ეკონომიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(ბერძნ. oikonomikē< oikos – სახლი, მეურნეობა, nomos – წესი, კანონი), მეცნიერება მეურნეობის გაძღოლის კანონების შესახებ. თავდაპირველად ეს ტერმინი გულისხმობდა საოჯახო მეურნეობის მართვის ხელოვნებას, თუმცა შემდეგ უფრო ფართო შინაარსი შეიძინა. "ეკონომიკა" მოიაზრება როგორც: 1. ეკონომიკურ (წარმოებრივ) ურთიერთობათა ისტორიულად განსაზღვრული ერთობლიობა (მაგ., კაპიტალიზმის ე.); 2. ქვეყნის ე. (მაკროეკონომიკა ); 3. რაიონის, მხარის ე. (რეგიონული ეკონომიკა ); 4. საწარმოს, ფირმის ე. (მიკროეკონომიკა ); 5. დარგის, სფეროს, დარგთაშორისი კომპლექსის ე. (მეზოეკონომიკა ); 6. მსოფლიო ე. (მეგაეკონომიკა ). ე-დ იწოდება, აგრეთვე, კონკრეტული ეკონ. მეცნიერებანი, მ. შ. დარგობრივი (მაგ., მრეწველობის ე.,სოფლის მეურნეობის ე., მშენებლობის ე. და ა. შ.) და ფუნქციური (ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი; სტატისტიკა; ბუღალტერია და აუდიტი; მენეჯმენტი; მარკეტინგი და სხვ.) ე. ე-ის ცნება და ამ ცნებით გამოხატული შინაარსი, ობიექტური რეალობა, ისევე ძველია, როგორც ცივილიზებული საზოგადოება. იგი ცივილიზაციის მიზეზიც არის და შედეგიც. ე-ის შესახებ პრიმიტიული, იმდროინდელი ცივილიზაციის შესაბამისი, წარმოდგენები მოცემულია ძველეგვიპტურ პაპირუსებში, ქვაზე ამოკვეთილ სოლისებრ წარწერებში, ძველ ინდურ „ვედებში“, ბაბილონის მეფის ხამურაბის (ძვ. წ. 1792–1750) კანონებში, ჩინელი მოაზროვნის – კონფუცის (ძვ. წ. VI–V სს.) შეხედულებებში და სხვ. ე-მ, ისევე როგორც მეცნ., ხელოვნ. და ლიტ-რის თითქმის ყველა დარგმა, თავის დროისათვის განვითარების მაღალ დონეს მიაღწია ძველ საბერძნეთში. ითვლება, რომ ტერმინი „ეკონომიკა“ ჯერ კიდევ ძვ. წ. VIII–VII სს. პირველად მოიხსენია ბერძენმა პოეტმა ჰესიოდემ, ხოლო სამეცნ. ლიტერატურაში შემოიტანა ძველბერძნული ეკონ. აზრის თვალსაჩინო წარმომადგენელმა – ქსენოფონტმა (დაახლ. ძვ. წ. 435/431–355/354), რ-მაც დაწერა ნაშრომი სახელწოდებით „ეკონომიკა“ („ოიკონომია“). ეკონ. მეცნიერების საწყისების შექმნასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით აგრეთვე ანტ. პერიოდის ძველბერძენ მოაზროვნეებს პლატონსა (ძვ. წ. 428/427–348/347) და არისტოტელეს (ძვ. წ. 384–322). ისინი მსჯელობდნენ საქონლის ღირებულებასა და სახმარ ღირებულებაზე, ნივთის სარგებლიანობაზე, როგორც მატერ. დოვლათის ამოსავალ ფასეულობაზე, თანაბარი სიდიდის ღირებულებათა გაცვლის ეკვივალენტურობაზე და სხვ., რითაც ეკონ. მეცნიერების ამოსავალ დებულებებს აყალიბებდნენ. არისტოტელე ე-ს, როგორც მეცნიერებას სიმდიდრის შესახებ, ორ ნაწილად ყოფდა: საკუთრივ ე. – სახმარ ღირებულებათა ერთობლიობა და მისი შექმნის ხელოვნება–, და ქრემატისტიკა – ფულის კეთების ხელოვნება. პირველს იგი მაღალ შეფასებას აძლევდა და საზოგადოების განვითარების აუცილებელ პირობად მიიჩნევდა, ხოლო მეორეს დაბალი ღირსების ადამიანთა საქმიანობად თვლიდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ძველბერძენმა მოაზროვნეებმა მოგვცეს თანამედროვე ეკონ. მეცნიერების ამოსავალი ძირითადი თეორ. დებულებანი. ე-ის რიგ საკითხებზე საყურადღებო მოსაზრებებს ავითარებდნენ ანტ. რომის მოაზროვნეებიც: სენეკა (ძვ. წ. 4–ახ. წ. 65), ლუკრეციუსი (ძვ. წ. I ს.), კატონ უფროსი (ძვ. წ. 234–149), ვარონი (ძვ. წ. 116–27), ძმები ტიბერიუს (ძვ. წ. 162–133) და გაიუს (ძვ. წ. 153–121) გრაკქუსები, კოლუმელა (ახ. წ. I ს.) და სხვ. მაგრამ ძვ. სამყაროს მოაზროვნეებმა ვერ შეძლეს ეკონ. მოვლენების გამოყოფა საზ. პროცესების მთელი ერთობლიობიდან და სისტემატიზებული მოძღვრების შექმნა ე-ზე. სამეურნეო საქმიანობის, ე. ი. ე-ის არსის გაგებაში სიცხადე შეიტანა ქრისტიანულმა მოძღვრებამ. მან ყველაზე მარტივი სამეურნეო შრომა გამოაცხადა აუცილებელ და წმინდა საქმედ. ამ პრინციპს ადასტურებს პავლე მოციქულის სიტყვები: „თუ ვინმეს არ უნდა იშრომოს, ის არ ჭამს“. ქრისტ. მოძღვრებაში გარკვეულწილად მოცემულია სამართლიანი ფასის, პროდუქტების სოციალური და არა ინდივიდუალური