ევდოშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ი. ევდოშვილი.

(ნამდვ. გვარი – ხ ო ს ი ტ ა შ ვ ილი) იროდიონ ისაკის ძე [7 (19). V. 1873, სოფ. ბოდბისხევი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 2 (15). V. 1916, თბილისი], მწერალი. თელავის სას. სასწავლებლის დამთავრების (1890) შემდეგ სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც 1893 გარიცხეს. 1896-იდან იყო "მესამე დასის" წევრი. მონაწილეობდა 1905–07 რევოლუციაში. 1909 დააპატიმრეს, 1910 გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში, შემდეგ – ჩორნიიარში. 1912 მძიმედ დაავადებული დაბრუნდა თბილისში. ე-ის პირველი ლექსი "გუბე" 1893 დაიბეჭდა "კვალში". 1895–96 თანამშრომლობდა ი. ჭავჭავაძის გაზ. "ივერიასთან", რ-შიც გამოაქვეყნა პოემა "უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯილისა", მოთხრობები: "მიხა დალაქი", "სასუნელი ენოქი" და სხვ. ე. თავის ლექსებში ["ქარიშხალი", "ჩვენება", "მეგობრებს" (1895), "სიმღერა" (1900), "ჩემს მტერს" (1906) და მრავალი სხვ.] გამოხატავს გულისტკივილს სოც. უთანასწორობის გამო. ე-მა თარგმნა მუშათა საერთაშ. სიმღერები "ვარშავიანკა" და "მარსელიეზა". აქვეყნებდა პუბლიც.-სატირულ ფელეტონებსაც. პოემაში "მუზა და მუშა" (1905) ე-მა ხელოვნებას ხალხის სამსახური დაუსახა მიზნად. მშრომელთა ინტერესებისათვის ბრძოლა განსაზღვრავდა მისი პროზაული ნაწარმოებების ("შადრევანი", 1898; "დანგრეული კერპი", "ციხეში", "გველების ყორე", სამივე 1905 და სხვ.) ხასიათს. ე-ის პოეზიაში ("ღამე", "სიმღერა", "მსაჯულს", სამივე 1906; "ბრძოლის სიმღერა", 1907; "გასწი, იარე ეკლიანის გზით!", 1908 და სხვ.) იგრძნობა მომავლის რწმენა, თუმცა ზოგიერთ ლექსში ("ისევ გოლგოთა", "მოღლილს", ორივე 1908; "გოლგოთაზე", 1909; "გატეხილი ჩანგი", 1915 და სხვ.) სევდიანი განწყობილებაც შეინიშნება. ე-მა დიდი ამაგი დასდო ქართ. საყმაწვილო ლიტ-რას, მისი მოთხრობები ("ორი ობოლი", 1893; "კაკანათი", 1907; "უბედური ქორბუდა", 1911; "პირველი ყვავილი", 1914 და სხვ.) მოზარდ თაობას სამშობლოს სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას უნერგავდა. ე. კრიტ. რეალიზმის წარმომადგენელია. იგი ცხოვრების კრიტ. ასახვასთან ერთად მისი გარდაქმნის გზებსაც ეძებდა. შექმნა რევ.-დემოკრ. მწერლობის სკოლა და დიდი გავლენაც მოახდინა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდა მწერლებზე. ი. ჭავჭავაძის მკვლელობამ ე-ს რწმენა შეურყია ქართვ. სოც.-დემოკრ. პარტიის მიმართ. იგი თავის ერთ-ერთ პირად წერილში (1911) წერს: "როდესაც ილიას მოხუც ნაჭირნახულევ გულს ტყვია დაახალეს, ეს ტყვია მეც მომხვდა... და აქ გაწყდა ჩემსა და მათ შორის შემაერთებელი ძაფი".

თხზ. : თხზულებანი, ტ. 1–3, თბ., 1935–37; რჩეული, თბ., 1974.

ლიტ .: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი შ., დიადი განთიადის მომღერალი იროდიონ ევდოშვილი, თბ., 1974; ჭ ი ლ ა ი ა ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972. შ. გოზალიშვილი.