ეკონომიკური განათლება,

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლების ეკონომისტების მომზადების სისტემა. XX ს. დასაწყისში ეკონომისტთა კადრებს ამზადებდა ამიერკავკასიის პირველი უმაღლესი სასწავლებელი – ქალთა უმაღლესი კურსების ისტორია-სიტყვიერების ფაკ-ტი, თბილისის საკომერციო სასწავლებელი (1906–09), თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ეკონ. ფაკ-ტი (1917–28), მაგრამ უმაღლესი კვალიფიკაციის ეკონომისტთა ეროვნ. კადრების მომზადების პირველი კერა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) იყო. უნ-ტის გახსნისთანავე მისი ერთ-ერთი ფუძემდებლის ფ.გოგიჩაიშვილი-ს ხელმძღვანელობით სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე დაარსდა ეკონ. განყ-ბა და ჩამოყალიბდა პოლიტ. ეკონომიის კათედრა. პირველ ხანებში მომზადებულ ეკონომისტთა ეროვნ. კადრების რაოდენობა უმნიშვნელო იყო; უნ-ტის პირველი გამოშვების (1922) 28 სპეციალისტს შორის მხოლოდ ერთი იყო ეკონომისტი. 1922 თსუ-ში შეიქმნა სოც.-ეკონ. ფაკ-ტი ეკონომიკური და იურიდ. განყ-ბებით. უნ-ტის რეორგანიზაციის (1930) დროს ის წარმოადგენდა საფინანსო-კოოპერაციულ ინ-ტს, 6 თვის შემდეგ ეწოდა საფინანსო- ეკონომიკური ინ-ტი, რ-იც უნ-ტის აღდგენისას (1933) შევიდა მის შემადგენლობაში როგორც ეკონომიკური ფაკ-ტი პოლიტ. ეკონომიის საგეგმო და საფინანსო განყ-ბებით. 1972 უნ-ტში შეიქმნა სახ. მეურნეობის ხელმძღვანელ მუშაკთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ფაკ-ტი, სადაც წლიურად იღებდნენ 2000 კაცს; სწავლების ვადა წარმოებისაგან მოწყვეტით 1 თვე იყო, მოუწყვეტლად – 6 თვე. 1988-თვის თსუ-ში იყო ეკონ. პროფილის 2 ფაკ-ტი, 1992–97 – 3 ფაკ-ტი, ხოლო 1997–98 სასწ. წელს კი – 4 ფაკ-ტი. თსუ უმაღლესი განათლების მქონე ეკონომისტთა მომზადების ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. ეკონ. ფაკ-ტზე 1995-იდან შემოღებულია სწავლების 2-საფეხურიანი სისტემა – ბაკალავრიატი+ მაგისტრატურა (4+2). ოთხი წლის მანძილზე ბაკალავრიატში სტუდენტები იღებენ ზოგად ეკონ. განათლებას. კურსდამთავრებულს სახელმწ. გამოცდების ჩაბარების შემდეგ ენიჭება ბაკალავრის აკად. ხარისხი (დიპლომის დანართში მინიშნებულია სპეციალობა), ხოლო მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ – მაგისტრის ხარისხი. ეკონომიკის საბაზრო პრინციპებზე გადასვლამ მოითხოვა უმაღლესი ტექ. განათლების ისეთი სისტემის შექმნა, რ-იც უზრუნველყოფდა სპეც. ტექ.