ეკონომიკური მეცნიერება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Makroekonomikuri regulirebis metodebi da modelebi.jpg

საზოგადოების ცხოვრების შემსწავლელ მეცნიერებათა ერთ-ერთი სისტემა, რომელიც შეიმეცნებს ადამიანთა საარსებოდ და კეთილდღეობის ამაღლებისათვის აუცილებელი დოვლათის წარმოების, გაცვლის, განაწილებისა და მოხმარების კანონებს, განვითარების კანონზომიერებებს; იკვლევს ეკონომიკური მოწყობის და სრულყოფის პირობებსა და გზებს; შეიმუშავებს ეკონ. ცხოვრების პროცესებზე მიზანმიმართული, საზბის სასარგებლო ზემოქმედების ღონისძიებათა მეცნ. საფუძვლებს; ქმნის ადამიანთა თვითდამკვიდრებისათვის და ცხოვრების პროგრესისათვის საკუთარი შემოქმედებითი საწარმოო პოტენციალის, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების სრულად გამოყენებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-რეგულირებით საშუალებათა მეცნ. ბაზას. ე. მ. ადამიანთა სამეურნეო საქმიანობის გაძღოლის საფუძვლების, შინაარსის, მისი შედეგების გამოყენების წესისა და მნიშვნელობის თეორ. გამოხატვაა, რ-იც საზ-ბის ეკონ. ცნობიერების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ ფუნქციას ასრულებს. ე. მ. პირველ რიგში მიმართულია ეკონ. ცხოვრების ფუნდამენტური, სიღრმისეული მოვლენებისა და პროცესების შემეცნებისაკენ, რაც კონკრ. გამოკვლევების, ცოდნის საფუძველია. ამ ფუნქციას ასრულებს ზოგადი ეკონომიკური თეორია. გამოყენებითი მეცნ. ცოდნის შემუშავებას ემსახურება ისეთი კონკრ. ე. მ-ები, როგორიცაა მენეჯმენტი, მარკეტინგი , ფირმებისა და დარგების ეკონომიკა, დაგეგმვა, რეგიონული ეკონომიკა, ასევე ფინანს. და საკრედიტო ურთიერთობათა და დაწესებულებათა საქმიანობის, აღრიცხვის და აუდიტის, ეკონომიკური პროგნოზირებისა და სხვა საკითხების შემსწავლელი მეცნიერებები. ე. მ-ის სისტემის შემადგენელი ნაწილია ეკონომიკის ისტორია და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია. სპეციალური ე. მ-ები სხვადასხვა კუთხით სწავლობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის პრობლემებს – საგარეო ვაჭრობას, სავალუტო, საფინანსო ურთიერთობებს და სხვ. ე. მ. წარმოიშვა და ვითარდება ადამიანთა შემეცნებით და პრაქტ. მოთხოვნილებათა საფუძველზე, მათ დასაკმაყოფილებლად. ე. მ-ის მიერ შემუშავებული ცოდნა საფუძვლად უდევს სახელმწიფოთა ეკონ. პოლიტიკას, მიმართულია მთავრობებისა და ეკონ. სუბიექტების გადაწყვეტილებათა სრულყოფისაკენ. ე. მ. შორეულ წარსულში ჩაისახა. ცალკეული ეკონ. შეხედულებები ასახული იყო ჯერ კიდევ 3 ათ. წელზე მეტი ხნის წინ და შემდგომი პერიოდის ძვ. ეგვიპტის, ბაბილონის, მიდიის, აგრეთვე შუმერების და ხეთების სახელმწიფოთა დოკუმენტებში. ეკონ. შინაარსის მოსაზრებებს ვხვდებით ძვ. ჩინეთის და ინდოეთის (კონფუცი, ლაო ძი, კაუტილია) მოაზროვნეთა ნაწერებში, სადაც ავტორები მსჯელობენ ეკონ. საქმიანობის მოტივებზე, სახეებზე, შედეგებზე, ორგანიზაციაზე და