ევსტათი ანტიოქიელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(Eustathios ho Antiochos) ( დაახლ. 280–360), საეკლესიო მოღვაწე და მწერალი. 324–330 ანტიოქიის ეპისკოპოსი. გამოდიოდა არიანელობის წინააღმდეგ. ეკუთვნის პოლემიკური თხზულებები "ორიგენეს წინააღმდეგ", "მელქისედეკის შესახებ", იოსებ ფლავიუსის ნაშრომის კომენტარები. ქართულად უთარგმნიათ მისი "ჰომილია ლაზარეს, მარიამისა და მართასათვის". იოსებ ფლავიუსის თხზულების კომენტარში აღნიშნავს, რომ ნოეს შთამომავალთა შორის იყო ობელი, რ-ის შემდგომი მოდგმა არიან თეობელები (სხვა წყაროებით, თობელები), დღევანდელი იბერები, აგრეთვე მოსოხი, რ-ისგანაც მოდიან მესხენები, იგივე კაპადოკიელები.

წყარო : გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ალ. გამყრელიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961. ნ. ლომოური.