ეზო

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისური ეზო.

შემოზღუდული ადგილი, სადაც განლაგებულია საცხოვრებელი, სამეურნეო და სხვა დანიშნულების ნაგებობანი. ტერმინი "ე." სხვადასხვა მნიშვნელობით იხმარებოდა, მაგ., ოთხთავის მიხედვით ნიშნავს მოზღუდულ ადგილს, კარის ფარდას, პორტიკს. სვანეთში ე. (ჰაზუ) ეწოდება ყორესა და სახლს შორის მოქცეულ გასასვლელს, ხოლო ხევსურეთში – სენეს, ქარიპანს, საძროხესა და საცხენეს შორის მდებარე ადგილს. ქსნის ხეობის მთიანეთში ე-ს მეტწილად "გარეშემო" ეწოდებოდა. საქართვ. მთიან რ-ნებში (განსაკუთრებით აღმ-ში) მიწის სიმცირის გამო სოფლები მთის წვერზე ან ფერდობებზე მჭიდროდ იყო შეფენილი და მეკომურთა საცხოვრებელი და სამეურნ. ნაგებობანი ერთ მთლიან ვერტიკალურ კომპლექსს ქმნიდა. ასეთ სამოსახლოებში ე. უმნიშვნელო სამეურნ. ფუნქციას ასრულებდა. დას. საქართველოს ბარში ე. 2 ნაწილად იყოფოდა: "თეთრი" (ბალახ-ყვავილოვანი და ხეხილი) ე., სადაც იდგა საცხოვრებელი და სამზადი სახლი, ბეღელი, ხულა, სასიმინდე, მარანი..., და "შავი" ე. აქ განთავსებული იყო გომური, ბოსელი, საქათმე და სხვ. ქართლსა და კახეთში ე-ს უმეტესად ქვის გალავანი აქვს შემოვლებული, დას. საქართველოში კი ჭარბობს ცოცხალი (მცენარეული) ღობე. თანამედროვე სოფლის ყოფაცხოვრებასა და მეურნეობაში მომხდარი ცვლილებები სამოსახლოზეც აისახა. მნიშვნელოვნად შემცირდა სამეურნეო ნაგებობები გლეხის კარმიდამოში, სამაგიეროდ, გაიზარდა ე-ს დეკორ. ფუნქცია. განსხვავებულია ე. წ. "ქალაქური (თბილისური) ეზო", რ-ის არქიტექტურულ ფორმას განსაზღვრავს განაშენიანების სიმჭიდროვე და რ-საც, სრულიად უმართებულოდ, იტალიურს უწოდებენ. თბილისური ე. თავისი ცხოვრების წესით, ეთნ. თავისებურებით, სოც. შინაარსით, გეგმარებით და სივრცითი სტრუქტურით უნიკალური მოვლენაა. იგი ქალაქის ისტ. განუყოფელი ნაწილია. ამჟამად მხოლოდ ძვ. უბნებშია შემორჩენილი. XIX ს. სხვადასხვა მონაკვეთსა და XX ს. დასაწყისში შექმნილი ეზოიანი საცხოვრებელი სახლი ორი ტიპისაა – ე. წ. გახსნილი და დახურულეზოიანი სახლები გარკვეული ვარიაციებით, რაც დღემდე განსაზღვრავს ძველი თბილისის საცხოვრებელი კვარტალების თავისებურებას. აღნიშნული ორი ტიპის ეზოს გარკვეული მონაცვლეობითი კანონზომიერებით ქალაქურ ქსელში განლაგება თბილისის ურბანული სტრუქტურის სპეციფიკურ სივრცით აღქმას და მთელის უნიკალურ ხასიათს განაპირობებს.

ლიტ .: ბ ე რ ი ძ ე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801–1917 წლები, ტ. 1–2, თბ., 1960 – 63; კ ა ხ ი ა ნ ი კ., გლეხის კარმიდამო იმერეთში, თბ., 1964; მ ა ნ ი ა მ., ეზო როგორც ისტორიული თბილისის სივრცითი სტრუქტურის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი, «მაცნე». ისტორიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, 1989; ჩ ი ტ ა ი ა გ., ხევსურული სახლის "სენე", «ანალები», 1947, [ტ.] 1; ც ა გ ა რ ე ი შ ვ ი ლ ი თ., ტერმინ "ეზოს" გაგების საკითხისათვის, «ძეგლის მეგობარი», 1974, #34. კ. კახიანი. მ. მანია.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ეზო&oldid=3143-დან“