ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. თბილისი.

გ. ჩ ი ტ ა ი ა ს ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ა, საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ღია ცის ქვეშ მუზეუმის გახსნის იდეა დაიბადა კავკასიაში XX ს. 30-იან წლებში, რაც მსოფლიოს სამუზეუმო პრაქტიკის გამოცდილებიდან მოდის. იდეის ავტორი და განმახორციელებელი იყო ქართ. ეთნოგრ. სკოლის ფუძემდებელი გ. ჩიტაია . მუზეუმის გენ. გეგმის ავტორი – ლ. სუმბაძე , კონსულტანტი – გ. ჩიტაია. 1956 წ. 17 დეკ-ის დადგენილებით, საქართვ. სახელმწ. მუზეუმის სამეცნ. საბჭომ მიზანშეწონილად ცნო, გაეხსნა მუზეუმი ღია ცის ქვეშ. 1960 ივლ. თბილისის საბჭოს აღმასკომის დადგენილებით მთაწმინდის ქედის ჩრდ. კალთაზე გამოიყო სამუზეუმო ტერიტორია – 35 ჰა . 1965 დაზუსტდა და გაფართოვდა მისი საბოლოო საზღვრები (ფართობი 50 ჰა ). 1964 მუზეუმის მშენებლობას სათავეში ჩაუდგა საქართვ. კულტ. ძეგლთა დაცვის საზ-ბა, 1968 – დამტკიცდა გენ. გეგმის პროექტი. მუზეუმის დაარსების თარიღად მიჩნეულია 1966 წ. 27 აპრ., თუმცა ეთნოგრ. მუზეუმი ღია ცის ქვეშ გაიხსნა 1976 წ. 17 ივლ. მუზეუმში გაერთიანდა 3 ფილიალი: დართლოს (თუშეთი), ჩაჟაშის (სვანეთი), შატილის (ხევსურეთი). 1987 მუზეუმს მიენიჭა გ.ჩიტაიას სახელი. 1966-იდან მუზეუმი საქართვ. კულტ. ძეგლთა დაცვის საზბას ექვემდებარებოდა, შემდგომ კულტ. სამინისტროს ძეგლთა დაცვის სამმართველოს გადაეცა (2005-მდე) როგორც ხალხ. ხუროთმოძღვრების ძეგლთსაცავი. 2005 წ. 30 დეკ-იდან საქართვ. ეროვნ. მუზეუმის კუთვნილებაა. თავდაპირველად მუზეუმს ეწოდა "თბილისის ღია ცის ქვეშ მუზეუმი" (1955), 1960 – "ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმი", 1963 – "ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის პარკ-მუზეუმი", 1966 – "ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი ღია ცის ქვეშ"; 2005 კი – "გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ". ე. მ. ღ. ც. ქ. წარმოადგენს საქართვ. მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მუზეუმის ტერიტორია დაყოფილია ზონებად. ხალხ. ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტები წარმოდგენილია ათ ისტ.-ეთნოგრ. ზონაში, რ-თაგანაც ხუთი აღმოსავლეთ, ხუთი კი დას. საქართველოს წარმოაჩენს. პირველი ექსპონატები მუზეუმის ტერიტორიაზე გადმოტანილია ივრის ხეობიდან – სიონის მიწისქვეშა აკლდამა (1966) და სიონის ბაზილიკა (1967). მუზეუმში ექსპონირებულია 69 საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა (XVII–XIX სს.). მისი ფონდის შევსება ხდება შესყიდვით და შემოწირულობით. 2006 ფონდის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა 3 ფონდი, რ-შიც გაერთიანდა ხის, ქვის, თიხის, ძვ. ლითონების, ქსოვილების, ტყავის, ლითონის ფონდები (სულ 7943 ექსპონატი). 2005-იდან მუზეუმში მიმდინარეობს მრავალმხრივი რეფორმა, შემუშავდა მუზეუმის განვითარების 10-წლიანი გეგმა. 2007- იდან ხორციელდება UNESCO-სა და საქართვ. ეროვნ. მუზეუმის ერთობლივი პროექტი "ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ რეაბილიტაცია" (დონორი: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო), რ-ის მიზანია მუზეუმში დაცული უნიკალური დარბაზული სახლების რეაბილიტაცია. დაწყებულია ახ. სამუზეუმო ზონის "ქართული ბაღის" ექსპოზიციის მშენებლობა.სამეცნ.-კვლ. მუშაობის გაფართოებისათვის შეიქმნა არქივი, სადაც გაერთიანდა სამუზეუმო და გ. ჩიტაიას პირად არქივში დაცული მასალები. მოხდა ექსპონატ-ნაგებობების პასპორტიზაცია, მზადდება პროგრამები ახ. ექსპოზიციების მოსაწყობად, ჩატარდა სამეცნ.-კვლ. ექსპედიციები სამცხე-ჯავახეთში (2008–09) დარბაზული ტიპის სახლების მშენებლობის, გადახურვის ტექნოლოგიების გამოკვლევის მიზნით. მუზეუმში ტარდება საერთოსახ. დღესასწაულები: 2006 გაიმართა "მუზეუმის დაარსებიდან 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება", 2007 – "გაზაფხულის დღესასწაული", "ბერიკაობა", 2008 – "თუშეთის დღე", 2009 – "აფხაზეთის დღე", 2010–11 – ქართული ნაწარმის გამოფენაგაყიდვები.

ლიტ .: საქართველოს ეროვნული მუზეუმი: ს უ მ ბ ა ძ ე ლ., ქართული ხალხური ხუროთმოძღვრებისა და ყოფის მუზეუმი ღია ცის ქვეშ, თბ., 1976; ჩ ი ტ ა ი ა გ., ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, შრომები, ტ. 3, თავი IV, თბ., 2001; გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ. შემდგენლები: თ. ცაგარეიშვილი, ნ. მეფარიშვილი, თბ., 2010 (ქართ., ინგლ. ენებზე). თ. ცაგარეიშვილი.