ეთნიკური წმენდა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დანაშაული – ერთი ეროვნული თუ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ჯგუფის მიზანდასახული პოლიტიკა, ქვეყნიდან ან ამა თუ იმ რეგიონიდან სხვა ეროვნული თუ ეთნიკური ჯგუფის (ჯგუფების) იძულებითი განდევნა (დეპორტაცია) დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლის მიზნით ე. წ-ის განმახორციელებელთა სასარგებლოდ. XX ს. 80–90-იანი წლების მიჯნაზე აგრესიული სეპარატისტების მიერ გაჩაღებული ეთნოკონფლიქტების შესწავლის საფუძველზე ე. წ-ს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშ. დანაშაულის კვალიფიკაცია მისცეს გაეროს სისტემაში შექმნილმა ორგანოებმა (ექსპერტთა სპეც. ჯგუფი, ჰააგის საერთაშ. ტრიბუნალი და სხვ.). როდესაც ე. წ. ხორციელდება ამა თუ იმ ჯგუფის წარმომადგენელთა მასობრივი ფიზ. განადგურებით (დახვრეტა, ჩამოხრჩობა, წამებით მოკვლა), ხოლო დანარჩენთა მიმართ ტერორის საშუალებით (წამება, გაუპატიურება, საპყრობილეში ჩაგდება, საცხოვრ. ადგილების – ქალაქების, სოფლების – დაბომბვა), ე.ი. ისეთი პირობების შექმნით, რ-ებიც აიძულებს მათ ქვეყნიდან თუ რეგიონიდან გაქცევას, – ასეთი ქმედებანი განიხილება როგორც გენოციდის ნაირსახეობა. აფხაზეთში XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში აფხ. სეპარატისტების პოლიტიკა და ქმედება განიხილება როგორც ქართვ. მოსახლეობის ე. წ.; საერთაშ. თანამეგობრობამ დაგმო აფხაზეთში ძირითადად ქართვ. მოსახლეობის ერთი ნაწილის ფიზიკური განადგურება, ხოლო დანარჩენის – ტერორის მეშვეობით განდევნა. 2009 წ. 30 სექტ. გამოქვეყნდა ევროკავშირის მიერ შექმნილი "საქართველოში კონფლიქტის შესახებ დამოუკიდებელი საერთაშ. ფაქტების დამდგენი მისიის" მოხსენება, რ-იც აღიარებს საქართველოში განხორციელებულ ე. წ-ს. კერძოდ, ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონში მოხდა ე. წ. 2008 აგვ. კონფლიქტის დროსაც და მას შემდეგაც. საქართველო მოითხოვს საერთაშ. თანამეგობრობისაგან, ხელი შეუწყოს დამნაშავეთა საერთაშ. ტრიბუნალისათვის გადაცემას. 2002 წ. ძალაში შესული "რომის სტატუტის" მიხედვით, შეიქმნა სისხლის სამართ. საერთაშ. სასამართლო გენოციდის, ომით გამოწვეულ და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა განსახილველად. საქართვ. სისხლის სამართ. კოდექსში ე. წ-სათვის გათვალისწინებულია სასჯელი: 10-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა.

წყარო : On the Revealed Facts of the Policy of Ethnic Cleansing/Genocide Conducted in the Territory of Abkhazia (Georgia), and Necessity of Bringing Persons Committed these Crimes Before Justice in Accordance with International Principles of the Due Process (Е/СN. 4/1997/132, 2 April 1997).

ლიტ. : სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტი, «საერთაშორისო სამართლის ჟურნალი », 2002, ტ.4, # 1. ლ. ალექსიძე.