ევგენიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დ. ევგენიძე.

დათო (დავით) ნუგზარის ძე (დ. 2. XII. 1958, თბილისი), კომპოზიტორი, პიანისტი. დაამთავრა მოსკოვის პ. ჩაიკოვსკის სახ. კონსერვატორია (1982). მუშაობდა ესპანეთში, საფრანგეთსა და აშშ-ში. ე. ავტორია საფორტეპიანო, კამერულინსტრუმენტული და კამერულვოკალური ნაწარმოებებისა. მოსკოვის საერთაშ. კონკურსზე "იმპროვიზაცია მოცემულ თემაზე" (1979) და ბალეტის მე-5 საერთაშ. კონკურსზე საბალეტო დივერტისმენტისათვის "როდენის მოაზროვნე" (1982) მიიღო პირველი პრემიები, სსრკ ახალგაზრდა კომპოზიტორების კონკურსზე კი ვოკალურ-ინსტრუმენტული ციკლისათვის "ვარდი სილაში" – "გრან-პრი" (1983). მისი საბალეტო დივერტისმენტები დაიდგა ნიუიორკსა (1983) და მოსკოვში (1986). ჩატარებული აქვს საავტორო კონცერტები ესპანეთში (1988), საფრანგეთსა (1988; 1998) და თბილისში (1998; წლის საუკეთესო მუსიკოსი). 1994 კანარის კუნძულებზე (ესპანეთი) საფუძველი ჩაუყარა ფესტივალს "დექსი-ტენერიფე". ე. ავტორია 3 დრამ. სპექტაკლის და 42 ფილმის მუსიკისა, მ. შ. შექმნა საუკეთესო მუსიკა ფილმებისათვის: "ბალეტმაისტერი" (პირველი პრემია, 1995; თბილ. საერთაშ. ფესტივალი "მანა"), "როცა ოთარი წავიდა" (პრემია "ცეზარი"; 2004); "მე-9 ასეული" (პრემიები: "ოქროს ვერძი", 2005; "ოქროს არწივი", 2005 და "ნიკა", 2006). პარიზში გამოუშვა ალბომები "პიანო ინტერვიუ" (1999) და "ჰოროსკოპი" (2002). ჯ. ბალანჩინის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა მუსიკა ბალეტისათვის "საფირონები" (2004). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).





ევგენიძე

იუზა თედორეს ძე (დ. 24. II. 1943, სოფ. ახალსოფელი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ლიტერატურათმცოდნე. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1997). 1965 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკტი, 1969-იდან მოღვაწეობს თსუ-ში. 2009-იდან თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი, მ. შ. მონოგრაფიები: "ვაჟა-ფშაველას შემოქმედებითი ისტორიისათვის" (1977), "ვაჟა-ფშაველა" (ცხოვრებისა და შემოქმედებითი ისტორიის საკითხები, 1982), "ქართული რომანტიზმის საკითხები" (1982), "გრიგოლ ორბელიანი" (1995), "ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან" ორ ტომად (I ტ. 2000, II ტ. 2003). ე-ის თანაავტორობითა და მონაწილეობით გამოცემულია არაერთი წიგნი და კრებული, მ. შ. "ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის" (ტ. II, 2003) სახელმძღვანელო. 1996 გერმანიაში, ჟურნ. "გეორგიკაში" დაიბეჭდა ე-ის ნარკვევი "ვაჟა-ფშაველას მრწამსის საკითხი გრიგოლ რობაქიძის ნააზრევში", ხოლო ვატიკანში გერმანულ ენაზე გამოქვეყნდა ნაშრომები "ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების თემატიკა" (2006) და "ვაჟა-ფშაველას პოეზიის რაინდული სული" (2008). 1993–2006 ე. თსუ-ში იყო აკაკი წერეთლის კაბინეტის გამგე. 1999- იდან არის ჰუმანიტარულ მეცნ. აკად. წევრი. დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახ. მედლით (2003).