სხვ. ეკონ. ხასიათის შეხედულებები უფრო ფართოდაა წარმოდგენილი ძვ. ბერძენ და რომაელ მეცნიერთა და ფილოსოფოსთა (ქსენოფონტის, პლატონის, არისტოტელეს, კატონის, ვარონის და სხვ.) შრომებში. ქსენოფონტმა მეცნიერებაში შემოიტანა სიტყვა "ეკონომიკა". შუა საუკუნეებში ეკონ. აზროვნებაში ორიგინ. იდეები შემოიტანეს იბნ-ხალდუნმა, თომა აკვინელმა, უტოპიური სოციალიზმის თეორეტიკოსებმა. კაპიტალიზმის წარმოშობამ და განვითარებამ ბიძგი მისცა ე. მ-ის დამოუკიდებელი დარგების ჩამოყალიბებას. ეკონ. თეორიის პირველი მიმართულება იყო მერკანტილიზმი (უ. სტრაფორდი, ტ. მანი და სხვ.), რ-მაც კვლევის ძირითად ობიექტად გაიხადა ქვეყნის სიმდიდრის (იგულისხმებოდა მხოლოდ ფული) წყარო, ასეთად ამ მიმართულების მიმდევრები ვაჭრობის სფეროს, განსაკუთრებით კი საგარეო ვაჭრობას მიიჩნევდნენ. ეკონ. თეორიის წინსვლა აისახა ფიზიოკრატების მოძღვრებაში (ფ. კენე, ა. ტიურგო და სხვ.), სადაც ხალხთა სიმდიდრედ წარმოდგენილი იყო დოვლათი, საქონელი, ხოლო მათ წყაროდ კი გამოცხადდა წარმოების მხოლოდ ის დარგები, რ-ებიც ბუნებრივი რესურსების გამოყენებასთან იყო დაკავშირებული (სოფლის მეურნეობა, მომპოვებელი მრეწველობა). ფიზიოკრატიული სკოლის დამსახურება იყო მაკროეკონომიკური ანალიზის საფუძვლის ჩაყრა. ე. მ-ის განვითარების ახ. ეტაპი იყო კლასიკური პოლიტ. ეკონომიის წარმოშობა, რ-ის წარმომადგენელთა ღვაწლს შეადგენს თავისუფალი მეწარმეობის, ღირებულების შრომითი საფუძვლის, წარმოების ფაქტორების, ეკონომიკის თავისუფალი თვითრეგულირების, მოგების, ხელფასის, რენტის თეორიული დასაბუთება და ა.შ. (უ. პეტი, ა. სმითი, დ. რიკარდო, ჟ. სეი და სხვ.). XVIII და XIX საუკუნეთა მიჯნაზე გარკვეული სიახლე იყო უტოპისტ სოციალისტთა (ა. სენ-სიმონი, შ. ფურიე, რ. ოუენი) კონცეფციები საზოგადოების მოწყობის შესახებ ევოლ. გარდაქმნათა საფუძველზე, რევოლუციებისა და პოლიტ. ბრძოლის გარეშე. განსაკუთრებულ ადგილს ეკონ. აზრის ისტორიაში იკავებს მარქსიზმი (კ. მარქსის, ფ. ენგელსის და მათ მიმდევართა მოძღვრება), რ-ის მიხედვითაც მთავარია კაპიტალიზმის რევ.-ძალადობრივი გზით გარდაქმნის და ახ. კომუნისტური, საზოგადოებრივ საკუთრებაზე და საყოველთაო გეგმიანობაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობის კონცეფცია. ეს მოძღვრება ფართოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. იგი საფუძვლადაც დაედო სოციალ. რევოლუციებს, სოციალიზმის მშენებლობას მრავალ ქვეყანაში. მარქსიზმის ზოგიერთი ძირითადი დებულების სისწორე ცხოვრებამ არ დაადასტურა. XIX ს-ში ე. მ-ის განვითარების თვალსაჩინო მოვლენა იყო ე. წ. ზღვრული სარგებლიანობის თეორია (მარჟინალისტური რევოლუცია) – ზღვრული ანალიზის, ეკონ. კვლევებში სუბიექტურ-ფსიქოლ. მომენტებთან ერთად მათ. მეთოდების შემოტანა (ჰ. გოსენი, კ. მენგერი, ფ. ვიზერი, ო. ბემ-ბავერკი, უ. ჯევონზი). საგულისხმო მოვლენა იყო, აგრეთვე, საერთო წონასწორობის თეორიის წარმოშობა (ლ. ვალრასი), რ-მაც