ევქსინის პონტო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. Pontos Euxeinos, სიტყვასიტყვით – სტუმართმოყვარე ზღვა), შავი ზღვის უძველესი სახელწოდება. ძვ. წ. VI ს-მდე ეწოდებოდა აქსინოს პონტოს (არასტუმართმოყვარე ზღვა). სახელის გადარქმევა დაკავშირებული იყო შავიზღვისპირეთის მოსახლეობასთან ბერძნების ეკონ. და კულტ. ურთიერთობის გაცხოველებასა და ბერძნ. კოლონიების დაარსებასთან. ე. პ. იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა ზღვისპირეთის ხალხებს, ბერძნ. სამყაროსა და სამხრ.-აღმ. ევროპას შორის. ქარიშხლებისა და ხშირი მეკობრეობის გამო ძვ. წ. IV ს-მდე გზა გადიოდა სანაპიროს გასწვრივ. ანტ. ხანის ბერძენი და რომაელი მწერლები და გეოგრაფები ადგენდნენ ე. წ. პერიპლუსებს, სადაც დაწვრილებით აღწერდნენ ე. პ-ს გზების თავისებურებებს, ზღვისპირა ტერიტორიებსა და მოსახლეობას. ძვ. წ. I ს-ში ჩრდ. შავიზღვისპირეთში სკვითების მზარდი გავლენის გამო ე. პ-ს ხშირად უწოდებდნენ სკვითების ზღვას.