ეკონომეტრიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე კ ო ნ ო მ ე ტ რ ი ა (ეკონომიკა და ბერძნ. metreō – ვზომავ), მეცნიერება, რომელიც მათემატიკური და სტატისტიკური მეთოდებისა და მოდელების მეშვეობით შეისწავლის ეკონომიკური ობიექტებისა და პროცესების განვითარების რაოდენობრივ კანონზომიერებასა და ურთიერთკავშირს. ე-ის გამოყენების სფეროა აგრეთვე ეკონ. თეორიაში შემუშავებული ჰიპოთეზებისა და მოდელების დაკონკრეტება და ფაქტობრივი მასალით შემოწმება. ე., როგორც დამოუკიდებელი მეცნ. მიმართულება, XX ს. I ნახევარში ჩამოყალიბდა. 1930 წ. 29 დეკემბერს ქ. კლივლენდში (აშშ, ოჰაიოს შტატი) მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის სხდომაზე ი. ფიშერის, რ. ფრიშის, ი. ტინბერგენის, ი. შუმპეტერის, ჯ. ანდერსენის და სხვა ცნობილი მეცნიერების ინიციატივით შეიქმნა ეკონომეტრისტთა საზ-ბა, სადაც ნორვეგიელმა მეცნიერმა რ. ფრიშმა სტატისტიკის, ეკონ. თეორიისა და მათემატიკის შერწყმის შედეგად წარმოქმნილ ახ. მეცნიერულ მიმართულებას ე. უწოდა. ამავე დროს დაარსდა სპეციალიზებული ჟურნ. „Econometrica", რ-იც 1933-იდან გამოდის. თანამედროვე ე. ორი ნაწილისგან შედგება: ეკონომეტრიკული მეთოდები და ამ მეთოდების გამოყენება კონკრეტულ ეკონ. ამოცანებში. ეკონომეტრიკული მეთოდები ძირითადად რეგრესიულ ანალიზს ეფუძნება, რ-იც სტატისტ. თეორიისა და სტატისტ. მეთოდების ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია. ამავე დროს, პრობლემის სპეციფიკა, რ-ის გადაწყვეტისთვისაც გამოიყენება ე-ის მეთოდები, განაპირობებს სტატისტ. ტრადიციულ მიდგომებში როგორც გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობას, ისე ახ. მიმართულების შემუშავებას. გამოყენებითი ნაწილი კი მთლიანად ეკონ. თეორიაზეა დაფუძნებული და შესაბამისი ეკონომეტრიკული მოდელების აგებითა და გამოკვლევით ეკონ. კანონზომიერებების გამოვლენას ან ჰიპოთეზური თეორიული მოსაზრების ემპირიულ დადასტურებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ე. შეიძლება განვიხილოთ როგორც სტატისტიკისა და ეკონ. თეორიის მიმართულებათა სინთეზი. ამ სინთეზში მნიშვნელოვან როლს მათემატიკა ასრულებს. მის საფუძველზე ხდება თეორიული კავშირურთიერთობების მოდელირება და სტატისტიკური მეთოდებით შემოწმება. მსოფლიო მეცნიერებაში ე-ს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ეკონომეტრისტები: ი. ტინბერგენი, რ. ფრიში, ლ. კლაინი, ტ. ჰოველმო, ჯ. ჰეკმანი, დ. მაკფადენი. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ე-ის სფეროში კვლევითი და გამოყენებითი სამუშაოების შესრულება XX ს. 60- 593 იან წლებში დაიწყო. ამ პროცესში ჩართული იყო ვ. მელქაძის სახ. სოციალურ- ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნ.-კვლ. ინ-ტი (2007-მდე), პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტი, ი. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნტი და სხვ., სადაც სპეციალურად შექმნილ ლაბორატორიებში, განყბებში და კათედრებზე მიკრო- და მაკროეკონომიკური ეკონომეტრიკული მოდელების აგებითა და გამოყენებით ხორციელდებოდა ეკონ. ანალიზი, პროგნოზირება და დაგეგმვა. ამჟამად საქართველოში ე. ძირითადად მაკროეკონომიკური კანონზომიერებების ანალიზისა და დასაბუთებისათვის გამოიყენება. 1997-იდან საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიაში ე-ის დარგში ჩამოყალიბებულია სამეცნ. მიმართულება. ი. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტში არსებობს ე-ის კათედრა, რ-ის ბაზაზეც 2002-იდან რეგულარულად მიმდინარეობს მაგისტრების მომზადება სპეციალიზებული პროგრამის შესაბამისად. ქართვ. მეცნიერთაგან ე -ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: ი. ანანიაშვილმა, კ. აჩელაშვილმა, გ. მახვილაძემ, ი. მესხიამ , ვ. პაპავამ , ს. სანაძემ, რ. სარჩიმელიამ, გ. შ.წერეთელმა და სხვ.

ლიტ .: ა ნ ა ნ ი ა შ ვ ი ლ ი ი., ეკონომეტრიკა, ნაწ. 1, თბ., 2008; Е л и с е е в а И. И., и др., Эконометрика, М., 2005; G r e e n e W. H., Econometric Analysis, fifth edition, New Jersey, 2002. ი. ანანიაშვილი. ს. სანაძე.