ეთერზეთების მრეწველობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კვების მრეწველობის ქვედარგი, აწარმოებს ეთერზეთოვანი კულტურებისაგან (გერანის, ვარდის, ლავანდის, ევგენოლის რეჰანის, პაჩულის, დაფნის, ევკალიპტის და სხვ.) სხვადასხვა სახის ეთეროვან ზეთებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება პარფიუმერია-კოსმეტიკურ, კვების, ფარმაცევტულ, ქიმიურ და მრეწველობის სხვა დარგებში. ეთეროვანი ზეთების გამოყენების ისტორია კოსმეტიკასა და სამკურნ. პრაქტიკაში ათასწლეულებს ითვლის. ჯერ კიდევ 5 ათასი წლის წინათ კაცობრიობისათვის ცნობილი იყო ეთეროვანი ზეთების გამწმენდი, მაკონსერვირებელი, სამკურნ. და არომატული თვისებები. ეთეროვანი ზეთების გამოყენება სამკურნ. პრაქტიკაში (არომათერაპია) დამახასიათებელი იყო ყველა დიდი ცივილიზაციისათვის. მცენარეების სამკურნ. თვისებები პირველად აღმოჩენილ იქნა ჩინეთში ჩვ. წ-მდე 4500 წელს. ამასთან ამ მცენარეებიდან ეთეროვანი ზეთების მიღებისა და გამოყენების პირველობა ეკუთვნის ეგვიპტელებს. დედამიწაზე არსებობს 3 ათასამდე დასახელების ეთერზეთოვანი მცენარე. ამათგან სამრეწვ. მიზნით სხვადასხვა ქვეყნებში გამოიყენება რამდენიმე ათეული დასახელების ზეთი. ეთეროვანი ზეთების სამრეწვ. წარმოება განვითარებულია მთელ რიგ ქვეყნებში – აშშ-ში უმთავრესად მისდევენ პიტნის კულტურის გაშენებას და ყოველწლიურად ღებულობენ რამდენიმე ასეულ ტონა პიტნის ეთეროვან ზეთს, იაპონიაში პიტნის ზეთთან ერთად აწარმოებენ ქაფურის ეთეროვან ზეთს; ავსტრალიაში – ევკალიპტის ეთეროვან ზეთს; ბულგარეთი ითვლება ვარდის ზეთის მწარმოებელ უძველეს ქვეყნად; ლავანდის ზეთის წარმოებით გამოირჩევა უკრაინა; საფრანგეთში, ჩინეთსა და ალჟირში ფართოდაა გავრცელებული გერანის კულტურა ეთეროვანი ზეთის მისაღებად და ა. შ. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ნატურალური ეთეროვანი ზეთების წარმოებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. XVIII ს-ში ვახუშტი ბატონიშვილს აღწერილი აქვს ეთერზეთოვანი კულტურები (ვარდი, ლავანდა, ქაფურის ხე და სხვ.), რ-თა მოვლა-მოყვანას მისდევდნენ იმდროინდელ საქართველოში. რაც შეეხება უშუალოდ ეთერზეთების მრეწველობას, მას საფუძველი ჩაეყარა XIX ს. ბოლო ათწლეულში, ანუ მაშინ, როდესაც თელავის რ-ნის სოფ. ნაფარეულში 6,5 ჰა -ზე გაშენდა კაზანლიკური ვარდის პირველი პლანტაცია და აქვე პირველი ზეთსახდელი ქ-ნაც აშენდა (1897). შემდგომ წლებში დანერგილ იქნა მსხვილყვავილა ჟასმინის, პაჩულის, ვეტივერიის, ევკალიპტის, ევგენოლის რეჰანისა და სხვა ეთერზეთოვანი კულტურები. ახლო წარსულში ეთერზეთების მრეწველობა ჩვენი ქვეყნის კვების მრეწვ. ერთ-ერთი გამორჩეული ქვედარგი იყო. ეთერზეთების მრეწველობა ძირითადად ბალახოვანი ეთერზეთოვანი კულტურებისაგან მიღებული ნატურალური ეთეროვანი ზეთების წარმოებაზე იყო სპეციალიზებული. