ეთიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. ēthika <ēthos – 1. საცხოვრებელი ადგილი; 2. ხასიათი, ზნე, ჩვევა), ფილოსოფიური მეცნიერება ზნეობრივი ღირებულების, მისი როლის, არსებისა და კრიტერიუმების შესახებ; ამდენად, ე. შეიძლება განისაზღვროს როგორც ზნეობრივი კულტ. თეორია. ტერმინი ე. პირველად გამოიყენა არისტოტელემ , მანვე შექმნა: 1. ევდემეს ეთიკა; 2. დიდი ეთიკა; 3. ნიკომაქეს ეთიკა. ეს უკანასკნელი მათგან ყველაზე ავთენტურად არის მიჩნეული. არისტოტელეს ეთიკის წინამორბედებად შეიძლება განვიხილოთ სოფისტები (ძვ. წ. VI–IV სს.), სოკრატე და პლატონი . ეთიკური აზრის განვითარებაში სამი ძირითადი ეტაპი გამოიყოფა: ევდემონისტური ანუ ბედნიერების, მოვალეობისა და ღირებულებითი ე. ანტიკური და შუა საუკუნეების ე. არსებითად ევდემონისტური იყო, ე. ი. ცხოვრების უმაღლეს მიზნად კარგ ცხოვრებას, კეთილდღეობას ითვალისწინებდა. მოვალეობის ე., რ-ის კლასიკური ფორმა ი. კანტმა ჩამოაყალიბა, ადამიანის უმაღლეს მიზნად ზნეობრივი მოვალეობის შესრულებას მოიაზრებს (თუნდაც ბედნიერებისკენ მისწრაფების საზიანოდ). ღირებულებითი ე., რ-იც XIX ს. 60-იან წლებში დააფუძნეს გერმანელმა ფილოსოფოსებმა მ. შელერმა (1874–1928) და ნ. ჰარტმანმა (1882–1950), ადამიანის ცხოვრების უმაღლეს მიზნად ღირებულებათა რეალიზაციას მიიჩნევს. წინააღმდეგ კანტის ფორმალური ე-ისა, მ. შელერი და ნ. ჰარტმანი ასაბუთებენ მატერ. ღირებულებითი ე-ის აუცილებლობას; მათი აზრით, ასეთი ე. წინა პლანზე წამოსწევს ერთდროულად გრძნობად-გონით აქტებს (მოწონება, დაწუნება, სიყვარული, სიძულვილი და სხვ.), რ-ებშიც ვლინდება ადამიანის ზნეობრივი არსება ანუ პიროვნება. ეთიკური ცოდნის მრავალფეროვანი და მრავალმხრივი მთელი სისტემა პირობითად შეიძლება დაიყოს შემდეგ დარგებად: ზნეობის თეორია, ზნეობის ფსიქოლოგია, ზნეობის სოციოლოგია, ზნეობის აქსიოლოგია, ე-ის ისტორია. თითოეულ მათგანს აქვს კვლევის საკუთარი ობიექტი, პრობლემატიკა და მეთოდი. ეთიკური პრობლემატიკით ქართ. აზროვნების დიდი დაინტერესების დამადასტურებელია ძვ. ქართ. ჰაგიოგრაფიული ლიტ-რა, შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი", დ. გურამიშვილის "სწავლამოსწავლეთა", XIX ს. ქართვ. სამოციანელების შემოქმედება. ქართ. ეთიკური მემკვიდრეობა მოიცავს გამოკვლევებს არსებითად ზემოთ მითითებულ თითქმის ყველა ეთიკურ დარგში. კერძოდ, ა. ჯორჯაძის ძირითადი სოც.-ეთიკური ამოცანაა შემოიტანოს პრინციპი, რ-იც ხელს შეუწყობს ერის გამთლიანებას. ამ მიზანს ემსახურება მისი "საერთო მოქმედების ნიადაგის" თეორია. ეს პრინციპი ეფუძნება კლასებად და პარტიებად გათიშულ საქართველოში ყველასათვის თანაბრად მნიშვნელოვან ღირებულებას – სამშობლოს სიყვარულს. ა. ჯორჯაძე საინტერესოდ წყვეტს სიცოცხლის საზრისის პრობლემას – მიაჩნია, რომ იგი გამოიხატება ერის სასარგებლოდ გაწეული საქმიანობით. ი. გომართელმა წერილების სერიაში "ზნეობრივი კითხვები" (1901) განიხილა ზნეობის ბუნების, წარმოშობის, ზნეობრივი პროგრესის და სხვ. საკითხები. ცნობილი ზნეობრივი პრინციპებიდან მან ყველაზე მისაღებად მიიჩნია სარგებლიანობის პრინციპი, თუმცა