ეთერზეთი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(შპს), ეთეროვანი ზეთების ქარხანა. შეიქმნა 1995 წ. 25 დეკემბერს სახელმწიფო საწარმო "ზუგდიდის ეთერზეთების კომბინატის" ბაზაზე, რ-იც დაარსდა 1988 ზუგდიდის ტუნგის დამამზადებელ კანტორასთან ეთერზეთების სახდელი ქ-ნის შეერთების შედეგად. კომპანიის პროფილია ეთერზეთოვანი, კერძოდ, დაფნის, ევკალიპტის, რეჰანის და სხვ. კულტურების გადამუშავება და მათგან ეთეროვანი ზეთების წარმოება, ამჟამად იგი აწარმოებს მხოლოდ დაფნის ეთეროვან ზეთსა და მშრალი დაფნის დაწნეხილ ფოთოლს. საწარმო ერთადერთია საქართველოში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, რ-იც ზემოაღნიშნული პროფილით მუშაობს. ქ-ნა წარმოებისთვის იყენებს დაფნის ნედლეულს, რ-ის მომწოდებლები არიან დაფნის ფოთლის დაწნეხვადაფასოების მცირე და საშუალო საწარმოები, ასევე მოსახლეობა დას. საქართველოს რეგიონებიდან. საწარმოს შეუძლია ყოველწლიურად გამოუშვას 10–12 დაფნის ზეთი და 1000 დაწნეხილი, დაფასოებული მშრალი ფოთოლი. გამოშვებული პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშ. სტანდარტებს და თავისი ხარისხით არ ჩამოუვარდება მსოფლიოში დაფნის ზეთის წარმოებით ცნობილი ქვეყნების (თურქეთი, იტალია, ყოფ. იუგოსლავია, ავსტრალია და სხვ.) ნაწარმს. აღნიშნული პროდუქცია გამოიყენება პარფიუმერია-კოსმეტიკის, კვებისა და ფარმაცევტულ მრეწველობაში, ხოლო რექტიფიკაციის შემდგომ – არომათერაპიაში. წარმოებული ეთეროვანი ზეთი მთლიანად ორიენტირებულია ექსპორტზე, რ-ის ძირითადი მომხმარებლები არიან ევროპისა და დსთ-ის ქვეყნები. ფირმის პროდუქცია წარდგენილი იყო რამდენიმე საერთაშ. გამოფენაზე, მ. შ. საფრანგეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და გერმანიაში. ი. წოწერია.