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე საქართველოში დაახლოებით 15-მდე სხვადასხვა დასახელების ნატურალური ეთეროვანი ზეთი იწარმოებოდა, მ. შ. ევგენოლის რეჰანის, გერანის, ვარდის, ჟასმინის, ევკალიპტის, დაფნის და სხვ. ნიშანდობლივია ისიც, რომ ეთერზეთოვანი ნედლეულის წარმოების მხრივ საქართვ. საბჭ. კავშირში მე-6 ადგილი ეკავა. მის წილად მოდიოდა კავშირში დამზადებული ეთერზეთოვანი ნედლეულის 7,5%. ამასთან ერთად ისეთი ეთერზეთოვანი კულტურები როგორიცაა: რეჰანი, ჟასმინი, პაჩული, ევკალიპტი, დაფნა და სხვა მხოლოდ საქართველოში კულტივირდებოდა. სპეციალიზებულ მეურნეობა- ქარხნებში მზადდებოდა საბჭ. კავშირში გადამუშავებული ბაზილიკის 80%-ზე მეტი, გერანის 13% და ვარდის ნედლეულის 6%. ბალახოვანი ეთერზეთოვანი კულტურებით ყოველწლიურად დაკავებული იყო 3,0 ათ. ჰექტარამდე სახნავი მიწა. იწარმოებოდა სა შუალოდ 25–30 ათ. ტ ნედლეული, რ-ის სამრეწვ. გადამუშავებიდან საშუალოდ 60–70 სხვადასხვა დასახელების ეთეროვანი ზეთები მიიღებოდა. ეთერზეთების მრეწვ. ხვედრ. წილი საქართვ. კვების მრეწვ. საერთო პროდუქციაში 0,6–0,7%-ს არ აღემატებოდა. ეთერზეთოვანი კულტურები ძირითადად შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (გულრიფში, ოჩამჩირე, გალი, ქობულეთი, ხელვაჩაური) იყო გაშენებული. მათ მოვლა- მოყვანას მისდევდნენ ასევე აბაშის, სენაკის, ლაგოდეხის, ყვარლის, თელავის და მარნეულის რაიონებში. იქვე იყო განთავსებული ეთერზეთოვანი ნედლეულის გადამმუშავებელი ქ-ნებიც, რ-თა ჯამური სიმძლავრე სეზონზე შეადგენდა: ვარდის გადამუშავების – 662 , ჟასმინის – 25 , გერანის – 24 ათ. , რეჰანის – 32 ათ. , ევკალიპტის – 1600 ტ. ეთერზეთების მრეწველობა 10 მეურნეობა- ქარხნით იყო წარმოდგენილი, რ-ებიც გაერთიანებულნი იყვნენ "საქეთერზეთმრეწვში". წარმოებული ეთეროვანი ზეთების უდიდესი ნაწილი საბჭ. კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებს მიეწოდებოდა. XX ს. 90-იან წლებში ჩვენს ქვეყანაში, გარდამავალი ეკონომიკის პირობებში, ეთერზეთების სპეციალიზებული მეურნეობაქარხნები მთლიანად განადგურდა. მიწები კერძო საკუთრებაში გადაეცა მოსახლეობას და ეთერზეთოვანი კულტურებისა და ნატურალური ეთეროვანი ზეთების წარმოება საერთოდ შეწყდა. 2000 წლიდან შეინიშნება ერთგვარი გამოცოცხლება ეთერზეთოვანი ნედლეულისა და ეთერზეთების წარმოების მიმართულებით. ქვეყანაში შექმნილია რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზ-ბა (შპს): "ეთერზეთი " (ქ. ზუგდიდი), "საქტუნგოეთერზეთი" (სოფ. დამია, მარნეულის მუნიციპალიტეტი), "კოპალა–1898" (სოფ. ნაფარეული, თელავის მუნიციპალიტეტი), რ-ებიც ძირითადად დაკავებული არიან დაფნის, ლავანდისა და ვარდის ზეთის წარმოებით, თუმცა მათი საწარმოო მაჩვენებლები ჯერჯერობით მოკრძალებულია. ნ. ბაღათურია . გ. ზიბზიბაძე. პ. კოღუაშვილი.