ელაშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასილ ივანეს ძე (10. IX. 1914, სოფ. ჯუგაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 15. XI. 1997, თბილისი), ფიზიკური კულტურისა და სპორტის მოღვაწე. პედ. მეცნ. დოქტორი (1977), პროფესორი (1979), საქართვ. ფიზ. კულტურისა და სპორტის დამს. მუშაკი (1987). 1941 დაამთავრა საქართვ. ფიზ. აღზრდისა და სპორტის აკადემია. 1941-იდან მუშაობდა ამავე დაწესებულებაში. 1949–75 განაგებდა ფიზ. კულტურის თეორიისა და მეთოდიკის კათედრას. 1976-იდან იყო იმავე კათედრის პროფესორი. ე. შეისწავლიდა სასკოლო ფიზ. აღზრდის პრობლემებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართ. ხალხური მოძრავი თამაშების, ფიზიკური ვარჯიშების აღდგენისა და დანერგვის საქმეში. იუნესკოსთან არსებული სპორტის ისტ. და ფიზ. აღზრდის საერთაშ. კომიტეტის წ.-კორ. წლების მანძილზე იყო ქართ. ენციკლოპედიის სპორტის სამეცნ. საბჭოს აქტიური წევრი და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 10 მონოგრაფიის ავტორი.

თხზ.: მშვილდოსნობა, თბ., 1959; სპორტული წვრთნის საკითხები, თბ., 1964; Парикаоба (хевсурское фехтование), Тб., 1956; Традиции грузинской народной физической культуры и современность, Тб., 1973. ა.ციბაძე.

ელაშვილი

ზაზა მიხეილის ძე (15. V. 1934, სოფ. ჯუგაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 9. IV. 2008, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (2002). დაამთავრა თსუ (1957). 1957–63 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. პ. მელიქიშვილის სახ. ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინ-ტში, 1963-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. კიბერნეტიკის ინ-ტში, 1997-იდან კი – თსუ-ში (შეთავსებით). ე-ის შრომები ეხება თხევად კრისტალებში სპირალური სტრუქტურის ინდუცირების მიზნით ოპტიკურად აქტ. ნივთიერებების სინთეზს და ფოტოქიმიურად მდგრადი თერმომგრძნობიარე სისტემების სპექტროსკოპულ შესწავლას. მიღებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია (1989; სხვებთან ერთად). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი.