ეკალღიჭი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეკალღიჭი. ეკლიანი ღერო ნაყოფით.

ეკალღიჭი (Smilax excelsa), მხოხავი ბუჩქი შროშანისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 10–15 (20) აღწევს. მის გრძელ მცოცავ ღეროებს მაგარი მჩხვლეტავი ეკლები აქვს, ფოთლის ყუნწს კი – ძირში ორი მოწითალო ან მწვანე ულვაში, რითაც საყრდენს ეხვევა. მომწვანო წვრილი ყვავილები მტევნისებრ ქოლგა ყვავილედებშია თავმოყრილი. ნაყოფი წითელი კენკრაა. იზრდება კავკასიაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიასა და ირანში. ფართოდ არის გავრცელებული საქართვ. დაბლობისა და ჭალის ტყეებში; ხეებზე ძალიან მაღლა ადის და ისე იხლართება, რომ ტყე ხშირად გაუვალი ხდება. როგორც სარეველა, იშვიათად გვხვდება ჩაის პლანტაციებშიც. მის ნორჩ ყლორტებს საჭმელად იყენებენ, ხოლო ფოთლებს – ხალხ. მედიცინაში. დეკორატიულია, განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როცა ნაყოფი წითლდება.