ევრიპიდე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Euripidēs) (ძვ. წ. 485 ან 480, ათენი, – ძვ. წ. 406, მაკედონია), ძველი ბერძენი დრამატურგი. ავტორია დაახლ. 90-მდე დრამისა, რ-თაგან ჩვენამდე მოაღწია 17 ტრაგედიამ და ერთმა სატირულმა დრამამ. ე-ს ნაწარმოებთაგან საყურადღებოა ტრაგედია "მედეა" (431), რ-იც შემდგომში აიეტის ასულის, მედეას, სახის მხატვრული ინტერპრეტაციის საფუძველი გახდა. ტრაგედიაში აღწერილია კორინთში დატრიალებული დრამ. ამბები: კოლხ მედეას უღალატა მეუღლემ, იასონმა, რ-მაც დატოვა ოჯახი და ცოლად შეირთო ქალაქის გამგებლის, კრეონტის, ასული კრეუზა. მედეამ სასტიკად იძია შური: ჯერ შხამით გაჟღენთილი მოსასხამი და გვირგვინი უძღვნა თავის მეტოქეს, რამაც იმსხვერპლა კრეუზა და კრეონტი, შემდეგ კი საკუთარი შვილები დახოცა. ამით მან ელადასა და იასონთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ძაფი გაწყვიტა. ანტ. წყაროების მიხედვით, ევრიპიდემდელი მედეა არ კლავდა შვილებს. ეს სიუჟეტური სიახლე სწორედ ბერძენმა ტრაგიკოსმა შეიტანა და ამით შექმნა ქალის ჭეშმარიტად ტრაგიკული სახე. არისტოტელეს შეხედულებით, ე-მ შექმნა დრამათა შორის ყველაზე უფრო ტრაგიკული პიესა, რ-შიც გადმოცემულია უსასტიკესი ქმედება – დედის მიერ შვილების დახოცვა. ე-ს ნაწარმოები არ არის მხოლოდ უკიდურეს დანაშაულამდე მისული დედის ტრაგედია, ეს არის სამშობლოსა და ახლობლების მოღალატის, უცხო მხარეში მარტოობის განცდისა და დაკარგული სიყვარულის ტრაგედია; ეს არის ადამიანის დრამა, რ-იც მოხვდა საზ-ბაში, სადაც ტრად. ეთიკურ ღირებულებებს ფასი დაუკარგავს, სადაც შესაძლებელია ფიცის გატეხისა და ღალატის გამართლება. მედეას ტრაგედიაა ისიც, რომ მან გადაწყვიტა უჩვეულოდ სასტიკი შურისგებით წინ აღდგომოდა ამგვარი საზ-ბის უზნეობას. "მედეა" 1962 დაიდგა თბილ. კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში (რეჟ. ა. ჩხარტიშვილი; თარგმნა პ. ბერაძემ ; გამოქვეყნდა 1969).

ლიტ .: გ ო რ დ ე ზ ი ა ნ ი რ., არგონავტები, თბ., 1999; მ ი ს ი ვ ე, ბერძნული ლიტერატურა. ელინური ეპოქის ეპოსი, ლირიკა, დრამა, გამოც. მე-2, თბ., 2009; უ რ უ შ ა ძ ე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964; ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1950; წ ე რ ე თ ე ლ ი გ., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1935. რ. ბ. გორდეზიანი .