ბიძგი მისცა ეკონ. კვლევებს ეროვნ. ეკონომიკათა დონეზე. XIX და XX საუკუნეთა მიჯნაზე და შემდგომ ე. მ-ში აღმოცენებული ახ. მიმართულებები აფართოებენ ეკონ. ცხოვრების შემეცნებას. გამოიყოფა სამი ძირითადი მიმართულება: 1. ნეოკლასიკური, 2. კეინზიანური და 3. ინსტიტუციურსოციოლოგიური, რ-ებიც, თავის მხრივ, არაერთგვაროვანია. ნ ე ო კ ლ ა ს ი კ უ რ ი მიმართულება (ა. მარშალი, ჯ. ჰიქსი, ჯ. მიდი, რ. სოლოუ და სხვ.) კლასიკური ეკონ. თეორიისა და მარჟინალიზმის შერწყმას წარმოადგენს. მისმა წარმომადგენლებმა შექმნეს ეკონომიქსი – საბაზრო ეკონომიკის თეორია. ნეოკლასიკური მიმართულების ფარგლებში გამოიყოფა თანამედროვე მონეტარიზმი და ნეოლიბერალიზმი. თანამედროვე მონეტარიზმს ფულადი ფაქტორების საფუძველზე შეიძლება ეწოდოს ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველყოფის კონცეფცია (ი. ფიშერი, მ. ფრიდმენი). ნეოლიბერალიზმი უარყოფს რა ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის საჭიროებას, მიიჩნევს, რომ სტაბილურობის გარანტიას ეკონომიკის თვითრეგულირების მექანიზმი იძლევა. კ ე ი ნ ზ ი ა ნ ე ლ ო ბ ა წარმოიშვა დიდი დეპრესიის (1929–33) შემდეგ. მისი წარმომადგენლები (რ. ჰაროდი, ჯ. კეინზი, უ. ბევერიჯი, ჯ. რობინსონი, ა. ჰანსენი, ე. დომარი და სხვ.) ასაბუთებენ ეკონომიკის რეგულირებაში სახელმწიფოს მონაწილეობის აუცილებლობას, რადგან, ეკონომიკა ეფექტიანი თვითრეგულირების უნარს მოკლებულია. კეინზი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას. ინსტიტუციურ-სოციოლოგიური მიმართულების წარმომადგენლებს (თ. ვებლენი, ჯ. კომონზი, უ. მიჩელი, ჯ. გელბრეითი) ეკონ. სისტემა წარმოდგენილი აქვთ ეკონ. და სხვა საზოგადოებრივი ინ-ტების ერთობლიობად. ინსტიტუციონალიზმმა ხელი შეუწყო ე. წ. კონვერგენციის თეორიის წარმოშობას (ჯ. გელბრეითი, ი. ტინბერგენი), რ-იც შესაძლებლად მიიჩნევს კაპიტალიზმისა და სოციალიზმის შერწყმას მათი საუკეთესო ნიშნების სინთეზის საფუძველზე, ამის შედეგად კი ახ. საზოგადოებრივ-ეკონ. სისტემის ჩამოყალიბებას. ბოლო ხანებში ნეოინსტიტუციონალიზმი ავითარებს ადრინდელი ინსტიტუციონალისტების იდეებს, რ-თა ყურადღების ცენტრშია ადამიანი, სოც. მოვლენები (რ. კოუზი, ჯ. ბიუკენენი). ინსტიტუციონალიზმის მეორე თანამედროვე მიმართულებაა გლობალიზმი, რ-ის წარმომადგენლები ევოლ. განვითარების შედეგად პოსტინდუსტრიული საზბის შექმნას ასაბუთებენ. ე. მ-ის განვითარება იმთავითვე მიმდინარეობდა სხვა მეცნიერებებთან – ისტორიასთან, ფილოსოფიასთან, ფსიქოლოგიასთან, მათემატიკასთან, ტექნიკურ მეცნიერებებთან მჭიდრო კავშირში. ამჟამად ეკონ. მოვლენათა კვლევაში გამოიყენება უფრო ფართო, დისციპლინათშორისი მიდგომები, შეინიშნება სხვა მეცნიერებებთან კავშირის გაძლიერება, განსაკუთრებით საერთო-სამყაროსეული და საერთოსაკაცობრიო თვალსაზრისით ხედვა, კერძოდ, ინფორმაციული თეორიის, აქსიოლოგიური და ევდემონისტური ასპექტების გამოყენებით, რასაც ეკონ. მეცნიერებათა