ეკონომიკური განვითარება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკონომიკის სრულყოფა, მისი ახალ თვისებრიობაში გადასვლა. ცნება "ე. გ." პრაქტიკაში ხშირად გაიგივებულია ცნებასთან "ეკონომიკური ზრდა", რაც ნიშნავს ეკონ. მასშტაბების რაოდენობრივ გადიდებას. ეკონომიკურ ზრდასა და ე. გ-ს შორის სიღრმისეული კავშირი არსებობს. ეკონ. ზრდა განვითარების ერთერთი არსებითი ფაქტორია, ხოლო, თავის მხრივ, ე. გ. ქმნის ეკონომიკის რაოდენობრივი ზრდის განუსაზღვრელ პირობებს. თუმცა ეკონ. ზრდა შესაძლებელია ე. გ-ის გარეშეც, მაგ., მაშინ, როდესაც წარმოების ფაქტორები ექსტენსიურად იზრდება. ე. გ-ის არსებობაც შესაძლებელია ეკონ. ზრდის გარეშე, მ. შ. ეკონომიკური დაქვეითების პირობებშიც. ე. გ. ნებისმიერი ეკონ. წყობისა და ნებისმიერი განვითარების დონის მქონე ქვეყნების თანმხლები მოვლენაა. მნიშვნელოვნად განსხვავებულია მხოლოდ მისი მიზნები და ამოცანები. ე. გ-ს, საბოლოო ანგარიშით, უნდა მოჰყვეს საზ-ბის კეთილდღეობის ამაღლება, რაც გამოიხატება არა მხოლოდ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდით, არამედ მოსახლეობის ფენებს შორის შემოსავლების თანდათან გათანაბრებით. ე. გ-ის რაოდენობრივი გაზომვის მიზნით ერთმანეთისაგან განასხვავებენ ე. გ-ის ეკონომიკურ (მთლიანი შიდა პროდუქტი, სიღარიბის დონე, ჯინის კოეფიციენტი და სხვ.), სოციალურ (ადამიანის განვითარების ინდექსი, საშ. და უმაღლესი განათლების დონის ხარისხი, დასაქმების დონე, გაზეთების რაოდენობა, ელექტროენერგიისა და სხვათა მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, შობადობის საერთო კოეფიციენტი, დემოკრ. ინ-ტების სიმყარე და სხვ.) და თვისებრივი ცვლილებების (საკუთრების ფორმების ცვლილება, ახ. ტექნოლოგიების დანერგვა, საწარმოთა რესტრუქტურიზაცია, საწარმოთა პრივატიზება, საწარმოთა რეკონსტრუქცია-გადაიარაღება, ინსტიტუციური ცვლილებები, ინოვაციებზე გაწეული ინვესტიციების ხვედრითი წილი ინვესტიციების საერთო რაოდენობაში, მეცნ. განვითარებაზე გაწეული დანახარჯების ხვედრითი წილი მთლიან ეროვნ. პროდუქტში, განათლების დონე და სხვ.) გამომხატველ მაჩვენებლებს. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ეკონომიკა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არაერთგვაროვნად ვითარდებოდა. შეიძლება გამოიყოს ე. გ-ის ხუთი ეტაპი. პირველი – მოიცავს პერიოდს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 1994 წ. II ნახ-მდე. ეს არის პერიოდი, როდესაც ქვეყანას ერთდროულად უხდებოდა ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და ახ. ეკონ. წყობაზე გადასვლისათვის. თანაც, ყოველივე ეს ხორციელდებოდა შიდა პოლიტ. დაძაბულობისა და ტერიტ. მთლიანობის შენარჩუნებისათვის ომის პირობებში. სახელმწიფო, ძირითადად, მხოლოდ სხვა ქვეყნების დახმარების, სესხებისა და კრედიტების ხარჯზე ახერხებდა უკიდურესად გამწვავებული სოც.-ეკონ. პრობლემების შემსუბუქებას. რაც მთავარია, ეკონ. რეფორმებს ამ ეტაპზე არ ჰქონდა კომპლ. ხასიათი, დაშვებული იყო არაერთი სტრატეგიული ხასიათის შეცდომა. მიუხედავად ამისა, ე. გ-ის მიმართულებით, ახ. ეკონ. წყობაზე გადასვლის თვალსაზრისით, არაერთი ღონისძიება გატარდა: მოხდა ფასების ლიბერალიზაცია, შეიქმნა საკუთარი ფულად-საკრედიტო სისტემა, გატარდა სას.-სამ. მიწების და საბინაო სექტორის რეფორმა, განხორციელდა მცირე პრივატიზაციის პირველი ეტაპი და სხვ. მეორე – მოიცავს პერიოდს 1994 წ. II ნახ-იდან 1998 წმდე. საერთაშ. ორგანიზაციების (უპირველეს ყოვლისა, საერთაშ. სავალუტო ფონდის) და ქვეყნის ეკონომისტთა მიერ ერთობლივად შემუშავებული პროგრამის საფუძველზე 1994 წ. II ნახ-იდან იწყება რეფორმების ახ. ეტაპი. შემოღებულ იქნა ეროვნ. ვალუტა – ლარი, შემცირდა ინფლაცია და ეროვნ. ვალუტასა და აშშ დოლარს შორის დამყარდა სტაბილური გაცვლითი კურსი. გარდა ამისა, განვითარების ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და შეივსო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საკანონმდებლო ბაზა, ძირითადად დამთავრდა მცირე და საშუალო საწარმოთა პრივატიზება, განხორციელდა მიწის საკუთრების ტრანსფორმაცია შემცირდა სახელმწ. ბიუჯეტის დეფიციტი, გაძლიერდა უცხ. ინვესტიციების მოზიდვა, გაუმჯობესდა ფულად-საკრედიტო სისტემა, გაუქმდა ლარის კურსის ხელოვნური რეგულირება და იგი მიენდო საბაზრო კანონებს, გაუმჯობესდა საინვესტიციო პირობები და სხვ. ყოველივე ამას მოჰყვა წარმოების ვარდნის შეჩერება და ზრდის ტენდენციის ჩამოყალიბება – 1996–97 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ 11%- ით იზრდებოდა მყარი ეროვნ. ვალუტისა და ინფლაციის დაბალი ტემპის პირობებში. მესამე – იწყება 1998-იდან და გრძელდება 2004-მდე. ამ ეტაპზე იწყება მიღწეული ეკონ. ზრდის მაღალი ტემპების შემცირება, რასაც ვალუტის კურსის დაცემა და ინფლაციის დონის გაზრდა, საბიუჯეტო, საფინანსო და ენერგეტ. კრიზისი მოჰყვა. მეოთხე – იწყება "ვარდების რევოლუციის" შემდეგ და გრძელდება რუს.-საქართვ. ომამდე (უფრო ზუსტად, 2003 წ. 23 ნოემბრიდან 2008 წ. 8 აგვისტომდე). ამ ეტაპზე დაძლეულ იქნა წინა პერიოდის ეკონომიკაში არსებულ ნაკლოვანებათა დიდი ნაწილი. კერძოდ: აღმოიფხვრა საბიუჯეტო და საფინანსო კრიზისი (სახელმწ. ბიუჯეტის დეფიციტი, დაიფარა საპენსიო და სახელფასო დავალიანებები და ა. შ.); მნიშვნელოვნად გამყარდა ეროვნ. ვალუტა; აღმოიფხვრა ენერგეტ. კრიზისი (ქვეყნის მთელ მოსახლეობას და საწარმოებს ელექტროენერგია და გაზი შეუფერხებლად მიეწოდებოდა); მთლიანი შიდა პროდუქტის საშ. ზრდის ტემპებმა 9–10 % შეადგინა. მოიმატა მოსახლეობის შემოსავლებმა – საშ. ხელფასი ქვეყანაში 3-ჯერ და მეტად გაიზარდა; აღდგენილ იქნა საქალაქო და საავტომობილო გზების უდიდესი ნაწილი; გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური გარემო; გამარტივდა საგადასახადო კოდექსი, ლიცენზირებისა და ნებართვების გაცემის პროცედურები; გაღრმავდა პრივატიზების პროცესი; კიდევ უფრო გაძლიერდა საბანკო სექტორი. თუმცა, აღსანიშნავია ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი ნაკლოვანი მხარეებიც, კერძოდ: შეირყა კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპი, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ფაქტობრივი გაუქმების გამო შემცირდა კონკურენციის დონე და ა.შ. მეხუთე – მოიცავს რუს.-საქართვ. ომის შემდგომ პერიოდს, რ-საც თან ერთვის მსოფლიო საფინანსო კრიზისი. ბუნებრივია, ამ მასშტაბურმა მოვლენებმა ნეგატიური გავლენა იქონია საქართვ. ეკონომიკაზე. ომმა დიდი მატერ. ზარალი მიაყენა საქართველოს, შემცირდა ეკონ. ზრდის ტემპები როგორც შიდა, ისე უცხ. ინვესტიციების კლების გამო; დაიწყო ლარის კურსის ვარდნა, რამაც გამოიწვია ფასების ზრდა იმპორტ. საქონელზე; საბანკო სექტორში წარმოშობილ შეფერხებებს მოჰყვა კრედიტებისა და, შესაბამისად, ინვესტიციების შეკვეცა, სერიოზული ფინანს. პრობლემები შეექმნა სამშ. ბიზნესს; გაუარესდა ქვეყნის ეკოლ. სიტუაცია; მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა საკურორტო მეურნეობამ და ა. შ. ყოველივე ამან გამოიწვია ეკონ. რეცესია საკრედიტო-საინვესტიციო კრიზისის ფონზე, თუმცა 2009- იდან დაიწყო მისი დაძლევისა და ეკონ. კრიზისიდან გამოყვანის პროცესი. რ.აბესაძე.