ეთნოლოგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. ethnos – ტომი, ხალხი; logos – სიტყვა, მოძღვრება), მეცნიერება ხალხების შესახებ, რ-იც შეისწავლის კულტურის განვითარების ზოგად კანონზომიერებებს. ეთნოგრაფიის დამოუკიდებელ სამეცნ. დისციპლინად ჩამოყალიბების პროცესში ე., როგორც თეორ. ეთნოგრაფია, დაუპირისპირდა აღწერილობით ეთნოგრაფიას. შეხედულება ეთნოგრაფიის საველე-შემკრებლობითი, აღწერილობითი, ხოლო ე-ის თეორ. განმაზოგადებელი ხასიათის შესახებ დღესაც აღიარებულად ითვლება, თუმცა ეთნოგრ. აღწერითი ხასიათი სხვა ფაქტორებითაც აიხსნება. ტერმინი „ე.“ პირველად გამოიყენა ა. შავანმა (საფრ.) 1784, მეცნიერებაში კი დაამკვიდრა უ. ედვარდსმა (ინგლ.) და ფრანგ. ფიზიკოსმა ა. მ. ამპერმა (XIX ს. 20–30-იან წწ.). XIX ს. 30–40-იან წწ. ევრ. და ამერ. ქვეყნებში ჩამოყალიბდა პირველი ეთნოლოგიური საზოგადოებები: „პარიზის ეთნოლოგიის საზოგადოება“ (1839), „ამერიკის ეთნოლოგიური საზოგადოება“ (1842) და ა. შ. ამ პერიოდში ე . მოიცავდა ფიზ. ანთროპოლოგიასაც. XIX ს. შუა ხანებში ე. მიიჩნიეს ხალხების, ხოლო ანთროპოლოგია – ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებად. გერმანიაში დაარსდა „ანთროპოლოგიის, ეთნოლოგიისა და ისტორიის საზოგადოება“ (1869), ხოლო იტალიაში – „იტალიის ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის საზოგადოება“ (1871). ანთროპოლოგია ე-ს საბოლოოდ გაემიჯნა XX ს. 30-იან წლებში. ეთნოგრ., ე-ისა და ანთროპოლ. საგნობრივ სფეროთა განსაზღვრა საინტერესოდაა ახსნილი კ. ლევისტროსის მოძღვრებაში, რ-ის მიხედვითაც კულტურის მეცნ. შესწავლისა და განზოგადოების პროცესში მეცნიერების ეს დარგები სამ თანამიმდევრულ ეტაპადაა წარმოდგენილი: 1. ეთნოგრაფია – საველე კვლევა- ძიება, კულტურის ცალკეულ გამოვლინებათა აღწერა და კლასიფიკაცია; 2. ე. – გეოგრ., ისტ. ანუ სისტემატურ მიმართულებათა სინთეზის საწყისი; 3. ანთროპოლოგია – ადამიანის შეცნობისაკენ ლტოლვა. კ. ლევისტროსის აზრით ეთნოგრაფია, ე. და ანთროპოლოგია წარმოადგენს არა ცალკე სამეცნ. დისციპლინებს, არამედ ერთიან კომპლ. მეცნიერებას, სადაც შეუძლებელია ერთი მათგანი მთლიანად მოსწყდეს დანარჩენ ორს. საბჭ. მეცნიერებიდან ტერმინ ე-ის გამოდევნას პოლიტ. დატვირთვა ჰქონდა. 20–30- იან წლებში ცნობილი რუსი ეთნოლოგები (ლ. შტერნბერგი, ვ. ბოგორაზ-ტანი, პ. პრეობრაჟენსკი, ი. პეტრი და სხვ.) ძირითადად ხალხთმცოდნეობის თეორ. პრობლემებს იკვლევდნენ და დას. მეცნიერებაში დამკვიდრებული ე ვ ო ლ უ ც ი ო ნ ი ზ მ ი ს , დიფუზიონიზმისა და სხვა იდეურ მიმართულებათა გავლენას განიცდიდნენ, რაც მკვეთრად უპირისპირდებოდა იმხანად მეცნიერებაში ახალფეხადგმულ მ ა რ ქ ს ი ს ტ უ ლ - ლ ე ნ ი ნ უ რ მსოფლმხედველობას. ამიტომ XX ს. 30-იან წლებში, როდესაც ე., როგორც საზ. მეცნიერება ძალას იკრებდა, ის "ბურჟუაზიულ მეცნიერებად გამოაცხადეს და ფაქტობრივად აკრძალეს. თვითგადარჩენის მიზნით ეს მეცნიერება იძულებული გახდა ტრადიციული კულტურისა და ყოფის ემპირიული აღწერით შემოფარგლულიყო. ამიტომ სსრ კავშირში მეცნიერებამ ხალხის შესახებ დაიმკვიდრა სახელი "ეთნოგრაფია". ე-ის აკრძალვით ფაქტობრივად შესუსტდა