ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროტესტანტული ეკლესია, რ-იც ემსახურება ბაპტიზმის მიმდევრებს. ბაპტიზმი წარმოიშვა XVII ს. დამდეგს ინგლისსა და ჰოლანდიაში (კონკრეტულად ამსტერდამში). XX ს. დამდეგს ლონდონში შეიქმნა ბაპტისტების მსოფლიო ალიანსი, ხოლო 1950 – ბაპტისტების მსოფლიო კავშირი. 2010 ბაპტისტების რაოდენობა მსოფლიოში 75 მილიონს აღემატებოდა. მათი ეკლესიები დამკვიდრებულია მრავალ ქვეყანაში. სახელწოდების ძირი (ბაპტიძო) ბერძნულია და ნიშნავს წყლით ნათლობას, კონკრეტულად წყალში ჩაყვინთვით ნათლობას. ბაპტისტები ეთანხმებიან ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსს, ანუ პატრისტიკის ძირითად დებულებებს (აღიარებენ ყოვლადწმინდა სამებას, იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას, ქალწულისაგან შობას), უარყოფენ ახალშობილისა და ბავშვის მონათვლის პრაქტიკას და აღიარებენ ზრდასრული ადამიანის ნათლობას მისი ცნობიერი გადაწყვეტილების საფუძველზე, იზიარებენ საყოველთაო მღვდლობის პრინციპებს, რის მიხედვითაც სამღვდელო პირი არ ფლობს რაიმე საკრალურ ძალაუფლებას. ბაპტიზმი რწმენის ერთადერთ წყაროდ იესო ქრისტეს სახარებისეულ მოძღვრებას აცხადებს. ბაპტისტური ეკლესია არ არის მკაცრად ცენტრალიზებული, ადგილობრივი ეკლესიები სარგებლობენ თვითმმართველობის უფლებით, ასევე ლიტურგიაც შემოქმედებითი ხასიათისაა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვანაირია. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ბაპტისტური ეკლესია შეიქმნა 1867 წ. 20 აგვისტოს და უკავშირდება რუსეთიდან მოლოკნების გადმოსახლებას. მოგვიანებით ბაპტისტთა ოსური და სომხ. თემებიც ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ბაპტიზმის მიმდევარ ქართველთა რაოდენობა იმდენად მცირე იყო, რომ ქადაგება მხოლოდ რუს. ენაზე მიმდინარეობდა. შემდგომში ვითარება შეიცვალა და 1919 ქართულენოვანი ეკლესიაც დაარსდა. 1944 თბილისის ბაპტისტთა თემს "სახარებისეული ქრისტიანები" შეუერთდნენ და დღეს იწოდება როგორც საქართვ. ე.-ბ. ე. (სებე). სებე ორგანიზაციულად დემოკრ. პრინციპზეა აგებული. მისი უმაღლესი მმართველობითი ორგანოა საეკლ. კრება, რ-იც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ირჩევს მთავარეპისკოპოსს, აგრეთვე ეპისკოპოს- პრეზიდენტს, რ-იც სინოდის თავმჯდომარეცაა. სინოდი წარმართავს ეკლესიის ცხოვრებას. რეგიონული პრინციპის მიხედვით სებე ოთხ რეგიონადაა დაყოფილი (თბილისი, კახეთი, ქართლი, დას. საქართველო). თითოეულ რეგიონს ეპისკოპოსი მეთაურობს. სებეს ცენტრს თბილისში ეწოდება ბეთელი, რ-ის შექმნა ჩაჩან ლტოლვილებთან არის დაკავშირებული. მან დიდი დახმარება გაუწია ლტოლვილებს სამედ. მომსახურებით, ტანსაცმლით და სხვ. საერთოდ სებე აქტ. საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სოც. პროგრამების განხორციელებას, ეხმარება მზრუნველობამოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, მიუსაფარ მოხუცებს და სხვ. სებეს ეგიდით მოქმედებს წმ. ნინოს ორდენი, რ-ის მსახური დები რამდენიმე ასეულ უმწეო ადამიანს უვლიან. სებეს წევრთა რიცხვი 5000 (2008) აღემატება. ისინი ცხოვრობენ საქართვ. ყველა რეგიონში.

ლიტ .: რელიგიები საქართველოში, თბ., 2008.