ევსტათი მცხეთელის მარტვილობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

VI ს. შუა წლების ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ლიტერატურული ძეგლი, შეთხზული უცნობი ავტორის მიერ. ასახავს მცხეთაში მცხოვრები სპარსელი ხელოსნის, ევსტათი მცხეთელის , ამბავს. მან დაგმო მაზდეანობა და მიიღო ქრისტიანობა, რისთვისაც, მარზპანის ბრძანებით, სიკვდილით დასაჯეს. თხზულების ავტორი მოწამის თანამედროვეა, ამიტომ ძეგლში დაცული ცნობები სანდოა. ის, როგორც VI ს-იდან შემორჩენილი ერთადერთი ნარატიული ძეგლი, წარმოადგენს ძვირფას საისტ. წყაროს, რ-შიც ასახულია იმ პერიოდის ქართლის სოც.-ეკონ. და პოლიტ. ვითარება. ამ დროს აქ მეფობა გაუქმებულია, აღარ არსებობს ეროვნ. სახელმწიფო. ქვეყანას განაგებენ ირან. მოხელეები – მარზპანი (რომელიც თბილისში ზის) და მისადმი დაქვემდებარებული ციხისთავები (ცალკეული ციხე- ქალაქების გამგებლები). ამავე დროს, კვლავ ფუნქციონირებს ეროვნ. სამოხელეო სისტემაც: ქართლის პიტიახში (საყურადღებოა, რომ აქ მოხსენიებულია ქართლის პიტიახში არშუშა, რ-იც, სახელის მიხედვით, აშკარად V ს. ცნობილი არშუშა ქართლის პიტიახშის სახლის წარმომადგენელია), ქართლის მამასახლისი და სეფეწულები (ქართლის უმაღლესი არისტოკრატია). ავტორი განსწავლული მწერალი ჩანს, კარგად იცნობს მოწამეთა აქტებს და ანტიმაზდეანურ პოლემიკურ ლიტ-რას. ძეგლის უძველესი ხელნაწერი (კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინ-ტი, H-341) XI ს-ისაა. "ე. მ. მ." პირველად გამოსცა მ. საბინინმა ("საქართველოს სამოთხე", 1882), გერმანულად თარგმნა ი. ჯავახიშვილმა (1901).

ტექსტი : მარტUლობაQ და მოთმინებაQ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაQ, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.

ლიტ .: კ ე კ ე ლ ი ძ ე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 1 – ძველი ქართული საისტორიო მწერლობა (V–XVIII სს.), თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977. ნ. შოშიაშვილი.