ელაზნაურის შეთანხმება 1804

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და იმერეთის სამეფოს შორის; ხელი მოაწერეს 25 აპრილს სოფ. ელაზნაურში [ახლანდ. სოფ. ვახანის (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი) მიდამოებთან] იმერეთის მეფე სოლომონ II-მ და რუსეთის მხრიდან გენ. პ. ციციანოვმა. ე. შ. შედგება 17 მუხლისაგან. ხელშეკრულების თანახმად იმერეთის სამეფო რუსეთის ქვეშევრდომად გამოცხადდა, თუმცა სოლომონ II-ს მეფობა საშვილიშვილოდ რჩებოდა; იმ შემთხვევაში თუ სოლომონს ვაჟი არ ეყოლებოდა, მის მემკვიდრედ კონსტანტინე ბატონიშვილი (იმერთა მეფის, დავით II-ის ძე) გამოცხადდებოდა. ტახტზე ახლად ასულ იმერეთის მეფეს სათანადო სიგელით ამტკიცებდა რუს. იმპერატორი. იმერეთის მეფე უნდა დამორჩილებოდა საქართველოში რუს. "უპირველეს მმართველს". მეფის ხელში რჩებოდა ქვეყნის საშინაო საქმეების გამგებლობა. მას რუსეთის კანონებით უნდა ემოქმედა. რუსეთი კისრულობდა იმერეთის დაცვას. ამ მიზნით იქ თავის ჯარს ჩააყენებდა. იმერეთის მეფეს რუს. ჯარისათვის უნდა აეშენებინა სადგომები, მოემარაგებინა შეშით, სურსათითა და ფურაჟით; ხოლო თვითონ წილი უნდა მიეღო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი სპეციალისტების მიერ აღმოჩენილი მადნიდან და რუსების მიერ აგებული ახ. ქალაქების შემოსავლიდან. ამასთან, მეფე ვალდებული იყო ახლად გახსნილი საბადოები უზრუნველეყო მუშახელით, მოეწესრიგებინა გზა ვახანიდან ქუთაისამდე და ფოთამდე, უსაფრთხო გაეხადა მიმოსვლა, შავი ზღვის ფლოტის მშენებლობისათვის ხეტყით მოემარაგებინა რუსეთი და გამოეყო მუშახელი. გურიის სამთავრო რჩებოდა იმერეთის მეფეს, რ-იც ვალდებული იყო დადიანისათვის დაებრუნებინა ოდიშსა და ლეჩხუმში დაკავებული ციხეები, გაეთავისუფლებინა ტყვეები და არ შეევიწროებინა სამეგრელოს მთავარი. იმერეთის მეფე არ აიღებდა ბაჟს სამეფოს ტერიტორიაზე გატარებული საქონლიდან, ჯილდოდ მიიღებდა რუს. საბაჟოების შემოსავლის ნაწილს. იმერეთიდან ქართლში ვერავინ გადასახლდებოდა მეფის ნებართვის გარეშე, ხოლო ქართლიდან იმერეთში – მთავარსარდლობის ნებართვის გარეშე. ეს წესი ადრე გადასახლებულებზე არ ვრცელდებოდა. რუს. იმპ. ალექსანდრე I-მა იმერეთის მეფის თხოვნით 1804 წ. 4 ივლისს გამოსცა სიგელი, რ-ითაც დაადასტურა მეფის "მუხლნი სათხოვრისანი" – იმერეთის სამეფოს რუს. მფარველობაში შესვლა. ე. შ. იმერეთის სამეფოს, როგორც პოლიტ. ერთეულის, არსებობას ცნობდა და მფარველობის ფარგლებს არ სცილდებოდა. პუბლ.: პ ა ი ჭ ა ძ ე გ., იმერეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის 1804 წლის შეთანხმება, კრ.: ქართული სამეფო- სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, [ტ.] 2, თბ., 1973; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ.2, თბ., 1965.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე შ., იმერეთის სამეფოს ურთიერთობა რუსეთთან სოლომონ მეორის დროს (1794–1810 წწ.), «მაცნე», 1967, #3; დ უ მ ბ ა ძ ე მ., დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957; Д у б р о в и н Н., Закавказье от 1803-1806 года, СПб., 1866; П и р ц х а л а и ш в и - л и А. Г., Имеретия и Гурия в период 1804- 1840 г.,«მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1942, ნაკვ. 1. ვ.მაჭარაძე.