შეფასების პრინციპები, გაშუქებულია საკუთრება, სიმდიდრე და სხვა ეკონ. პრობლემები. ეკონ. მეცნიერება მეტ-ნაკლებად ვითარდებოდა შუა საუკუნეებშიც, თუმცა არსებითი წინსვლა მას ამ პერიოდში არ განუცდია, მეცნიერების დარგად არ ჩამოყალიბებულა. კაპიტალიზმის წინა და ჩასახვის პერიოდში კი წარმოიშვა ეკონ. მიმდინარეობები, რ-თა წარმომადგენლების შრომებმა მყარი ნიადაგი მოამზადა და რეალური წანამძღვრები შექმნა კლასიკური ეკონ. მეცნიერების წარმოშობაგანვითარებისათვის. ეს მიმდინარეობები იყო: მერკანტილიზმი (ქვეყნის სიმდიდრის ზრდის გადამწყვეტ პირობად საგარეო ვაჭრობის განვითარებას მიიჩნევდა) – ცნობილი წარმომადგენლები: ტომას მანი (1571–1641), ანტუან დე მონკრეტიენი (1575–1621), ჰესკარ სკარუფი (1519–85), დედლი ნორე (1641–91), დეივიდ ჰიუმი (1711–76) და ფიზიოკრატიზმი (ქვეყნის სიმდიდრის ზრდის ერთადერთ წყაროდ სოფ. მეურნეობის კერძოდ, მიწათმოქმედების განვითარებას აღიარებდა) – მთავარი წარმომადგენლები: ფრანსუა კენე (1694–1774), ვიქტორ მირაბო რ ი კ ე ტ ი მარკიზ დე (1715–89), დიუპონ დე ნემური (1739–1817), ანნ რობერ ჟაკ ტიურგო (1727–81). ეკონ. მეცნიერება სისტემატიზებული სახით, პოლიტ. ეკონომიის სახელწოდებით პირველად ჩამოყალიბდა აღმავალი კაპიტალიზმის ეპოქაში, XVII ს-ში. მან წარმოშობიდან დღემდე განიცადა ტრანსფორმაცია სხვადასხვა მიმართულებების სახით (იხ. სტ-ები: ეკონომიკური თეორია და ეკონომიკური მეცნიერება). ე., როგორც ინტეგრირებული სისტემა, შეიძლება სხვადასხვა კუთხით განვიხილოთ: როგორც მეურნეობა, მეცნიერება და კულტურა. როგორც მეურნეობა, იგი შეისწავლის ადამიანთა ურთიერთობის კულტურას მეურნეობრიობის, წარმოების სფეროში და, შესაბამისად, წარმოების კულტურას; როგორც მეცნიერება, იგი სწავლობს და იკვლევს მეურნეობას. ორივე ერთად კი წარმოადგენს კულტურის ნაწილს. წარმოების განვითარების, ეკონ. ძლიერების მიღწევის აუცილებელი, ზნეობრივად გამართლებული, ჰუმანური გზაა წარმოებისა და შრომის ანუ ე-ის სწორი ორგანიზაცია; ბუნებრივი, შრომითი, ინტელექტუალური, მატერ. და ფინანს. რესურსების რაციონალური გამოყენება; სამეცნ.-ტექნიკური მიღწევების დროული დანერგვა წარმოებაში; მეურნეობრიობის პროგრესული ფორმებისა და მეთოდების გამოყენება; ობიექტურ შესაძლებლობებზე დამყარებული მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამების შედგენა და მათი რეალიზაცია. ბუნებრივად განვითარებადი, გაწონასწორებული ე. ობიექტურად გამორიცხავს ყოველგვარ უკიდურესობას მეურნეობრიობაში. მაგ., ერთნაირად მიუღებელია სახელმწიფოს მიერ როგორც მეურნეობის მართვის ყველა ფუნქციის შესრულება (მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემის დროს), ასევე მისგან სახელმწიფოს განთავისუფლება (როგორც ეს მოხდა XX ს. 90-იანი წლების საქართველოში და ბევრ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში). ეკონ. მეცნიერებისა და სამეურნეო პრაქტიკის უმთავრესი ამოცანაა შეიმუშაოს მეურნეობრიობის ისეთი მეთოდები, პრინციპები და პროგრამები, რ-თა ცხოვრებაში გატარება უზრუნველყოფს საზოგადოების ყველა ფენის, კლასის, ადამიანთა ჯგუფების, თითოეული ადამიანის ინტერესების ურთიერთშეხამებას, ხელშემწყობი ფაქტორების ამოქმედებას და ხელშემშლელი ფაქტორების გაუვნებელყოფას, წარმოების მამოძრავებელი ძალების მოქმედებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას და, ყოველივე ამის შედეგად, ე-ის ბუნებრივ განვითარებას, მის წინაშე მდგარი ამოცანებისა და პრობლემების რაციონალურ გადაწყვეტას. ამდენად, ე. წარმოადგენს ადამიანთა ურთიერთობების გარკვეულ მოდელს და, ისევე როგორც ადამიანის შემოქმედების ყველა დანარჩენ სფეროს, მასაც თავისი ადგილი უკავია და ყველა სხვა ურთიერთობათა საფუძვლადაც კი გვევლინება. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ე კ ო ნ ო მ ი კ ა იხ. სტ-ებში: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა; საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა; საქართველოს რესპუბლიკა; საქართველო. გ. ყუფუნია.

