ევკლიდე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(Eukleidēs), ძველი ბერძენი

მათემატიკოსი. მის შესახებ მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. სარწმუნოა მხოლოდ ის, რომ იგი მოღვაწეობდა ალექსანდრიაში ძვ. წ. III ს-ში. იყო ალექსანდრიის სკოლის პირველი მათემატიკოსი. ე-ის მთავარი თხზულება "საწყისები" (13 წიგნი) შეიცავს პლანიმეტრიის, სტერეომეტრიისა და რიცხვთა თეორიის მრავალ საკითხს. ამ თხზულებაში მან შეაჯამა ძვ. ბერძნ. მათ. განვითარების ადრინდ. პერიოდში მიღებული შედეგები და საფუძველი ჩაუყარა მათ შემდგომ განვითარებას. ე-ს "საწყისები" 2000 წელზე უფრო მეტი ხნის განმავლობაში ითვლებოდა დედუქციური სისტემისა და მათ. სიზუსტის ნიმუშად მხოლოდ XIX ს. დასასრულს დ.ჰილბერტის შრომების შედეგად გამოვლინდა მისი თხზულების ლოგიკური ნაკლოვანებები. უფრო ადრე, XIX ს. პირველ ნახევარში, ნ. ლობაჩევსკის, ი. ბოლიაის, კ. გაუსის, გ. რიმანის, ა. კელის, ე. ბელტრამის და სხვ. შრომებით დადგინდა, რომ ე-ს აქსიომათა სისტემა არ არის ერთადერთი და შესაძლებელია ლოგიკურად თანმიმდევრული, არაწინააღმდეგობრივი გეომეტრიების სისტემების აგება აქსიომათა განსხვავებულ სისტემაზე. ამან ბიძგი მისცა არაევკლიდური, რიმანული გეომეტრიების განვითარებას. ე-ს სხვა მათ. ნაშრომთაგან აღსანიშნავია 4 წიგნი: "კონუსური კვეთები" [მასალა შევიდა ძვ. ბერძენი მათემატიკოსის აპოლონიოს პერგელის (ძვ. წ. III ს.) ამავე სახელწოდების თხზულებაში], "ფიგურათა დაყოფის შესახებ" (შემონახულია არაბ. თარგმანი), "პორიზმები" (ამ ნაშრომზე წარმოდგენას იძლევა პაპ ალექსანდრეს "მათემატიკური კრებული") და პედ. ხასიათის ნაშრომი "Pseudaria"" – "მცდარი დასკვნების შესახებ" (მათემატიკაში). ე-ს აქვს შრომები აგრეთვე ასტრონომიაში ("Phaenomena" – "მოვლენები"), მუსიკასა ("Sectio canonis") და ოპტიკაში ("Optika" – შეიცავს მოძღვრებას პერსპექტივის შესახებ; "Catoptrica" – გადმოცემულია დამახინჯებათა თეორია სარკეებში). ე-ს თხზულებები თავმოყრილია გამოცემაში Euclidis opera omnia", eds. L. Heibert et H. Menge, v. 1–9, 1883–1916, რ-შიც მოცემულია ბერძნ. დედნები, გვიანდ. ავტორების ლათ. თარგმანები და კომენტარები.

თხზ .: "ევკლიდეს საწყისები"-ს ქართ. თარგმანი ბერძნულიდან შეასრულა დ. ცხაკაიამ (რედ. გ. ჭოღოშვილი, თბ., 1990).