ევლახიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ს. ი. ე ვ ლ ა ხ ი შ ვ ი ლ ი. ესკამილიო, ჟ. ბიზეს "კარმენი".

სერგო ივანეს ძე (1872, თბილისი, – 1946, იქვე), მომღერალი (ბარიტონი), საქართვ. დამს. არტისტი (1925). მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ოსტატობის დასახვეწად გაემგზავრა იტალიაში (მილანში, მეცადინეობდა პროფ. ვიდალთან). 1897-იდან "ბრუნეტის" ფსევდონიმით შემოიარა იტალიის ქალაქები, მღეროდა ოპერებში: "ფაუსტი", "ტრუბადური", "ერნანი" და სხვ. 1899-იდან გამოდიოდა რუსეთში, შემოიარა რუსეთის ქალაქები, ციმბირი, ეწვია აზერბაიჯანსაც (ბაქო). მღეროდა კერძო თეატრებში, სახალხო სახლებში. 1900-იდან 6 სეზონი იმღერა თბილისში. თავისი რბილი, ხავერდოვანი ბარიტონით, შესრულების დახვეწილი მანერით ღირსეული პარტნიორობა გაუწია 1912 თბილისში იტალიიდან საგასტროლოდ ჩამოსულ სახელგანთქმულ მომღერალ ე.თარხნიშვილს ოპერა "ფაუსტში". 1913 ხელმძღვანელობდა კავკასიის მოგზაურ საოპერო დასს. 1914–28 თბილ. სახელმწ. ოპერის დირექტორი და საოპერო დასის ხელმძღვანელი იყო (ამ პერიოდში დაიდგა პირველი ქართ. ორიგინალური ოპერები: რ. გოგნიაშვილის "ქრისტინე", ზ. ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", დ. არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველზე", ვ. დოლიძის "ქეთო და კოტე").

ლიტ .: ც ა მ ც ი შ ვ ი ლ ი ა., უცხოეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანნი, თბ., 1962.






ევლახიშვილი

სერგო სერგოს ძე (6. XI. 1924, თბილისი, – 2004, მოსკოვი), რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967). დაამთავრა თბილ. კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობთა სასწავლებელი (1942), მოსკ. ვახტანგოვის სახ. თეატრთან არსებული ბ. შჩუკინის სახ. თეატრ. სასწავლებელი (1950) და ლენინგრადის (ახლანდ. სანქტპეტერბურგი) თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწ. ინ-ტი (1955). 1954-იდან იყო მოსკ. ვ. კომისარჟევსკაიას სახ. თეატრის რეჟისორი და მსახიობი. გადაღებულია ფილმებში: „უჩინარი იანი" (სტუდენტი, 1942), "შიპკის გმირები" (ვარშინი, 1954) და სხვ. 1960-იდან მუშაობდა საქართვ. ტელევიზიის მთ. რეჟისორად. გადაიღო ქართ. სატელევიზიო ფილმები: "გამზრდელი" (1961), "ექიმი მიდის ფეხბურთზე" (1962), "ანკესი და სეინერი" (1962), "მე თვითონ" (1966), "მიხაი ზიჩი" (1967, უნგრელ. რეჟ. ი. მატესთან ერთად) და სხვ. 1968-იდან საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში. წლების განმავლობაში იყო ცენტრ. ტელევიზიის ფერად გადაცემათა სტუდიის მთ. რეჟისორი. დადგა ტელესპექტაკლები, გადაიღო ფილმ-სპექტაკლები და ფილმები, მ. შ. "ჰამლეტი" (1970, ფილმსპექტაკლი), „პოეტის დაბადების დღე" (1973), "ოდესღაც კალიფორნიაში", "მარტინ იდენი" (ორივე 1976), "გრძელი დღეების თვე" (1978), "რისხვა" (1979), "ტროპინინები" (1984), „რევოლუციისათვის მოწოდებული" (1986), „პორტრეტი" (1987) და სხვ. 1987–2004 იყო მოსკოვის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინ-ტის საეკრანო ხელოვნების კათედრის პროფესორი. ა.გვენცაძე.