ეკატერინეს დედათა მონასტერი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა ეკატერინეს დედათა მონასტერი. XVI ს. იერუსალიმი.

მდებარეობს იერუსალიმში წმ. საფლავის ეკლესიის მახლობლად. ტიმოთე გაბაშვილის გადმოცემით, "მონასტერი დედათი წმიდისა ეკატერინესი – ფანასკერტელისაციციშვილისა ამილღაბარისა და მაჩაბელთ, მოხსენება მუნ (არს). ესე მონასტერიცა დედათი არს". მაშასადამე, მონასტრის ერთ-ერთი ამშენებელი ფანასკერტელ-ციციშვილი იყო. ტიმოთე გაბაშვილის ნათქვამის მიხედვით, ამილღაბარ ფ ა ნ ა ს კ ე რ ტ ე ლ - ც ი ც ი შ ვ ი ლ თ ა ნ ერთად წმ. ეკატერინეს მონასტრის დამაარსებელი მაჩაბელიც იყო. მართალია, მაჩაბელი აღაპებში არ მოიხსენიება, მაგრამ ეს სხვა წერილობითი წყაროებით დასტურდება. იერუსალიმის წმ. ეკატერინეს მონასტერი სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის მეტოქად (მონასტრის კუთვნილ და დაქვემდებარებულ ეკლესიად) იქნა დადგენილი, რ-ის ერთ-ერთი დანიშნულება საქართველოდან წმ. მიწაზე მისული პილიგრიმების სინას მონასტერთან დაკავშირება და შეწირულობათა გადაგზავნა იყო. სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერს მრავალ ქვეყანაში ჰქონდა მეტოქი ეკლესია-მონასტრები და მამულები. თბილისში მას ეკუთვნოდა წმ. ეკატერინეს ეკლესია, სოფ. მეღვრეკისში (გორის მახლობლად) კი – მამულები. გამოთქმულია ვარაუდი (ე. მეტრეველი), რომ იერუსალიმის წმ. ეკატერინეს მონასტერი დაარსებული უნდა იყოს XIV ს. პირველი ნახევრიდან XV ს. დამდეგამდე. დროის დაზუსტებისას შესაძლებელია უპირატესობა მიენიჭოს XV ს. დამდეგს, რადგან ქტიტორები იმ მაჩაბელთა შორის უნდა ყოფილიყვნენ, რ-ებმაც თავი გამოიჩინეს თემურ-ლენგის წინააღმდეგ ბრძოლაში. XVIII ს. შუა ხანებში მონასტერში ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ ქართველები. ე. დ. მ. ამჟამად ბერძნების კუთვნილებაა.

წყარო : გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ტ., მიმოსლვა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1956; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962.

ლიტ. : კ ლ დ ი ა შ ვ ი ლ ი დ., სინის სულთა მატიანე. ფანასკერტელციციშვილთა საქტიტორო მოღვაწეობა წმინდა მიწასა და სინაზე, «ენიმკი». ისტორიულ-ფილოლოგიური ძიებანი, თბ., 2002; მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, გორი, 1998. ე. მამისთვალიშვილი.