უტილიტარიზმის თეორიას მთლიანობაში არ იზიარებდა. მისი აზრით, თავისთავად ზნეობა უძლურია საზ-ბის შეცვლისათვის – მისი ფუნქციონირების საფუძველია მატერ. მდგომარეობის, ეკონ. პირობების გაუმჯობესება, რაზედაც დამოკიდებულია "ზნეობრივად და გონებრივად უმაღლესად განვითარებული ადამიანის მომავალი". მ. (მიხაკო) წერეთელი გამოკვლევაში "ერი და კაცობრიობა" (1910) ზნეობას განიხილავს ადამიანთა ნებისმიერი ერთობის აუცილებელი ელემენტის სახით. მისი აზრით, პატრიოტიზმი, როგორც ერის სიყვარული, ერის არსებობის პირველი და აუცილებელი პირობაა. იგი დიდ ყურადღებას უთმობს აგრეთვე ერის უფლებებისა და ღირსების საკითხებს. დ. უზნაძის სოც.-ეთიკური შეხედულებები გადმოცემულია წერილებში: "ფილოსოფიური საუბარი. სიკვდილი" და "ომის ფილოსოფია" (ორივე 1914). მისი აზრით, "სიკვდილი სიცოცხლეში მარხია, იგი იმანენტურია და არა ტრანსცენდენტური". არსებობის მიზანია არა ერთეულის სიცოცხლე, არამედ "ცხოვრების ობიექტური შინაარსის შემოქმედება", რაც იგივე კულტ. განვითარებაა. კულტ. სუბიექტი კი არის "ეროვნული სული". ზნეობრივი ცხოვრების ფსიქოლ. საფუძვლების კვლევას ეძღვნება დ. უზნაძის წერილი «განდგომილობის პრობლემა ილია ჭავჭავაძის "განდეგილში" » (1911). მ. გოგიბერიძის სოც.-ეთიკურ შეხედულებებში ("რუსთაველი. პეტრიწი. პრელუდიები", 1961) პირველ რიგში მნიშვნელოვანია სამშობლოს სიყვარულის "ქართველური" განცდა და "ქართული სახლის" ფილოსოფიის გამოკვლევა. აღნიშნული განცდის ძირითად ნიშნებად მას მიაჩნია: ა) მიწის სიყვარული; ბ) სამკვიდროს სიყვარული; გ) მზადყოფნა მის დასაცავად. საქართველოში ზნეობრივი მოძღვრების წარმოშობის, განვითარებისა და ცვალებადობის ისტ. საკითხები პირველად სერიოზულად ი. ჯავახიშვილმა გამოიკვლია. მისი "ზნეობრივი მოძღვრების ისტორია საქართველოში, ქველმოქმედება და საქველმოქმედო დაწესებულებანი" (1956) მოიცავს პერიოდს საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებიდან XIII ს-მდე. ავტორი იკვლევს ქველმოქმედების ზნეობრივ საფუძვლებს, ადგენს, რომ ქართვ. ხალხის ზნეობის ძირითადი ნორმები სახარებისეულ მოძღვრებაზე იყო დაფუძნებული. მისი აზრით, სამღვდელოებას სამონასტრო წყობილების შექმნის შემდეგ საზრდოთი უზრუნველყოფდა სამწყსო და სახელმწიფო, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქველმოქმედებას. თუმცა ჯავახიშვილი თვლის, რომ ქართვ. საზ-ბის აზრით, ქველმოქმედების სახით "მხოლოდ იმ ფულის და ქველსაქმარის მიცემა შეიძლება, რომელიც ადამიანს თავისი ოფლით და სინდისიერად ნაშოვნი და შეძენილი ჰქონდა". ე-ის ისტ. პრობლემებს იკვლევდნენ გ. ქიქოძე და ს. დანელია . პირველი მათგანის წერილში "ცხოვრება და ზნეობრივი იდეალი" (1910) განხილულია ანტ. ე-ის, ქრისტ. მორალის, ი. კანტის ე-ის, უტილიტარიზმის, სიცოცხლის ფილოსოფიის (კერძოდ, ფ. ნიცშეს) ზნეობრივი პრინციპები, მხილებულია მეტაფიზიკური და ევდემონისტური სისტემების მთავარი ნაკლი, კერძოდ ის, რომ ეს სისტემები ცხოვრების მიზანს ცხოვრების უარყოფაში ეძებენ. ს. დანელია ნაშრომში "კანტის ეთიკის ფორმალური ხასიათი" (1911) აკრიტიკებს თვალსაზრისს კანტის ე-ში პრაქტიკული