა აღმ. ამიერკავკასიაში (იბერია, ალბანეთი, პერსარმენია) მტკიცედ მოიკიდა ფეხი, ე. ს-ს განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა მიენიჭა. 528 ირანის ჯარმა დას. საქართველოში დაიკავა ციხექალაქი შორაპანი და სკანდის ციხე. ეგრისის მეფეს ბიზანტიის დამხმარე ჯარი მოუვიდა, ირანელები დამარცხდნენ და 532 დაიდო "საუკუნო ზავი", რ-ითაც უნდა აღდგენილიყო ომამდელი ვითარება. იმპ. იუსტინიანე I-მა გააძლიერა თავისი ხელისუფლება ეგრისში (დააარსა ციხე-ქალაქი პეტრა , დააწესა სავაჭრო მონოპოლია და ეგრისის ციხექალაქებში თავისი ჯარი ჩააყენა). ამან გამოიწვია 541 აჯანყება მეფე გუბაზ II-ის მეთაურობით (იხ. ეგრისის აჯანყებები 541, 548, 697 ). 542 ირანის ჯარი შევიდა ეგრისში და დაიწყო 20-წლიანი ომი ბიზანტიასა და ირანს შორის (იხ. ეგრისის დიდი ომი 542–562 ). 562 დაიდო 50-წლიანი ზავი. ირანმა დათმო ეგრისი, რ-იც ბიზანტიის ვასალურ სამეფოდ დარჩა. VII ს. 20-იან წლებში ეგრისელები აბაზგებთან ერთად მონაწილეობდნენ იმპ. ჰერაკლეს ლაშქრობებში ირანის წინააღმდეგ. VII ს. ბოლოს ე. ს. ბიზანტიის პროვინციად იქცა, მისი მმართველი "ლაზიკის მეფედ" კი არა, "პატრიკიოსის" ტიტულით იხსენიებოდა. ეგრისის სამეფოს გამოეყო აბაზგია და უშუალოდ ბიზანტიას დაემორჩილა. 697 ეგრისის მმართველმა პატრიკიოსმა სერგიმ ბიზანტიისაგან გათავისუფლება არაბების დახმარებით სცადა, თუმცა უშედეგოდ. 736–738 ეგრისში შეიჭრა არაბთა სარდალი მურვან ყრუ, ააოხრა ქვეყანა, დაარბია დედაქალაქი ციხეგოჯი, ცხუმი (ახლანდ. სოხუმი) და ანაკოფიას მიადგა, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. მურვან ყრუს შემოსევამ დიდად შეაფერხა ქვეყნის განვითარება. VIII ს. ბოლოს ეგრისის უკანასკნელი მთავრების – იოანესა და ჯუანშერის ხელისუფლება მთლიანად შეირყა და დას. საქართვ. გაერთიანების ინიციატივა აფხაზთა სამთავროს ხელში გადავიდა. ე. ს-ში განვითარებული იყო მემინდვრეობა, მევენახეობა და მეცხოველეობა; ამუშავებდნენ სელს, ცვილს, გემთსაშენებელ ხე-ტყეს. ეგრისს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებთან, ბიზანტიის მცირეაზიულ და სხვა პროვინციებთან, პონტოსპირა ქალაქებთან, სომხეთთან და მისი მეშვეობით ირანსა და შუა აზიასთან; შემოდიოდა დიდძალი იმპორტ. საქონელი (ძვირფასი კერამიკა, მინის ნაწარმი, ფუფუნების საგნები და სამკაულები), მიმოქცევაში იყო ბიზანტ. და აღმოსავლური მონეტები. III ს-იდან დაიწყო საქალაქო ცხოვრების აღმავლობა, მსხვილ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებად იქცა ზღვისპირა ქალაქები (ფასისი, სებასტოპოლისი, ბიჭვინთა), წარმოიქმნა ახ. ქალაქები (შორაპანი, ვარდციხე, მოხირისი და სხვ.), აღორძინდა ძვ. ქალაქები, ვრცელი და ძლიერი იყო სამეფოს დედაქალაქი ციხეგოჯი (არქეოპოლისი). ე. ს-ს კულტურამ, ერთი მხრით, გააგრძელა მდიდარი ადგილ. ტრადიციები, რ-ებიც ძვ. კოლხური სამყაროდან მომდინარეობდა, მეორე მხრით, შეითვისა ელინისტურ- რომაული კულტ. ელემენტები. უცხო კულტ. გავლენა ეტყობა ამ ხანის დას. საქართველოს სააღმშენებლო საქმეს, სახვით ხელოვნებას, მაღალი წრეების ყოფას, ჩაცმა-მორთულობას, მაგრამ ეს გავლენა ზედაპირული იყო. მას არ განუსაზღვრავს დას. საქართველოს მოსახლეობის კულტურის განვითარება. ე. ს-ს კულტ. ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო კოლხეთის უმაღლესი რიტორიკული სკოლა (III–IV სს.).

წყარო: ა გ ა თ ი ა ს ქ ო ლ ა ს ტ ი კ ო ს ი, წგ.: გეორგიკა, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936; პ რ ი ს კ ე პ ა ნ ი ო ნ ე ლ ი, გუთების ისტორია, იქვე, ტ. 1, თბ., 1961; პ რ ო კ ო პ ი კ ე ს ა რ ი ე ლ ი, იქვე, ტ. 2, თბ., 1965; ფ ლ ა ვ ი უ ს ა რ ი ა ნ ე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, ნ. კეჭაღმაძის გამოც., თბ., 1961.

ლიტ .: ლ ო მ ო უ რ ი ნ., ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1); ჯ ა ნ ა შ ი ა ს., ფეოდალური რევოლუცია საქართველოში, შრომები, ტ. 1, თბ., 1949; მ ი ს ი ვ ე, ეგრისის სამეფოს წარმოშობა, შრომები, ტ. 2, თბ., 1952. ნ. ლომოური.