ეიხვალდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა ი ხ ვ ა ლ დ ი (Eichwald) კარლ ედუარდ (ედუარდ ივანეს ძე – რუს. საზ-ბაში) (4. VII. 1795, მიტავა, ახლანდ. ელგავა, – 4. XI. 1876, პეტერბურგი), გერმანელი ბუნებისმეტყველი, მოგზაური, პეტერბურგის მეცნ. აკადემიის წ.-კორ. (1826). პირველმა დაიწყო პალეონტოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის, სწავლება რუსეთში. 1825–26 იმოგზაურა კასპიისპირეთსა და კავკასიაში. 1826 წ. 5 აპრ. ჩამოვიდა თბილისში, საიდანაც იმოგზაურა თავდაპირველად იმერეთში, სამეგრელოსა და აფხაზეთის შავიზღვისპირეთში, შემდეგ მოიარა აღმ. საქართველო, იყო ცხინვალში, კახეთში, ბელაქანსა და ელისუში. ამ მოგზაურობის შედეგია მისი ორტომიანი ნაშრომი "ედუარდ აიხვალდის მოგზაურობა კასპიის ზღვასა და კავკასიაში 1825–26 წლებში" (1834–37). ცნობები საქართველოს შესახებ ძირითადად თავმოყრილია ნაშრომის მეორე ნაწილის ("მოგზაურობა კავკასიაში") – II, III, და IV თავებში. ნაშრომში დიდი ადგილი უჭირავს ქვეყნის გეოგრ. და მინერალ. აღწერას, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნიადაგების შემადგენელ ქანებს, სასარგებლო წიაღისეულის საბადოებს. ე. დაწვრილებით შეეხო ადგილ. ფლორას და ფაუნას, დაგვიტოვა საინტერესო სტატისტ. მონაცემები ამინდის, წყალდიდობების, მიწისძვრების შესახებ და სხვ. ე-მა აღწერა ქვეყნის სოც. და ეკონ. მდგომარეობა, სოც. ფენები და მათი ურთიერთობა რუს. ახალ მმართველობასთან, მოსახლეობის ეკონ. სიდუხჭირე და სხვა; ვრცლად შეეხო ვაჭრობას და მისი განვითარების პერსპექტივებს, ქვეყნის კულტურას, სწავლა-განათლების მდგომარეობას. მნიშვნელოვანია ე-ის ნაშრომში დაცული ეთნოგრ. ცნობები (წეს-ჩვეულებები, ნიშნობა-ქორწილი, საცხოვრებელი სახლების ტიპები, სატრანსპორტო საშუალებები, ჩაცმულობა და სხვ.). გარკვეული ადგილი აქვს დათმობილი მოსახლეობის ეროვნ. შემადგენლობას, თითოეული ეთნოსის დახასიათებას, რაოდენობას, საქმიანობას, სარწმუნოებას, ღვთისმსახურების წესებს, ენას. აქვე ცდილობს ქართ. ენის წარმომავლობის დადგენას და მკვეთრად ემიჯნება ზოგიერთ მოსაზრებას, რ-ის მიხედვითაც ქართ. დამწერლობა და ენა სომხურიდან წარმოდგება. "ქართული ენის ფესვები საკუთარია" – ასკვნის ის. ე. საკმაოდ ფართოდ იყენებს ისტ. ცნობებს, თუმცა ბევრ უზუსტობას უშვებს ძვ. ისტორიის გადმოცემისას; ამასთან თითქმის ზუსტად მოგვითხრობს XVIII– XIX ს. პირველი მეოთხედის ისტორიას, რუსეთის მმართველობის დამყარებას საქართვ. სხვადასხვა მხარეში, ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოთა გაუქმებას, სამთავროთა დამორჩილებას, გვაწვდის ცნობებს ამ მოვლენებთან დაკავშირებული აჯანყებების [მთიელთა (1804), კახეთის (1812), იმერეთის (1819), აფხაზეთის (1824)] შესახებ. როცა რუსეთის მთავრობასთან მოსახლეობის ურთიერთობაზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ "სომხები ყოველთვის რუსეთის ერთგულნი რჩებოდნენ და არც ერთ ამბოხებაში არ მონაწილეობდნენ". ე. დიდ ყურადღებას უთმობს ქართ. კულტურას, აღნიშნავს მის დიდ კულტ. წარსულს, რასაც ადასტურებს, თუნდაც, ეკლესიებისა და ნანგრევების სიმრავლით. ამავე დროს კარგად იცის ამ კულტურის დაცემის მიზეზებიც – ქვეყნის ისტორიას იგი უწოდებს დამპყრობთა წინააღმდეგ გამუდმებული ომების ისტორიას.

თხზ .: Reise auf dem Caspischen Meere und in den Kaukasus, Tübingen, 1834.

ლიტ .: ედუარდ აიხვალდი საქართველოს შესახებ. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებელი დაურთო გია გელაშვილმა, თბ., 2005; П о л и е в к т о в М. А., Европейские путеше- ственники по Кавказу 1800–1830 гг., Тб., 1946. გ. გელაშვილი.