ეკონომიკური ზონა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გ ა ნ ს ა კ უ თ რ ე ბული, ტერიტორიული წყლების ფარგლებსგარე და მისი მიმდებარე რაიონი, სადაც მოქმედებს გაეროს საზღვაო სამართლის 1982 წ. კონვენციის დებულებით გათვალისწინებული განსაკუთრებული სამართ. რეჟიმი. განსაკუთრებული ე. ზ. დადგინდა საზღვაო სახელმწიფოს სანაპირო ზოლის ეკონ. ინტერესების დასაცავად. ე. ზ-ის სიგანე არ უნდა აღემატებოდეს 200 საზღვაო მილს. ზონა აითვლება იმავე ამოსავალი ხაზიდან, საიდანაც – ტერიტ. წყლები. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს, როგორც სანაპირო ზოლის სახელმწიფოს, ე. ზ-ში აქვს სუვერენული უფლებები: კერძოდ, ზღვის ფსკერზე, მის წიაღსა და წყლებში ბუნებრივი რესურსების დაზვერვის უფლება, მათი დამუშავებისა და შენარჩუნების მიზნით; იურისდიქცია ხელოვნური კუნძულების, მოწყობილობებისა და დანადგარების შექმნასა და გამოყენებაზე, საზღვაო სამეცნ. კვლევებზე, ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაზე. ამ უფლებების განხორციელებისას სანაპირო სახელმწიფო მოვალეა გაითვალისწინოს მესამე სახელმწიფოს უფლებები ე. ზ-ში. განსაკუთრებული ე.ზ-ის სტატუსი და მისი დაცვა მხოლოდ საქართვ. უმაღლეს სახელმწ. ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება (საქართვ. კონსტ. მ. 3, პ. 1, ქვეპ. "ბ"). იხ. აგრეთვე თავისუფალი ეკონომიკური ზონა.