ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობას განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუცია (მ. 9). სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან; ამასთან, იგი აღიარებს საქართვ. სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართვ. ისტორიაში. საქართველოში ისტორიულად სახელმწ. რელიგია იყო მართლმადიდებლობა, რ-მაც მნიშვნელოვანწილად ჩამოაყალიბა მრავალსაუკუნოვანი ქართ. კულტურა, ეროვნ. მსოფლმხედველობა და ფასეულობანი. საქართვ. სახელმწიფოსა და საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას 2002-იდან აწესრიგებს კონსტ. შეთანხმება – სამართლებრივი აქტი, რ-საც საქართვ. კონსტიტუციის შემდეგ უპირატესი იურიდ. ძალა აქვს სხვა სამართ. აქტების მიმართ. კონსტ. შეთანხმება სრულად უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ძირითადი კანონის მოთხოვნებს და საერთაშ. სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სფეროში. კონსტ. შეთანხმებით სახელმწ. და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. კონსტიტუციური შეთანხმებით საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესია "წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, – სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს". გამომდინარე აქედან, იგი არ საჭიროებს რაიმე სახის რეგისტრაციას იურიდ. პირის სტატუსის მოსაპოვებლად. კონსტ. შეთანხმება განსაზღვრავს საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებს საზ. ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, აგრეთვე სახელმწიფოსთან მისი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, ეკლესიასთან ურთიერთობაში სახელმწ. ვალდებულებებს შეთანხმება ადგენს სას. პირების სამართ. მდგომარეობას, მათი უფლებების დაცვის სამართ. გარანტიებს, ეკლესიის საკუთრების საკითხებსა და სხვ. შეთანხმებას ხელს აწერენ საქართვ. პრეზიდენტი და სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი, ამტკიცებს პარლამენტი და წმინდა სინოდი. საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიისაგან განსხვავებით, საქართველოში მოქმედი სხვა რელიგ. გაერთიანებების სამართ. სტატუსს განსაზღვრავს საქართვ. სამოქალაქო კოდექსი (მმ. 1509, 15091), რომლის თანახმად 2011- იდან რელიგ. გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდ. პირებად, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი. რეგისტრაციას ახორციელებს საქართვ. იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნ. სააგენტო. იგი უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდ. პირად დაარეგისტრიროს მხოლოდ ის რელიგ. გაერთიანება, რ-საც საქართველოსთან ისტ. კავშირი გააჩნია ან ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად. საჯარო სამართლის იურიდ. პირად რეგისტრირებულ რელიგ. გაერთიანებაზე არ ვრცელდება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართვ. კანონი. ამ რელიგ. გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდ. პირების რეგისტრაციისათვის დადგენილი წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება სამოქ. კოდექსის I კარის II თავით. რელიგ. გაერთიანებას საჯარო სამართლის იურიდ. პირად ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდ. პირად რეგისტრაციაზე შეიძლება უარი ეთქვას იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მისი მიზნები ეწინააღმდეგება მოქმედ სამართალს, აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს ან საქართვ. კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. იხ. აგრეთვე სტ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

წყარო : კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, «საქართველოს საკანონმდებლო მაცნე», 27. XI. 2002, #116, მ. 1017.

ლიტ.: ხ ე ც უ რ ი ა ნ ი ჯ., კონსტიტუციური შეთანხმება და რელიგიური გაერთიანებების სამართლებრივი სტატუსის ზოგიერთი საკითხი საქართველოში, მის. წგ.: ძიებანი ქართულ სამართალმცოდნეობაში, თბ., 2011, გვ. 48–90. ჯ. ხეცურიანი.