ეკონომიკური უსაფრთხოება

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეროვნული ეკონომიკური სისტემის დამოუკიდებლობას, თვითმყოფადობას, მის განვითარებას, საშინაო და საგარეო მუქარების აღკვეთას, წინასწარი ზომების მიღებას მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფოს მუდმივი და უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა ზრუნვა ე. უ-ზე. უსაფრთხოების პრობლემა მსოფლიოში წარმოიშვა სახელმწიფოს შექმნისთანავე. ძველი დროის მოაზროვნეები თავიანთ ტრაქტატებში დიდ ყურადღებას უთმობდნენ უსაფრთხოების პრობლემას. ცნება "ე.უ." გამომდინარეობს უსაფრთხოების უფრო ფართო კატეგორიიდან, რ-იც საკმაოდ რთული და მრავალწახნაგოვანი შინაარსის შემცველია. იგი აერთიანებს პოლიტიკურ უსაფრთხოებას, სოციალურ უსაფრთხოებას და ე.უ-ს. "უსაფრთხოების" ტერმინის გამოყენება დაიწყო დაახლოებით XII ს-იდან და ნიშნავდა ადამიანის მშვიდ სულიერ მდგომარეობას, მის დაცულობას ნებისმიერი საფრთხისაგან. თუმცა ამ შინაარსით იგი არ დაინერგა ლექსიკაში და ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა. შემდგომში შემოღებულ იქნა ტერმინი "სახელმწიფო უსაფრთხოება", რაც გულისხმობდა ბრძოლას სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. მოგვიანებით კატეგორია "უსაფრთხოება" დაიყო ცალკეულ მიმართულებებად, რ-საც გამოეყო "ე. უ-ის" კატეგორია. იგი ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ეტაპზე მთელ მსოფლიოში. ე. უ. ემყარება შემდეგ ძირითად პრინციპებს: განვითარების ისტ. გამოწვევებისა და მუქარების გათვალისწინება; გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნებისა და ინტერესების განსაზღვრა; ადამიანის, საზოგადოების, სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვა; ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების თავსებადობა. აქედან გამომდინარე, მისი უმნიშვნელოვანესი ეკონ. ინტერესია მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ამაღლება; ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა; ერთიანი ეკონ. სივრცის შენარჩუნება; ეკონ. ეფექტიანობისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება; სახელმწიფოს ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში; ეკონომიკის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების მიღწევა. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი ე. უ. მოითხოვს პრევენციული პოლიტიკის განხორციელებას, რაც ყველა ისტ. გამოწვევის, ეკონომიკური მუქარის, აგრეთვე უსაფრთხოების ზღვრული სიდიდეების განსაზღვრასა და მიღწევას გულისხმობს. ე. უ-ის ამოცანაა ქვეყნის წინაშე მდგარი შინაგანი და გარეგანი გამოწვევებისა და მუქარების განეიტრალება. შინაგან მუქარათა შორის აღსანიშნავია: ინტელექტუალური, საგანმანათლებლო, ინოვაციური პოტენციალის ჩამორჩენილობა; მოსახლეობის სოც. დიფერენციაციის გაღრმავება, სიღარიბის მაღალი დონე; ეკონომიკის სტრუქტურული დეფორმაცია; მსოფლიო ეკონომიკაში სუსტი მონაწილეობა; საინვესტიციო რესურსების უკმარისობა; ქვეყნის ფინანს. უზრუნველყოფის დაბალი დონე; საგარეო ვალის დიდი მოცულობა, რ-იც ინვესტიციურ შესაძლებლობებს ამცირებს; მკვეთრი დისპროპორციები რეგიონული ეკონომიკის განვითარებაში. გარეგანი მუქარებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ქვეყნის სუსტი მონაწილეობა საერთაშ. ეკონომიკაში, მსოფლიო შემოსავლების განაწილებაში; ქვეყნის გლობალური კონკურენტუნარიანობის დაბალი დონე; სამუშაო ძალისა და ინტელექტუალური პოტენციალის გადინება ქვეყნიდან; ტექნოლოგიური, მენეჯმენტური და ინსტიტუციური შეუთავსებლობა საერთაშ. ბაზრების მოთხოვნებთან; სურსათისა და ენერგიის იმპორტზე ქვეყნის ძლიერი დამოკიდებულება. ამ ორი უკანასკნელი პრობლემის გადაწყვეტა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ბოლო პერიოდში ენერგოუსაფრთხოების მოსაგვარებლად ინტენს. ღონისძიე ბები ხორციელდება. მიმდინარეობს შიდა ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების პროცესი, რითაც შესაძლებელი ხდება საქართვ. ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფა და ჭარბი ენერგიის ექსპორტირება. დღეისათვის პრობლემად რჩება სასურსათო უსაფრთხოება. ერთი მხრივ, ქვეყანას გააჩნია სასურსათო პროდუქტების წარმოების მნიშვნელოვანი პოტენციალი, მეორე მხრივ, ამ პოტენციალს ან ვერ იყენებს, ან ცუდად იყენებს, რის გამოც საქართვ. სურსათის დიდ დეფიციტს განიცდის. შედეგად იძულებულია სხვა ქვეყნებიდან შემოიტანოს დიდი რაოდენობის სურსათი და ამ მიზნით გამოიყენოს ეროვნ. ვალუტის მნიშვნელოვანი ნაწილი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობა აღიარებულ იქნა პრიორიტეტულ დარგად, გათვალისწინებულია მისი ფინანს. და სხვა რესურსული უზრუნველყოფის გაზრდა, რაც შექმნის სათანადო პირობებს სას.-სამ. წარმოების ტემპების ზრდისათვის. ე. უ-ის კომპლექსური მართვა ემყარება მაჩვენებელთა სისტემას, რ-იც ე. უ-ის სტრუქტურული ელემენტების ზღვრულ ინდიკატორებსაც მოიცავს. ამ უკანასკნელთა პესიმისტური ზღვრული სიდიდე გულისხმობს იმ მინიმალურ ზღვარს, რ-ის გადაჭარბების შემთხვევაში ეკონომიკა მძიმე კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდება და იწყება მისი სრული ან ნაწილობრივი ნგრევა, დეგრადაცია და ფუნქციონირების მოშლა. ოპტიმისტური ზღვრული სიდიდე გულისხმობს იმ ობიექტურ ზღვარს, რ-ის დროსაც (ან გადაჭარბების შემთხვევაში) ეკონომიკა მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ტრაექტორიაზე გადადის და ეკონომიკის დამანგრეველი, ღრმა და ხანგრძლივი კრიზისული პროცესების წარმოშობა გამოირიცხება. მინიმალური ზღვრული სიდიდეების სასიგნალო სისტემა საჭიროა იმისათვის, რომ სახელმწიფომ, ეკონომიკურმა სუბიექტებმა არ დაუშვან მასთან მიახლოება და კრიზისული პროცესების დაწყება. ე. უ-ის ოპტიმ. ზღვრული სიდიდეების მიღწევა განვითარებული ქვეყნების ჯგუფში გადასვლას გულისხმობს, რ-თაც მდგრადი განვითარებისათვის საჭირო რეალური შესაძლებლობა აქვთ. ზღვრული სიდიდეები საორიენტაციო ხასიათისაა, რადგანაც განვითარების კვალობაზე ისინიც იცვლებიან. ე. უ-ის მიღწევა და განმტკიცება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შემუშავებულია "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია", სადაც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ქვეყნის ე. უ-ის შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს: სტაბილურობის მიღწევა მაკროეკონომიკურ სისტემაში, ახ. სამუშაო ადგილების შექმნა და დასაქმების დონის ამაღლება; მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება; საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება; სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ინფრასტრუქტურის სფეროების პრიორიტეტული განვითარება; რეგიონთაშორისი განვითარების უთანაბრობის შემცირება; საქართვ. გლობალურ ეკონომიკაში მონაწილეობის გაზრდა; საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობა; ჯანსაღი კონკრეტული გარემოს შექმნა. ე. უ-ის უზრუნველყოფა საქართვ. გრძელვადიანი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, რაც ეკონ. მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ტრაექტორიაზე გადასვლას მოითხოვს. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყნის მაღალგანვითარებულ ეკონომიკაზე გადასვლის საფუძველი იქნება.

ლიტ.: გ ა ხ ო კ ი ძ ე ჯ., ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი პრობლემები, თბ., 2007; მ ე ს ხ ი ა ი., საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური უსაფრთხოების თანამედროვე პრობლემები, «ფინანსების სამეცნიერო-კვლევითი ინ-ტის შრომების კრებული », ტ. 4, თბ., 2000; საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია, თბ., 2003; ჩ ი კ ვ ა ი ძ ე თ., საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფცია, «ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინ-ტის შრომების კრებული », ტ. 7, თბ., 2003; С е н ч а г о в В. К., Экономическая без- опасность, М., 2002; A l t i n s v o n G e u s a u, National economic security, In: Search of an operational concept, Tilburg, 1980; D e S o u z a P. J., Economic strategy and national security, Boulder, 2000. თ.ჩიკვაიძე.