კანონის ფორმალურობის შესახებ; ამავე დროს, არც კანტს ეთანხმება პრაქტ. კანონის აპრიორულობის მტკიცებაში. აქვე ს. დანელია ასაბუთებს, რომ ზნეობრივი ღირებულების კრიტერიუმი არის საზოგადოებრივი აზრი. მასვე ეკუთვნის ვ. ვინდელბანდისა და ჰელვეციუსის ეთიკურ შეხედულებათა მნიშვნელოვანი გამოკვლევები («Изложение теории нравственности Гельвеция», Тб., 1922). ე-ის ისტორიაში საყურადღებო ნაშრომები შექმნეს აგრეთვე შ. ბიწაძემ ("ბელინსკის ეთიკური შეხედულებანი", თბ., 1962), გ. შუშანაშვილმა ("კანტის ეთიკური ფორმალიზმის მარქსისტული კრიტიკისათვის", თბ., 1974), ა. პოპიაშვილმა ("ფიხტეს ეთიკური იდეალიზმის მარქსისტული შეფასებისათვის", 1976), ზ. ფირალიშვილმა ("ი. გ. ფიხტე და ადამიანის ეთიკური კონცეფციის საკითხები", 1994; მისივე, "ი. გ. ფიხტეს ფაუსტური ანთროპოლოგია", 2003). საერთოდ ე-ის არსის გაგებისათვის სერიოზული მნიშვნელობა აქვს შ. ნუცუბიძის , კ. ბაქრაძის , გ. თევზაძის , ს. წერეთლის , შ. ხიდაშელის , პ. შარიას და სხვათა გამოკვლევებს ფილოს. ისტორიაში, სადაც სხვა ძირეულ ფილოს. პრობლემებთან ერთად ე-ის პრობლემების ანალიზიცაა მოცემული. XX ს. 60-იანი წლებიდან საქართველოში ეთიკური კვლევა- ძიების აღმავლობაში დიდი როლი შეასრულა გ. ბანძელაძემ . მისი ნაშრომები, იდეოლოგიური ზეწოლის მიუხედავად, შედარებით ობიექტურია. ამიტომ მისმა ნაშრომებმა, კერძოდ წიგნებმა: "Опыт изложения системы марксистской этики" (1963) და "ადამიანური ღირსების ცნება მარქსისტულლენინურ ეთიკაში" (1975–77) მაღალი შეფასება დაიმსახურეს ევროპის მასშტაბით [იხ. Pეტერ Ehlen, Die philosophische Ethik in der Sowjetunion, München, 1972, S.. 8; Menschenwürde und neues Denken", Giessen, 1990 (გფრ)]. გ. ბანძელაძემ გამოიკვლია ე-ის ძირითადი კატეგორიებისა და პრინციპების შინაარსი, მორალისა და საზოგადოებრივი ცნობიერების სხვა ფორმების ურთიერთობის, ზნეობრივი აღზრდისა და სხვა პრობლემები. ნაშრომში "ზნეობრივი პროგრესის თეორია და პრაქტიკა" (1982) მან ეთიკური პოზიციიდან განიხილა და შეაფასა საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენები. იგივე პრობლემა დაკონკრეტებულია ო. ბაკურაძის შრომებში "თავისუფლება და აუცილებლობა" (1964) და "მორალური მსჯელობის ბუნება" (1982, რუს. ენაზე). ო. ბაკურაძის აზრით, მორალური თავისუფლების ბუნება შეიძლება გავიგოთ მხოლოდ მორალურ აუცილებლობასთან ("ჯერარსობა") კავშირში. მორალური მსჯელობა კი ქცევის მორალური ღირებულების გამომხატველია, მაგრამ ქცევის მორალური შეფასება შეუძლებელია მოტივის ცოდნის გარეშე. მოტივი განსაზღვრავს საქციელის ღირებულებას და ამით გვეხმარება ქცევის მორალური ღირებულების დადგენაში. ქართვ. ეთიკოსები იკვლევენ აგრეთვე ეთიკური კატეგორიების პრობლემას (თ. ჯაფარლი, 1922– 88), მორალის სტრუქტურას (ვ. გულუა, "Диалектика эмоционального и рационального в морали", 1981), უმაღლესი ზნეობრივი კანონის რეალიზაციის პირობებს, ერისა და ეთიკის ურთიერთობის საკითხს (ნ. ნათაძე, "ადამიანი ადამიანთა შორის", 1979; "ერი და ეროვნული კულტურა", 1988). არაძალადობრივი, იგივე ჰუმანისტური