ეთნიკური პროცესები

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროცესები, რ-ებიც წარმოიქმნება და ისტორიულად მიმდინარეობს მეზობელ ან მონათესავე ეთნიკურ ჯგუფთა შორის. ტერმინი "ე. პ." სამეცნ. ლიტერატურაში პირველად შემოიტანა ნ. მარმა XX ს. 20-იან წლებში. იგი ძირითადად ყურადღებას ამახვილებდა ხალხებისა და ეთნ. ჯგუფების ასიმილაციის პროცესებზე. ეთნოლოგიის ტრადიციული შეხედულებით ე. პ-ში ზოგადად იგულისხმება ამა თუ იმ ეთნოსში მიმდინარე ან ერებს შორის ურთიერთობებისათვის დამახასიათებელი პროცესები, რ-ებსაც მივყავართ ეთნ. ერთობათა გარკვეულ ცვლილებებამდე. ე. პ-ში გამოყოფენ ეთნოევოლუციურ და ეთნოტრანსფორმაციულ პროცესებს. ეთნ. ერთობათა სოც.-ეკონ. განვითარება და მათი კონტაქტები სხვა ხალხებთან, რ-იც ყოფისა და კულტ. ელემენტების გარკვეულ ცვლილებებს იწვევს (აქ ეთნოსის თვითშეგნება არ იცვლება), ეთნოევოლუციური პროცესების შედეგია. ეთნოტრანსფორმაციული პროცესები კი განპირობებულია ეთნ. ერთობათა ან მათი ცალკეული ნაწილების ურთიერთზემოქმედებით, რაც ეთნ. თვითშეგნების ცვლილებებს, ადამიანების ჯგუფების სხვა ეთნ. ერთობებში ჩართვას, ზოგჯერ კი ერთი ეთნ. ერთობის არსებობის შეწყვეტასა და მეორის აღმოცენებას იწვევს. გამოყოფენ ეთნ. გაერთიანების პროცესების სამ ტიპს: კონსოლიდაციას (ცალკეული ხალხების ან მათი ნაწილის შერევა-გაერთიანება უფრო მსხვილ ეთნ. ერთობებთან, მაგ., ტომისა – ხალხთან), ასიმილაციას (ერთი მცირე ჯგუფის ხალხის შერწყმა მეორესთან, როდესაც ერთ-ერთი კარგავს ენას, კულტურას და ეროვნ. ცნობიერებას), ერთაშორის ინტეგრაციას (მრავალეროვან სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები, რებიც განაპირობებს ამ ქვეყანაში მცხოვრები ენობრივად და კულტურულად არსებითად განსხვავებული ხალხების დაახლოებასა და ზეეთნიკური ერთობის აღმოცენებას). თანამედროვე მეცნიერება ე. პ-ის ამ დამახასიათებელ ნიშნებს არსებითად ვერ უარყოფს, მაგრამ ეთნიკურობის, ეთნ. ჯგუფისა თუ ზოგადად ეთნოსის განვითარების პროცესში ინსტრუმენტულ და კონსტრუქციულ მიდგომებს ანიჭებს უპირატესობას (იხ. სტ. ეთნოლოგია ). ისტ. საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე ე. პ. გულისხმობს როგორც ეთნოევოლუციურ, ასევე ეთნოტრანსფორმაციულ ცვლილებებს. ამასთან, ძვ. საქართველოში ეთნოტრანსფორმაციული პროცესები ძირითადად კონსოლიდაციას გუ573 ლისხმობდა, თუმცა ქართვ. ხალხის ეთნოგენეზის ადრეულ ეტაპზე, ეთნ. ერთობის აღმოცენების პროცესში იყო ასიმილაციისა და ერთაშორის ინტეგრაციის მაგალითებიც. გვიანფეოდ. ხანასა და თანამედროვე საქართველოში ძირითადად ეთნოევოლუციურ პროცესებთან გვაქვს საქმე, რაც ქართველებთან ერთად ერთ ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსებისა და ეთნ. ჯგუფების (აფხაზები, ოსები, ებრაელები, ბერძნები და სხვ.) ხანგრძლივი სამეურნ.-კულტ. და სოც.-ეკონ. ურთიერთობის შედეგია (იხ. სტ. ეთნიკური ჯგუფი და ეთნოგრაფიული ჯგუფი). თანამედროვე მსოფლიოს მრავალეროვან სახელმწიფოებში მიმდინარეობს ერთაშორის ინტეგრაციის აქტ. პროცესები, რაც იქ მცხოვრები ხალხების დაახლოებასა და ზეეთნიკური ერთობების წარმოქმნას განაპირობებს. ბოლო პერიოდში ასეთი ახ. ისტ. ერთობის – საბჭ. ხალხის – ჩამოყალიბების გაუმართლებელი ცდა საბჭ. კავშირის დაშლის ერთ-ერთ არსებით მიზეზად იქცა. თანამედროვე ეთნიკურ პროცესებში გამოვლინდა ისეთი ნეგატიური მოვლენები, როგორიცაა სეპარატიზმი (ეთნ. ჯგუფის გამოყოფა), რეცესია (სახელმწიფოს შემადგენლობიდან გამოსვლა), ირედენტიზმი (მოსაზღვრე სახელმწიფოსკენ, მონათესავე ტიტულოვანი ერისკენ სწრაფვა).

ლიტ. : ა ბ ე ს ა ძ ე ნ., თანამედროვე ეთნიკური პროცესები თბილისში, კრ.: ქართველი ხალხის თანამედროვე ყოფა და ტრადიციები, თბ., 1988; გ ე გ ე შ ი ძ ე მ., ეთნიკური კულტურა და ტრადიციები, თბ., 1978; ო ჩ ი ა უ რ ი თ., ეთნიკური პროცესები თბილისში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1988, #2; Б р о м л е й Ю. В., Этнос и этнические процессы, წგ.: Наука и человечество, М., 1976; К о з л о в В. И., К вопросу об исследовании этнических процессов у народов СССР, «Советская этнография», 1961, №4; С е м и о н о в Ю. И., Философия истории (Общая теория, основные проблемы, идеи и концепции от древности до нашых дней), М., 2003; Современные этнические процессы в СССР, М., 1977; Т и ш к о в В. А., Очерки теории и политики этничности в России, М., 1997; მ ი ს ი ვ ე, Реквием по этносу. Исследования по социально-культурной антропологии, М., 2003. ვ. შამილაძე.