სისტემის ფარგლებში ეკონომიკის ფილოსოფიის ჩამოყალიბებისაკენ მივყავართ. ე. მ-ის ბოლოდროინდელი სიახლეები დაკავშირებული იყო ისეთ თვისებრივ ძვრებთან, როგორიცაა ე. წ. ნეოეკონომიკის, ნანოეკონომიკის წარმოქმნა. ე. მ-ის თანამედროვე მდგომარეობა, არსებული ცოდნის დიდი მარაგის, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და სინამდვილეზე დადებითი ზემოქმედების მიუხედავად, მაინც არ შეიძლება სახარბიელოდ ჩაითვალოს. ცალკეული თეორიები ბატონობენ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებისა და ძალაუფლების შესაბამისად, მაშასადამე, არა ჭეშმარიტების ძალით, და ხელს უშლიან ნამდვილ საზოგადოებრივ პროგრესს, რაც ეკონ. მეცნიერებებს დიდი პრობლემებისა და ამოცანების წინაშე აყენებს. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ეკონომიკურ მოვლენათა შესახებ მოსაზრებებს ვხვდებით ჯერ კიდევ ძვ. დროიდან – იაკობ ცურტაველის, გიორგი მერჩულის, შოთა რუსთაველის და სხვათა ნაწარმოებებში. ეკონ. ხასიათის მრავალი მასალაა მოცემული საისტ. თხზულებაში "ქართლის ცხოვრება". ეს საკითხები წამოჭრილი იყო სხვადასხვა ეპოქის სახელისუფლებო დოკუმენტებშიც. აღსანიშნავია სულხანსაბა ორბელიანის ეკონ. მოსაზრება სიმდიდრის ზრდის წყაროების შესახებ, რ-იც ევროპელი ფიზიოკრატების შეხედულებებს უახლოვდებოდა. XVIII–XIX სს. მიჯნაზე ეკონ. საკითხები განხილულია იოანე ბატონიშვილის "კალმასობაში" ("ხუმარსწავლაში"), ბაგრატ ბატონიშვილის ნაშრომში "სოფლის ეკონომია". XVIII ს-ში ქართულად თარგმნიდნენ ევრ. ავტორების ეკონ. ნაშრომებს. 1749 სვიმონ მაქაცარიძემ გადმოაქართულა ი. ციციშვილის მიერ ფრანგულიდან რუსულად ნათარგმნი ფლორინოვის "ეკონომია", 1799 კი იოანე ბატონიშვილმა გამოსცა იტალიურიდან თარგმნილი წიგნი "პოლიტიკური ეკონომია ანუ სახელმწიფო მეურნეობის შესახებ". XIX ს. II ნახიდან ქართულად ითარგმნა უცხოელ ავტორთა ცალკეული ნაშრომები. გ. ერისთავის ჟურნ. "ცისკარი", ი. ჭავჭავაძის ჟურნალი "საქართველოს მოამბე" და გაზ. "ივერია" ბეჭდავდნენ მასალებს ეკონომიკის შესახებ. გამოდიოდა ამავე ხასიათის პრესა (გაზ. "გუთნის დედა" – 1861–76, "სასოფლო გაზეთი" – 1868–80). საზ-ბის ყურადღებას იპყრობდა გაზ. "დროების" პუბლიკაციები ეკონ. თემებზე (1866–85). ეკონ. საკითხებს ეხებოდა ი. ჭავ ჭავაძის, ა. წერეთლის, გ. ერისთავის, გ. წერეთლის, ლ. არდაზიანის, ვაჟა–ფშაველას, ე. ნინოშვილის, დ. კლდიაშვილის, ნ. ნიკოლაძის და სხვათა მხატვრული და პუბლიც. ნაწარმოებები. XIX ს. ბოლოს და XX ს. დასაწყისში ქართ. პრესაში იბეჭდებოდა ნ. ჟორდანიას, ა. წულუკიძის, ი. სტალინისა და სხვათა ნაშრომები ეკონ. საკითხებზე. 1904 გამოვიდა ა. წულუკიძის წიგნი "ნაწყვეტები პოლიტიკური ეკონომიიდან". 1918 დაიწყო ჟურნ. "საქართველოს ეკონომისტის" გამოცემა. საქართველოში ე. მ-ის განვითარებას ფართო გასაქანი მისცა თსუის დაარსებამ და იქ ეკონ. განყ-ბისა და პოლიტ. ეკონომიის კათედრის გახსნამ, რ-საც ფ. გოგიჩაიშვილი ედგა სათავეში. 