ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკური პროფილის კვლევითი დაწესებულება. შეიქმნა 1963 საქ. სსრ სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან. თავდაპირველად სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ერქვა, ხოლო რეორგანიზაციისა და კვლევის მიმართულებებში აქცენტების შეცვლის გამო 1982-იდან ეწოდა სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 1991-იდან – ეკონომიკისა და ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (დაექვემდებარა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს), 1992-იდან – ეკონომიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (დაექვემდებარა ეკონომიკის სამინისტროს), 1994-იდან – ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, 2002-იდან გახდა საჯარო სამართლის იურიდ. პირი და ეწოდა ვ. მელქაძის სახ. სოციალურ- ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტი (ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ), 2004-იდან – ე. კ. ი. (ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ზედამხედველობის ქვეშ), 2006-იდან კი – საფინანსო-ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტი. იმავე წელს ინ-ტმა შეწყვიტა ფუნქციონირება. ინ-ტს სხვადასხვა დროს სათავეში ედგნენ: ვ.მელქაძე (1963–81); კ.ჩარკვიანი (1981–87); ვ.ადვაძე (1987–91 და 1992–93); ი.მესხია (1991– 92); ნ.ჭითანავა (1993–2004); დ. ჭკადუა (2004–05); მ. კაკულია (2005); ს. სანაძე (2006). სხვადასხვა ეტაპზე ინ-ტის კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო: საქართველოს ეკონ. და სოც. განვითარების სხვადასხვავადიანი პროგნოზების, პროგრამებისა და ინდიკატიური გეგმების შედგენის თეორიულ-მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფა და მათი პროექტების მომზადება; საქართვ. სოც.-ეკონ. სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისათვის მეცნ. რეკომენდაციების შემუშავება; ეკონ. რეფორმის თეორ. და პრაქტ. საკითხების, ცხოვრების დონის, სოციალური ინფრასტრუქტურის პრობლემების კვლევა; მაკრო- და მიკროეკონომიკური პროცესების, მეურნეობის დარგებისა და დარგთაშორისი კომპლექსების ანალიზი და მათი განვითარების კონცეფციების შემუშავება; ფულის მიმოქცევის, ფასწარმოქმნის საკითხების მარკეტინგული კვლევა; საგარეო ეკონ. ურთიერთობების რაციონალიზაციის მეცნ. რეკომენდაციების შემუშავება; დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემების შესწავლა; დემოგრაფიული საკითხებისა და რეგიონული პრობლემების კვლევა; ეკონ.-მათ. მოდელების შემუშავება; ქვეყნის მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და სტრატეგიული განვითარების, საქართველოს ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის, სოც. სფეროსა და სოც. პოლიტიკის, საერთაშორისო ბიზნესის, რეალური სექტორის ეკონ. საკითხების შესწავლა. XX ს. 70-იანი წლებიდან ინტმა ეკონომიკის დაგეგმვის, მართვის, რეგულირების მაკრო-, მეზო- და მიკროეკონომიკის კვლევის პარალელურად განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ამ პრობლემების რეგიონულ ჭრილში შესწავლას. ამ მიზნით თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, სოხუმში, ბათუმში, ცხინვალში, ზუგდიდში, თელავში, ოზურგეთში, გორსა და ახალციხეში გაიხსნა რეგიონული განყ-ბები, რ-ებიც 1994-იდან გარდაიქმნა რეგიონულ სამეცნიერო ცენტრებად, შემუშავდა საქართველოს რეგიონების ეკონ. და სოც. განვითარების კომპლექსური პროგრამა გრძელვადიანი პერიოდისათვის "საქართველო 2000–რეგიონები". გამოსაცემად მომზადდა ამ პროგრამის 15 ტომი, გამოიცა 8 ტომი. სამეცნ.-კვლევითი მუშაობის პარალელურად ინ-ტი სისტემატურად ასრულებდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისა და სხვადასხვა საერთაშ. ორგანიზაციების დაკვეთებს, აქტიურად მონაწილეობდა ეკონ. რეფორმის სრულყოფის ეტაპობრივ სამუშაოებში, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის შემუშავებაში, ქვეყნის ეკონ. კრიზისიდან გამოყვანის ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადებაში. ინ-ტში შექმნილი სამეცნ. პროდუქცია არაერთხელ აღინიშნა სხვადასხვა პრემიით. კერძოდ, კოლექტიურ მონოგრაფიას "საბჭოთა საქართველოს ეკონომიკა: მიღწევები, პრობლემები, პერსპექტივები" (ავტორთა ჯგუფი: ვ. მელქაძე, ი. მიქელაძე, კ. ჩარკვიანი, პ. ჟღენტი, ნ. სანთელაძე, გ. მალაშხია, გ. ბუაჩიძე) 1975 მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნ. და ტექ. დარგში. ე. კ. ი. დაარსების დღიდან სისტემატურად გამოსცემდა შრომების კრებულს "საქართველოს ეკონომიკის პრობლემები"; 1996– 2004 კი გამოდიოდა სახელწოდებით: "საბაზრო ეკონომიკის ფორმირებისა და ფუნქციონირების პრობლემები საქართველოში". .2005-მდე ინ-ტში ფუნქციონირებდა სამეცნ. კადრების მომზადების სისტემა ასპირანტურისა და სამეცნ. ხარისხის მაძიებლობის ფორმით, აგრეთვე სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი საბჭო, რ-იც განათლებისა და მეცნიერების სფეროში გატარებული რეფორმის შედეგად გაუქმდა. ლ.ხელიძე.