ეკატერინე II

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსის ასული [21. IV (2.V). 1729, შტეტინი, გერმანია, – 6 (17). XI. 1796, ცარსკოესელო, ახლანდ. ქ. პუშკინი], რუსეთის იმპერატორი 1762 წ. 28 ივნისიდან. ე. II წარმომავლობით ღარიბ გერმ. მთავართა გვარიდან იყო (ქალიშვილობაში – სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტი). 1745 ცოლად გაჰყვა რუს. ტახტის მემკვიდრეს (შემდგომ პეტრე III-ს), რ-იც გამეფებისთანავე ტახტიდან ჩამოაგდო და თვითონ გამეფდა. ე. II-მ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია (საკანონმდებლო აქტები, სახელმწ. ტერიტ. ზრდა და სხვ.). იგი აქტიურად მონაწილეობდა იმპერიის ცხოვრებაში, მტკიცედ ატარებდა თავად-აზნაურთა ინტერესების გამომხატველ პოლიტიკას, თუმცა ნიღბავდა მას ლიბერალური ფრაზებით, რაც დამახასიათებელი იყო ე. წ. "განათლებული აბსოლუტიზმისათვის". ე. II-ის დროს მოხდა გლეხთა ამბოხი ემელიან პუგაჩოვის წინამძღოლობით (1773–75). ამას მოჰყვა რეაქციის გაძლიერება და თავად-აზნაურთა უფლებაპრივილეგიების განმტკიცება (1785 წყალობის სიგელი). ე. II-ის საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო დასავლეთით (რეჩპოსპოლიტა – პოლონეთის სამგზის დაყოფა) და სამხრეთით (ოსმალეთი, ჩრდ. შავიზღვისპირეთი, ყირიმი, ჩრდ. კავკასია). რუსეთს ოსმალეთთან ომში ევრ. სახელმწიფოების მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდა და მოკავშირეებს ბალკანეთსა და კავკასიაში ეძებდა. ამ მიზნით ე. II-ს მთავრობამ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა სოლომონ I-თან, ერეკლე II-თან და ისინი ოსმალეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრია. ამის შედეგად ქართვ. მეფეებს კიდევ უფრო გაურთულდათ ურთიერთობა ოსმალეთთან, რუსეთმა კი დიდ დიპლ. და სამხ. წარმატებებს მიაღწია. ამ ომების შედეგად რუსეთი მტკიცედ დამკვიდრდა შავ ზღვასა (1783 შეიერთა ყირიმი) და კავკასიაში (1783 ქართლკახეთის სამეფოსთან დაიდო მფარველობითი ტრაქტატი. იხ. გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 ), რაც განპირობებული იყო რუსეთის აქტ. კოლონ. პოლიტიკით. რუსეთს თავისი მიზნები ჰქონდა და სრულიადაც არ აპირებდა ტრაქტატით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას (იხ. კრწანისის ბრძოლა 1795 ). ე. II-მ ფაქტობრივად მოამზადა რუს. მიერ საქართვ. ანექსია. ე. II-მ დატოვა ფართო ლიტ. მემკვიდრეობა (სტატიები, კომედიები, ზღაპრები, ისტ. თხზულებები, მიმოწერა დას. ევრ. განმანათლებლებთან), რაც მნიშვნელოვანი წყაროა მისი მოღვაწეობის შესასწავლად.

ლიტ. : С о л о в ь е в С. М., История России с древнейших времен, Соч., т. 25– 29, М., 1965–66; Т а р л е Е. В., Екатерина Вторая и ее дипломатия, ч. 1–2, М., 1945. ნ. ნაკაშიძე.