-საინჟინრო ცოდნისა და ნებისმიერი საინჟინრო დამუშავების მოსალოდნელი ეკონ., ეკოლოგიური და სოც. შედეგების გააზრების ერთიანობას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამკვიდრდა საბაზრო ეკონ. ურთიერთობათა ფართო სპექტრის შესაბამისი ეკონ. სპეციალობები, რ-ებიც ეფუძნება სათანადო ეკონ. პროფილის კათედრების მუშაობას. საქართვ. ტექნიკურ უნ-ტში ეკონ. პროფილით კურსდამთავრებულს ენიჭება ბაკალავრის (4 წელი) ან მაგისტრის (2 წელი) აკად. ხარისხი და ეკონომისტის კვალიფიკაცია (დიპლომის დანართში მინიშნებულია სპეციალობა). საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ეკონ. ფაკ-ტი 1934-იდანაა. ფაკ-ტის ფუძემდებლები იყვნენ ი. ჯაში და ნ. ლაჭყებიანი. აგრარიკოს-ეკონომისტთა კადრების მომზადებაში დიდი ღვაწლი მიუძღვით პროფესორებს: პ. ჟღენტს, გ. კუპრეიშვილს, ი. ორაგველიძეს, დ. ბერუჩაშვილს, ა. მახარაძეს, კ. მიროტაძეს. თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორები, სწავლების 2-საფეხურიანი სისტემა (4+2); პირველი საფეხურის – ბაკალავრიატის დამთავრების (სახელმწ. გამოცდები და საკურსო ნაშრომის დაცვა) შემდეგ სტუდენტს უფლება ეძლევა, შევიდეს მაგისტრატურაში, რ-საც ამთავრებს დიპლომის დაცვით. საქართველოში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბაზრო ეკონ. ურთიერთობებზე გადასვლის შემდეგ თვისებრივად შეიცვალა მოთხოვნები ეკონ. განათლების კადრებზე. პოსტსაბჭოურ პერიოდში საქართვ. განათლების სისტემაშიც შეიქმნა კონკურენტული გარემო – სახელმწ. სასწავლებლის გვერდით ჩამოყალიბდა კერძო სასწავლებლები (როგორც ეკონ. პროფილის, ასევე მრავალდარგოვანი). პრაქტ. მოთხოვნის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში გაჩნდა ახ. ეკონ. სპეციალობები, რ-ებიც დაკავშირებულია მენეჯმენტთან, მარკეტინგსა და ბიზნესთან. მაგ., საგადასახადო და საბანკო საქმიანობის მენეჯმენტი; საკურორტო და ტურისტული მეურნეობის მენეჯმენტი; საკურორტო და სასტუმრო მეურნეობის ორგანიზაცია და მენეჯმენტი; ფერმერული მეურნეობის ეკონომიკა და მენეჯმენტი; ხელოვნების ეკონომიკა, ორგანიზაცია და მენეჯმენტი; სამთო მრეწველობის ეკონომიკა მენეჯმენტი და მარკეტინგი; საბაზრო ეკონომიკა და ბიზნესი; აგრობიზნესი; აგრარულ-საინჟინრო ბიზნესი; მსუბუქი მრეწველობის ეკონომიკა და ბიზნესი; საბირჟო საქმე; საგარეო ეკონ. საქმიანობის მენეჯერი; საწარმოო საქმიანობის მენეჯერი; ხელოვნებათმცოდნეობის ექსპერტ-მენეჯერი; საკომერციო საქმიანობის მენეჯერი; სამედ. სამსახურის მენეჯერი; საფინანსო და საბანკო-საკრედიტო საქმიანობის მენეჯერი; აგროეკოლოგიის მენეჯერი; აგროსელექციის მენეჯერი და სხვ. საბაზრო ეკონ. ურთიერთობების დამკვიდრებამ განსაკუთრებულად მოითხოვა ეკონ. სამართლებრივი საფუძვლების ცოდნის გაღრმავება. შესაბამისად ამისა, გაჩნდა ახ. სპეციალობები: სავაჭრო ეკონ. ურთიერთობათა სამართლებრივი უზრუნველყოფა, იურისტ-ეკონომისტი, ბიზნესის ინფორმატიკა და სხვ.

ახ. ეკონ. სპეციალობები წარმოდგენილია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. შ.ბენია. ე.მექვაბიშვილი. რ.სტურუა. მ.ჯიბუტი.