ევსევი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

[ერისკაცობაში – ალექსი ალექსანდრეს ძე ი ლ ი ნ ს კ ი (გ. 1879)], საქართველოს VII ეგზარქოსი 1858–77 წლებში, მანამდე კამენეც-პოდოლსკის არქიეპისკოპოსი იყო. უმაღლესი განათლება მიიღო კიევის სას. აკადემიაში, 1844 აკურთხეს ეპისკოპოსად. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ე-ს მონაწილეობით 1860 დაარსდა „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება“; საქართვ. მთიანეთში „საზოგადოების" სახელით შეიქმნა სას. სკოლები; მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში, დაარსდა სასწავლებელი სამღვდელო პირთა ქალიშვილებისათვის; თბილისის სას. სემინარიასთან შეიქმნა საკვირაო სკოლა. იმდროინდელი ოფიც. ვერსიით ეგზარქოსი, რ-იც „კარგა ხანს ემსახურა თავის სამწყსოს... დიდი სიყვარულით გააცილა საქართვ. სამწყსომ ტვერის ეპარქიაში გადაყვანის დროს“. სინამდვილეში რუს. ხელისუფლებისაგან დიდი უფლებებით აღჭურვილი ე. დევნიდა ყოველგვარ თავისუფალ აზროვნებას, ლანძღვაგინებით მოიხსენიებდა ქართვ. სამღვდელოებას და ქართვ. პედაგოგებს, ხშირად ფიზ. შეურაცხყოფასაც აყენებდა მათ, ზიზღით იყო განწყობილი ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძისადმი და ცდილობდა მის თავიდან მოშორებას. პირადი გამდიდრების მიზნით, ე-მ გაძარცვა საქართვ. ყოფილი საპატრიარქოს მიტრები, ძვირფასი ჯვრები და თავისი აგენტების მეშვეობით კოლექციონერებზე გაყიდა. ე-ს ხელშეწყობით 1869 ქუთაისის გენ.-გუბერნატორმა ლევაშოვმა გელათის მონასტრიდან გაიტანა მინანქრიანი, ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჩუქურთმიანი ხატი, მანვე საქართველოდან წაიღო XI ს. ოქროთი მოჭედილი დატიხრული მინანქრით დამშვენებული სახარება. ე-ს მითითებით გაიძარცვა თბილისის სიონის, მცხეთის, ალავერდის, ბოდბის, ჯუმათისა და სხვა მონასტრები. 1877 გადაიყვანეს ტვერისა და კაშინის არქიეპისკოპოსად.

ლიტ. : ბ უ ბ უ ლ ა შ ვ ი ლ ი ე., ცარიზმის საეკლესიო პოლიტიკა საქართველოში და მისი შედეგები (XIX ს. II ნახ.), «რელიგია», 2003, #4–5–6; მ ი ს ი ვ ე, XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწე ეგზარქოსები (ზოგადი დახასიათება), კრ.: საქართველოს ახალი ისტორიის საკითხები, VII, თბ., 2004; ფ ე რ ა ძ ე ი., საქართველოს ეგზარქოსები, «მოგზაური», 1901, #4. ე. ბუბულაშვილი.