ედემი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ძვ. ებრ. ედენ, წარმოდგება შუმერულიდან; ნიშნავს ველს), მითიური ადგილი, სადაც ძველი აღთქმის თანახმად (დაბ. 3,8) ღმერთმა გააშენა ბაღი ("სამოთხე") და დაასახლა ადამი. აკრძალული ნაყოფის ჭამის მიზეზით კაცთა მოდგმის წინაპარმა დაკარგა ე. და უკვდავება. ამდენად, ე. მიჩნეულია კაცობრიობის დაკარგული სამშობლოს ხატად. ე-ში იღებდა სათავეს ოთხი მდინარე, მათ შორის ტიგროსი და ევფრატი. რეალურად ე-ის, როგორც გეოგრ. პუნქტის, ლოკალიზაცია შეუძლებელია. ქართველ კლასიკოს მწერლებთან (შოთა, ილია, აკაკი და სხვ.) ე. ხშირად გამოიყენება მეტაფორის, ეპითეტის სახით; ზოგჯერ კი – საქართველოს სინონიმადაც ("სად დაუკარგავს მშვენიერ ხალხს იმ თვით ედემში თვისი ედემი?", ილია; "ჩემი ედემი სხვის კარზე როგორ ავაგო, ვაშენო?", აკაკი).

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ედემი&oldid=2912-დან“