ევაგრე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

VI ს. II ნახევრის ქართველი საეკლ. მოღვაწე, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, ერისკაცობაში – ქართლის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი. ბერად აღიკვეცა შიო მღვიმელის ზეგავლენით და მისგანვე მიიღო წინამძღვრობა. ე-მ მონასტერს საკუთარი სახსრებით უყიდა მამულები (სოფ. სხალტბა მიმდებარე გოროვანითურთ). ე. შიო მღვიმელთან ერთად გამოსახულია ამავე მონასტრის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის (VI ს. II ნახ.) ქვის კანკელის რელიეფებზე (XI ს.), მოხსენიებულია ღვთისმშობლის ეკლესიის (XII ს.) გვიანდ. წარწერაში. შემონახულია შიო მღვიმელისა და ე-ს ცხოვრების ამსახველი თხზულების ორი რედაქცია. პირველი, უფრო ძველი და მოკლე, ეკუთვნის კათოლიკოს არსენ II-ს (Xს.), მეორე (XI– XII სს-ში შედგენილი) აქედან გადაკაზმული მეტაფრასია. ცნობები ე-ს შესახებ დაცულია აგრეთვე ბასილი კათოლიკოსის მიერ შიო მღვიმელის "სასწაულთა" შესახებ შედგენილ ნაშრომში (XII ს.) და გიორგი III-ის 1170 წ. სიგელში. საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად და მოიხსენიება ღირს ევაგრედ. მისი ხსენების დღეა 4 (17). II.

წყარო : ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; გიორგი III-ის 1170 წლის სიგელი, წგ.: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. 1, ნ. შოშიაშვილის რედ., თბ., 1984.

ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., შიომღვიმე, თბ., 1953. ბ. ლომინაძე.


ევაგრე

აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი (1488–92). შემორჩენილია მისი კათოლიკოსობის დამადასტურებელი ორი საბუთი. ერთია კონსტანტინე II-ის 1488- ით დათარიღებული შეუვალობის სიმტკიცის წიგნი, რ-ითაც მეფე ათარხნებს "საცა… მცხეთისა… მამულნი არიან"; მეორეა კუმურდოს ეპისკოპოსის გერასიმეს ფიცის წიგნი, რ-ის მიხედვითაც მზეჭაბუკი მას მცხეთაში გზავნის კურთხევის მისაღებად: "მას ჟამსა, ოდეს პატრონმა მზეჭაბუკ შემიწყალა და კუმურდოსა საყდარი და Hელი მიბოძა და თქუენს წინაშე საკურთხევლად გამოგუზავნნა...". ამ დროს სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II იყო, თუმცა მზეჭაბუკს, სავარაუდოდ, მამის მმართველობის დროსაც ჰქონდა ეპისკოპოსის წარდგენის უფლება. ე-ს კათოლიკოსობა ემთხვევა პერიოდს, როდესაც კონსტანტინე II ცდილობდა ქართული სახელმწიფოს გაერთიანებას. ამისათვის მეფემ 1490 დარბაზი მოიწვია: "შემოიკრიბნა კათალიკოზი, ეპისკოპოზნი, და წარჩინებულნი თUსნი და განიზრახვიდა, თუ რაQ ჰყონ განდგომილებისათUს ქუეყანათა და ვითარ მოაგონ კუალად მეფობისავე თUსსა" (იხ. თბილისის დარბაზობა 1490 ). სათათბიროდ მოწვეული კათოლიკოსი, მოღვაწეობის დროის მიხედვით, სწორედ ე. უნდა იყოს.

წყარო : ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჟ ო რ დ ა ნ ი ა თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ლიტ .: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV–XVI სს.), ქ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000. მ. ზალდასტანიშვილი.