ევაგრიოს პონტოელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

( Euagrios Ponticus) (დაახლ. 345–400), ბიზანტიელი მწერალი, ღვთისმეტყველი. ბასილი დიდმა (კესარიელმა) მედავითნედ აკურთხა, გრიგოლ ნაზიანზელმა (სხვა ცნობით – გრიგოლ ნოსელმა ) – დიაკვნად. 381 მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში, სადაც ორატორობით გაითქვა სახელი. შემდეგ გადავიდა ეგვიპტეში. მის სახელთანაა დაკავშირებული ნიტრიის უდაბნოში სამონასტრო ცხოვრების გაცხოველება. ე. პ-ის შესახებ ცნობებს გვაწვდიან პალადიოს ჰელენოპოლელი, სოზომენე და V–XIV სს. ბიზანტ. საეკლ. ისტორიკოსები. მისი შრომები V ს. II ნახ-ში ლათინურად თარგმნა ორიგენეს მიმდევარმა, საეკლესიო ისტორიკოსმა რუფინუსმა. კონსტანტინოპოლის V საეკლ. კრებაზე (553) მწვალებლობისადმი მიდრეკილება დასწამეს და ეკლესიიდან განკვეთეს. ამის მიუხედავად, ეკლესიამ შეიწყნარა ე. პ-ის ნაშრომები, სადაც მართებული თეოლ. აზრებია გადმოცემული. ე. პ-ს ეკუთვნის მრავალი პოლემიკური თუ ასკეტური ხასიათის თზულება, რ-ებიც ფართოდ გავრცელდა ქრისტ. სამყაროში. არსებობს მისი ნაშრომების თარგმანები ლათინურ, სირიულ, კოპტურ ენებზე. ქართ. ენაზე შემოგვრჩა ე. პ-ის რამდენიმე ტრაქტატი, რ-თა მთარგმნელად კ. კეკელიძე ექვთიმე ათონელს (მთაწმიდელს) მიიჩნევდა. ზოგიერთი ბიზანტ. ავტორის (პალადიოს ჰელენოპოლელი, სოზომენე, ნიკიფორე ქსანთოპულოსი, ნიკიფორე კალისტე) ცნობებზე დაყრდნობით ქართ. სამეცნ. ლიტერატურაში გამოითქვა აზრი (კ. კეკელიძე, ს. ყაუხჩიშვილი) ე. პ-ის ქართ. წარმომავლობის შესახებ. არსებობს სხვა შეხედულებაც, რ-ის თანახმად ის იყო პონტოს ქალაქ იბორადან, რაც მის ქართველობას (იბერიელობა) ეჭვქვეშ აყენებს.

წყარო : გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 7, თბ., 1967.

ლიტ .: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., მეოთხე საუკუნის საზღვარგარეთელი ქართველი მოაზროვნე და მოღვაწე, მის წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 6, თბ., 1960; მ ა ხ ა რ ა შ ვ ი ლ ი ს., ევაგრე პონტოელის ცხოვრება-მოღვაწეობა და მის თხზულებათა ქართული თარგმანი, კრ.: ძველი ქართული მწერლობის მატიანე, I, თბ., 1984.