1922 უნ-ტში შეიქმნა ეკონ. ფაკ-ტი. პოლიტ. ეკონომიის კათედრები გაიხსნა საქართვ. ყველა უმაღლეს სასწავლებელში. 30-იან წლებში ქართულად ითარგმნა და გამოიცა ეკონ. მეცნიერების კლასიკოსების – ა. სმითის, დ. რიკარდოს, კ. მარქსის ნაშრომები. გამოვიდა ი. ჯავახიშვილის "საქართველოს ეკონომიური ისტორია" (წგ. 1–2, 1930–34), პ. გუგუშვილის "სახალხო მეურნეობის წარმოშობა და განვითარება" (2 ტ., 1931–34) და "საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX და XX საუკუნეებში" (ტ. 1–7, 1949–84), აგრეთვე კ. ორაგველიძის, ბ. რამიშვილისა და სხვათა შრომები. 1944 დაარსდა საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკის ინსტიტუტი, შემდგომშეიქმნა ეკონ. კვლევის ახ. ცენტრები: 1959 – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის ეკონ. და ორგანიზაციის სამეცნ.- კვლ. ინ-ტი (2006- იდან საქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკადემიის აგრარული ეკონომიკის ინ-ტი); 1963 – საქართვ. სახელმწ. საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონ. და დაგეგმვის სამეცნ.- კვლ. ინ-ტი (შემდეგში ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი, არსებობდა 2006- მდე); 1966 – ვაჭრობის კონიუნქტურის შემსწავლელი საკავშირო სამეცნ.- კვლ. ინ-ტის საქართვ. ფილიალი (შემდეგში მარკეტინგის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი, არსებობდა 2004-მდე); 1991 – დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინ-ტი (ახლანდ.დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი); 1992 – საქართვ. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (არსებობდა 2006-მდე). 1995 შეიქმნა საქართვ. ეკონ. მეცნიერებათა და ბიზნესის მეცნ. აკადემიები (პრეზიდენტები ლ.ჩიქავა , ა. კუჭუხიძე). 2005 წ. ეკონ. მეცნიერებაში მოღვაწეობდა 556 მუშაკი, მათგან 64 – მეცნ. დოქტორი, 338 – მეცნ. კანდიდატი (სტატისტიკური აღრიცხვის ბოლო მონაცემების მიხედვით). საქართველოში ე. მ-ისწარმომადგენლები მუშაობენ მრავალი მიმართულებით: ეკონ. თეორიის, ეკონ. მართვისა და რეგულირების, ეკონ. მექანიზმის სრულყოფის, ქვეყნის ეკონ. და სოც. განვითარების პრობლემების, ცალკეული დარგების, რეგიონების ეკონ. განვითარების, ფინანსების, სტატისტ., ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის, ეკონომიკის ისტორიის, დემოგრაფიისა და შრომითი რესურსების გამოყენების საკითხებზე და სხვ. ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ეკონ. რეფორმირების, მისი პრობლემებისა და შედეგების, აგრეთვე საქართვ. მომავალი ეკონ. და სოც. განვითარების პრობლემატიკის კვლევას ე. მ-თათანამედროვე მოთხოვნების დონეზე. ეკონ. კვლევები მიმდინარეობს თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმის, თელავის, გორის, ზუგდიდის, ცხინვალისა და სხვ. უმაღლესი სასწავლებლების კათედრებზე. საქართველოში ე. მ-ის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ივ.