ეკონომიკა

Ekonomika.jpg

(შპს „ჟ უ რ ნ ა ლ ი ე კ ო ნ ო მ ი კ ა"), ყოველთვიური საერთაშორისო რეცენზირებადი და რეფერირებადი სამეცნიერო– პრაქტიკული ჟურნალი. პირველი ნომერი „საქართველოს ეკონომისტის" სახელწოდებით გამოვიდა 1918 წ. 13 სექტ., იყო ორკვირეული ჟურნალი; იბეჭდებოდა ქართ. და რუს. ენებზე. შემდეგ იგი გამოდიოდა სხვადასხვა სახელწოდებით: „ეკონომისტი" (1925–26), „საქართველოს ეკონომისტი" (1926–31), „საქართველოს სოციალისტური მეურნეობა" (1931–41). 1941–57 ჟურნალი არ გამოსულა. 1958– იდან მისი გამოცემა განახლდა პ. გუგუშვილის ინიციატივით და 1967-მდე ჟურნალს ერქვა „საქართველოს ეკონომისტი", 1967–73 – „საქართველოს სახალხო მეურნეობა", 1974–90 – „ეკონომისტი", 1991-იდან – „ეკონომიკა“. სხვადასხვა წლებში იყო საქ. სსრ უმაღლესი ეკონ. საბჭოს, საქ. სსრ სახელმწიფო საგეგმო კომისიის, საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკისა და სამართლის ინ-ტისა და სხვათა ორგანო. 1992–93 ჟურნალი დამოუკიდებელი იყო, 1993-იდან კი საქართვ. რესპ. ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს ორგანო გახდა. 1998- იდან ჟურნალი ექვემდებარებოდა საქართვ. ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ ეკონ. და სოც. პრობლემების სამეცნ.-კვლ. ინ-ტს. 1999-იდან არის შპს. ჟურნალი აშუქებდა ქვეყნის სოც.- ეკონ. განვითარების მწვავე და აქტუალურ საკითხებს. ამჟამად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებისა და სოც.-ეკონ. განვითარების უმნიშვნელოვანეს პრობლემებს. ჟურნალს რედაქტორობდნენ: დ. თოფურიძე (1918–19), ს. ჩიხლაძე (1925–26), ვ. ავაქოვი და ა. კვირიკაძე (1926–31), კ. ორაგველიძე (1931–32), რ. მელაძე (1933–37), კ. თარგამაძე (1937–41), პ. გუგუშვილი (1958–67), ს. ინწკირველი (1967–69), თ. გოქსაძე (1969–76), ი. კრავცოვი (1976–93), 1993-იდან მთ. რედაქტორია რ. შენგელია.

ლიტ .: გ უ გ უ შ ვ ი ლ ი პ., ქართული ეკონომიკური პუბლიცისტიკის ფლაგმანი, «ეკონომისტი», 1975, #12; შ ე ნ გ ე ლ ი ა რ., ეკონომიკური აზრის მატიანე, «ეკონომიკა», 1998, #7–9; ჯ ი ბ უ ტ ი მ., რა ხნისაა ქართული ეკონომიკური ჟურნალი, «მაცნე». ეკონომიკისა და სამართლის სერია, 1987,

  1. 1. მ. ჯიბუტი .