ე-ის პრობლემებს იკვლევდნენ მ. ცუცქირიძე, ა. მთიბელაშვილი და სხვ. ე-ის პრაქტ. ღირებულება ნათლად წარმოჩნდება ზნეობრივი აღზრდის თეორიაში, რაც წარმოდგენილია ქართვ. ეთიკოსების შრომებში: "ახალგაზრდობის ზნეობრივი და მოქალაქეობრივი ფორმირების ძირითადი ფაქტორები" (ლ. ჩინჩალაძე, 1975), "შრომითი კოლექტივი და ახალი ადამიანის აღზრდა" (კ. ქურიძე, 1975), "ზნეობრივი აღზრდის ამოცანები თანამედროვე ეტაპზე" (რ. ბალანჩივაძე, 1980). უკანასკნელ წლებში აქტუალური მნიშვნელობა ენიჭება ღირებულებითი ე-ის პრობლემებს, რაც არ დარჩენილა ქართვ. ეთიკოსების ყურადღების გარეშე (გ. შუშანაშვილი, "ზნეობრივი ღირებულების სპეციფიკა", 1980; "ღირებულების იდეალისტური გაგების კრიტიკა", 1987). ასევე აქტუალურია გამოყენებითი (პროფესიული) ე-ის პრობლემები. ქართვ. ეთიკოსები აქაც იჩენენ შესაბამის აქტიურობას: გამოქვეყნდა სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის "ბიოეთიკა" (2000, გ. ვეკუა, დ. გეგეშიძე, ბ. მამულაშვილი), გ. შუშანაშვილის მონოგრაფია "გამოყენებითი ეთიკის საფუძვლები" (2004). აშშ-ის ბიზნესეთიკის სამუშაო ჯგუფისა და საქართველოში მოქმედი ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით 2004 წ. 27 დეკ. საქართველოში დაფუძნდა ბიზნესეთიკის ასოციაცია, რითაც საფუძველი ჩაეყარა ამ დარგის შექმნას. ასევე მიმდინარეობს მუშაობა "პოლიციის ეთიკის" შექმნის ხაზითაც. ეთიკური პრობლემატიკის სხვადასხვა ასპექტების, განსაკუთრებით კი ზნეობრივი კულტ., როგორც პრობლემის, კვლევისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გ. პ. ასათიანის, ა.ბოჭორიშვილის, ა. ბრეგვაძის, თ.ბუაჩიძის, ზ. კაკაბაძის, ე. კოდუას, თ. მშვიდობაძის, ო. ტაბიძის, გ.ცინცაძის, ნ. ზ. ჭავჭავაძის, ო.ჯიოევის და სხვათა გამოკვლევებს.

ლიტ .: ბ ა ნ ძ ე ლ ა ძ ე გ., ეთიკა, თბ., 1971; გ ა ბ ი ძ ა შ ვ ი ლ ი ო., ორი მორალი, თბ., 1978; გ ა ფ რ ი ნ დ ა შ ვ ი ლ ი რ., ზნეობრივი აღზრდის ფსიქოლოგიური საფუძვლები, თბ., 1969; ეთიკა (სახელმძღვანელო), თბ., 2002; ზ უ რ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ა., შრომა და მოვალეობა, სინდისი და სიყვარული, თბ., 1983; მ ი ს ი ვ ე, ოჯახი, დედობა, ზნეობა, თბ., 1985; კ ა კ ა ბ ა ძ ე ზ., ადამიანი, როგორც ფილოსოფიური პრობლემა, თბ., 1970; კულტურის თეორია, თბ., 2009; მ ა მ უ ლ ა შ ვ ი ლ ი ბ., ბიოეთიკა, თბ., 2004; რ უ ს ი ა გ., ადამიანის ცხოვრების აზრი, თბ., 1983; შ უ შ ა ნ ა შ ვ ი ლ ი გ., ღირებულების პრობლემა და საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმები, თბ., 1987; А р и с т о т е л ь, Соч. в четырех томах, т. 4, М., 1984; Б а н д з е л а д з е Г., О понятии человеческого достоинства, Тб., 1979; Д ж а ф а р л ы Т., Из истории до- марксистских этических учений, Тб., 1970; К а н т И., Соч. в шести томах, т. 4, ч. 1, М., 1965; H a r t m a n n N., Ethik, B., 1949; S c h e l e r M., Der Formalismus in der Ethik und die materielle Wertethik, Bern, 1954. გ. შუშანაშვილი.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ეთიკა&oldid=3138-დან“