ედესის ქართული კოლონია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთ-ერთი უძველესი კულტურული კერა საზღვარგარეთ. ქ. ედესა [იგივე ა ნ ტ ი ო ქ ი ა (არ უნდა გავაიგივოთ ძვ. სირიის ანტიოქიასთან), ურჰა, ახლანდ. ქ. ურფა სამხრ.-აღმ. თურქეთში] ჩრდ. შუამდინარეთის მნიშვნელოვან კულტ., რელიგ. (ქალაქსა და მის შემოგარენში 300-მდე ეკლესია- მონასტერი იყო), საგანმანათლებლო და სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. საქარავნო გზათა თავშესაყარზე მდებარეობის გამო, იგი შუამდინარეთისა და ახლო აღმოსავლეთის კულტ. ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ედესის ბაზრობა ვაჭრებს იზიდავდა აზიისა და ევროპის შორეული ქვეყნებიდან, მ. შ. იბერიიდან და ლაზიკიდან. ქ. ედესის მოსახლეობა II ს. შუაწლებში უკვე ძირითადად ქრისტიანული იყო. III ს-იდან არამეული ენის ედესის დიალექტზე იქმნებოდა კლასიკური ქრისტ. ლიტ-რა. ედესაში იყო ეფრემ ასურის მიერ დაარსებული, მთელ ჩრდ. შუამდინარეთში ცნობილი საღვთისმეტყველო სკოლა, სადაც მოსწავლეები ცოდნას ეუფლებოდნენ როგორც სას., ისე საერო დისციპლინებში. ედესაში სასწავლებლად ჩადიოდნენ მეზობელი ოლქებიდან და ქვეყნებიდან, ალბათ, ქართლიდან და ეგრისიდანაც. ედესაში ქართ. კულტ. კერა, სავარაუდოდ, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწ. რელიგიად გამოცხადების შემდეგ შეიქმნა. მცხეთასთან ერთად სწორედ ედესა იყო ის ადგილი, სადაც წმინდა წიგნები ქართულად ითარგმნებოდა [ამაზე უნდა მიგვითითებდეს იერემია ურჰაელის (მას IV ს. მოღვაწე იერემია იბერიელთან აიგივებენ) მიერ „დიდაქეს" ქართულად თარგმნა]. ედესაში მძლავრი ქართული კულტ. კერის არსებობით იყო განპირობებული ის, რომ ვახტანგ გორგასლის დედამ – დედოფალმა საგდუხტმა და ვახტანგის დამ – ხვარანძემ ამ ქალაქში 8 წელიწადი (460–468) გაატარეს. ე. ქ. კ-ის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ დაახლ. 534 ქართლში მოსული ასურელი მამები . ე. ქ. კ-სთან პეტრე იბერის კავშირზე მიუთითებს კოპტურ წყაროებში მისი „ურჰაელად" მოხსენიება. ედესიდან მამა ანტონის (იხ. ანტონ მარტყოფელი ) წამოსვლის შემდეგაც ე. ქ. კ., რ-შიც, საქართველოდან ჩასულთა გარდა, ჩრდ. შუამდინარეთისა და პონტო-კაპადოკიის ქართველური მოსახლეობის წარმომადგენლებიც ცხოვრობდნენ, არსებობას განაგრძობდა. მაგრამ, როდესაც VII ს-ში ჩრდ. შუამდინარეთში არაბები გაბატონდნენ, აღმ.-ქრისტ. კულტურისა და განათლების ცენტრში – ქ. ედესაში ქართ. კულტურის კერამ არსებობა შეწყვიტა. ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე ვ., ქართული კოლონია IV–V სს. ქ. ედესაში. მისი მასაზრდოებელი ქართველური სამყარო, «მნათობი», 2000, #5–6; მ ი ს ი ვ ე, ადრექრისტიანული ქართული კულტურის ფესვები, კრ: ქრისტიანობა საქართველოში, თბ., 2000; მ ი ს ი ვ ე, ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო, თბ., 2002; კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; П у л е в с к а я Н., Культура сирийцев в средние века, 1889. ვ. გოილაძე.