ევსტათი მცხეთელი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიწიშვილი. ევსტათი მცხეთელი ( გ. დაახლ. 550), ქრისტიანობისათვის წამებული სპარსელი არშაკეთის პროვინციის ქ. განძაკიდან. გაქრისტიანებამდე ერქვა გვირობანდაკი. მამამისი მოგვი იყო და მასაც მოგვად ზრდიდა, მაგრამ ე. მ. ჯერ კიდევ სამშობლოში ყოფნისას დაეჭვდა მაზდეანური სარწმუნოების ჭეშმარიტებაში და ქრისტიანობის მხარეზე გადაიხარა. ამ გრძნობით შეპყრობილი 30 წლის ე. მ. სპარსეთის შაჰის ხოსრო ანუშირვანის (531–579) მეფობის მე-10 წელს ქართლში ჩამოვიდა და მცხეთაში დასახლდა. აქ მან შეისწავლა მეწაღეობა, დაუახლოვდა ადგილ. ქრისტიანებს და ცოლად შეირთო ქრისტიანი ქალი. ამის შემდეგ უფრო შეიყვარა ქრისტ.რჯული და მოინათლა კიდეც კათოლიკოს სამოელის ხელით, რ-მაც მას ევსტათი დაარქვა. ე. მ-მა მცხეთაში მცხოვრებ სპარსელ ხელოსნებს უარი უთხრა, მათთან ერთად მაზდეანთა მთავარ რელიგ. დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე. ამის გამო იგი დააბეზღეს მცხეთის სპარსელ ციხისთავ უსტამთან, რ-მაც ე. მ., სხვა შვიდ გაქრისტიანებულ სპარსელთან ერთად, მარზპან არვანდ გუშნასპს თბილისში გაუგზავნა დასასჯელად. ქართლის კათოლიკოსისა და მთავრების თხოვნით იმავე მარზპანმა 6 თვის შემდეგ სპარსეთში გამგზავრების წინ ე. მ. ციხიდან გაათავისუფლა. სამი წლის შემდეგ, როცა ქართლში ახ. მარზპანი – ვეჟან ბუზმირი მოვიდა, მცხეთელ სპარსელებს ევსტათი მასთანაც დაუსმენიათ. მარზპანი ცდილობდა ე. მ. მამაპაპეულ სარწმუნოებაზე დაებრუნებინა, მაგრამ ამაოდ. ე. მ. სიკვდილით დასაჯეს. მისი ცხოვრება აღწერილია VI ს. უცნობი ავტორის თხზულებაში "ევსტათი მცხეთელის მარტვილობა ". საქართვ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმ. მოწამე ე. მ. წმინდანად შერაცხა. ხსენების დღეა 29. VII (11. VIII).

წყარო : ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 1, თბ., 1963. ა. ბოგვერაძე.