ხალხის, ეთნოსის, ერის, სახელმწიფოს თუ სხვ. სერიოზული საკითხების თეორიული კვლევა, რაც საბჭოთა წყობისათვის მიუღებელი იყო. თეორ. ე-ის კვლევის უკანა პლანზე გადაწევას, იდეოლოგიურ შეუთავსებლობასთან ერთად, პრაქტ. ამოცანებიც დაედო საფუძვლად. სსრ კავშირის განაპირა რეგიონებში მცხოვრები მრავალეროვანი ხალხების ეთნოგრ. შესწავლა, რ-იც საბჭ. წყობილების დამკვიდრების პრაქტ. ამოცანებით იყო განპირობებული, ძირითადად ხალხთა ყოფისა და კულტ. აღწერას ისახავდა მიზნად. ასე გამოეცალა საფუძველი ფუნდამენტურ ეთნოლოგიურ გამოკვლევებს და იგი არსებითად აღწერილობითი ხასიათის მეცნიერებად იქცა. ანალოგიური პროცესები ხდებოდა საქართველოშიც, სადაც ტერმინი "ეთნოლოგია" გ. ჩიტაიამ ჯერ კიდევ XX ს. 20-იანი წწ. დასაწყისში შემოიტანა მეცნიერებაში და განსაზღვრა მისი მიზანი და ამოცანები. შემდგომ, სსრკ სამეცნ. ცენტრების კვალდაკვალ, საქართველოშიც ე-ის ნაცვლად ტერმინი ეთნოგრაფია დამკვიდრდა. ქართ. საბჭ. ეთნოგრაფიაში კვლევის მიმართულებათა ხასიათი, რაც, პირველ რიგში, საქართვ. მოსახლეობის ყოფისა და კულტ. აღწერასა და საველე ეთნოგრ. მასალების კვლევას ისახავდა მიზნად, პრაქტიკულად ტერმინ ე-ს შეესაბამებოდა. გასული საუკუნის 80–90-იან წლებში აღმ. ევროპისა და ყოფ. სსრკ-ის ქვეყნებში ტერმინმა „ეთნოლოგიამ“ კვლავ დაიბრუნა თავდაპირველი მნიშვნელობა. გაჩნდა ე-ის საგნობრივი სფეროს – ეთნოსის ალტერნატიული, ეთნ. ჯგუფებისა და ეთნ. იდენტურობის აღმნიშვნელი ახ. ცნება – ეთნიკურობა. მეტნაკლები ცვლილებები განიცადა ე-ის საგნობრივ სფეროსთან დაკავშირებულმა სხვა ტერმინებმა და ცნებებმა (ეთნოგენეზი, ეთნ. პროცესები, ეთნ. ჯგუფი, ერი-ნაცია და ა. შ.). თანამედროვე ე-ში ეთნოსის ტრადიციულ შეხედულებასთან ერთად ჩამოყალიბდა ახალი ე. წ. რაციონალისტურ- ინსტრუმენტალისტური და კონსტრუქციულ- თეორიული კონცეფციები. ამასთან სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან ერთად XX ს. 50-იან წლებში საქართველოშიც მოხდა დარგის სახელწოდების – ე-ის აღდგენა. თუმცა იხმარება კონკრ. პრობლემური მიმართულებების აღმნიშვნელი ცნებები – „კულტ. ანთროპოლოგია“ და „სოც. ანთროპოლოგია“.

ლიტ .: მ ე ლ ი ქ ი შ ვ ი ლ ი ლ., ეთნოგრაფია თუ ეთნოლოგია, თბ., 2000; შ ა მ ი ლ ა ძ ე ვ., ქართული ეთნოლოგიის გზები და პერსპექტივები, კრ.: ქართული ეთნოლოგია, I, თბ., 2005; შ ა მ ი ლ ა ძ ე ვ., მ ი მ ი ნ ო შ ვ ი ლ ი ო., საქართველოს ეთნოლოგიის ისტორია, I., თბ., 2009; ჩ ი ტ ა ი ა გ., ქართული ეთნოლოგია, «მიმომხილველი», 1926, ტ. 1; ყ ი ფ ი ა ნ ი პ., ეთნოლოგიის პრობლემები, თბ., 1995; Б р о м л е й Ю. В., Этнос и этнография, М., 1973; მ ი ს ი ვ ე, Очерки теории этноса, М., 1982; Л е в и-С т р о с с К., Структурная антропология, М., 1983; Л у р ь е С. В., Историческая этнология, М., 1997; П р е о б р а ж е н с к и й П. Ф., Курс этнологии, М.–Л., 1929; Т и ш к о в В. А., Очерки теории и политики этничности в России, М., 1997; მ ი ს ი ვ ე, Реквием по Этносу, Исследования по социально- культурной антропологии, М., 2003; მ ი ს ი ვ ე, Этнология и политика, М., 2001. ვ. შამილაძე.