ჯავახიშვილმა, ფ.გოგიჩაიშვილმა, ბ. რამიშვილმა, პ. გუგუშვილმა, გ.გეხტმანმა, ვ.ჩანტლაძემ, ი.მიქელაძემ, ვ.მელქაძემ, ა.გუნიამ, ნ.იაშვილმა, ი.ბაჯაძემ, ს.ბერაძემ, ნ.ქოიავამ, ი.ჯაშმა, გ.გ.გველესიანმა, ა.ფანცხავამ, ნ.ტყეშელაშვილმა, მ. კეკელიძემ, მ. კახეთელიძემ, ბ. ხასიამ, მ. მშვილდაძემ, ნ. ხურციძემ, ვ.ბახტაძემ, ქ.დადიანმა, პ.ჟღენტმა, ვ.ბურკაძემ, ი. ბალანჩივაძემ, ი. ქადარიამ, გ.ს.გამყრელიძემ, გ.მეგრელიშვილმა, ა.გოკიელმა, გ.ჭანუყვაძემ, გ.ადეიშვილმა, ნ. დგებუაძემ, ლ.გ.ასათიანმა, ნ.ლაჭყეპიანმა, კ.გაბუნიამ, ა. კაკაბაძემ, ი. ქვაჩახიამ, ს. ინწკირველმა, ლ. ხაბურზანიამ, ნ. სანთელაძემ, თ. ჩიკვაიძემ, ნ. თოფურიამ, ი. კრავცოვმა, დ. ქორიძემ, თ. ხოშტარიამ, გ.წერეთელმა, გ. პაპავამ და სხვ. აქტუალურ სოც.-ეკონ. პრობლემებზე წარმატებით მუშაობენ მეცნიერ- ეკონომისტები: ვ.ადვაძე, რ.ასათიანი, თ. ბერიძე, ბ.გაბიძაშვილი, გ. გამსახურდია, რ.გოგოხია, გ.თოდუა, მ. კაკულია, რ. კაკულია, ჯ. კახნიაშვილი, ა. კუჭუხიძე, გ.მალაშხია, ი.მესხია, ე. მექვაბიშვილი, ვ.პაპავა, ა.სილაგაძე, შ. ქისტაური, გ. ყუფუნია, გ. შუბლაძე, ლ. ჩიქავა, ნ.ჭითანავა, მ. ჯიბუტი და სხვ. ქართვ. მეცნიერებმა შექმნეს თანამედროვე სახელმძღვანელოები ეკონ. დისციპლინებში. მათი ნაშრომები გამოქვეყნებულია უცხოურ ენებზე. ასევე ქართულადაა თარგმნილი მსოფლიოში გამოჩენილ მეცნიერთა ცნობილი სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები და სხვ. თეორიული და გამოყენებითი კვლევებისათვის ქართველ მეცნიერ-ეკონომისტთა ჯგუფს ორჯერ მიეკუთვნა საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში: 1975 – ი. მიქელაძეს, ვ. მელქაძეს, კ. ჩარკვიანს, გ. მალაშხიას, ნ. სანთელაძეს, პ. ჟღენტს, გ. ბუაჩიძეს საქართველოს ეკონ. და სოც. განვითარების პრობლემებზე შექმნილი მონოგრაფიისათვის; 2004 – ი. ანანიაშვილს, კ. აჩელაშვილს, ი. მესხიას, ვ. პაპავას, ა. სილაგაძეს და გ. წერეთელს ნაშრომისათვის "მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები". ეკონ. გამოკვლევები ქვეყნდება ჟურნალებში: "ეკონომიკა" (გამოდის 1918-იდან), "საქართველოს ეკონომიკა" (გამოდის 1997-იდან), "სოციალური ეკონომიკა“ (გამოდის 1999-იდან), "ბიზნესი და კანონმდებლობა" (გამოდის 2004-იდან), "ეკონომიკა და ბიზნესი" (გამოდის 2008-იდან ) და სხვ., აგრეთვე სათანადო ინტების პერიოდულ გამოცემებსა და თემატურ კრებულებში.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ს., ჭ ა ნ უ ყ ვ ა ძ ე გ., კ რ ა ვ ც ო ვ ი ი., ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორია, ტ. 1–2, თბ., 1997; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. საქართველოს სსრ (სპეც. ტომი), თბ., 1981; Б л а у ч М., Экономическая мысль о ретроспективе, пер. с англ., М., 1994; Экономическая энциклопедия. Политическая экономия, т. 3, М., 1979. გ.მალაშხია.