ელბაქიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არკადი ყარამანის ძე (1879, სოფ. წესი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 13. IX. 1919, თბილისი), ბოლშევიკი, ტერორისტი. კომპარტიის წევრი 1906-იდან. რუს. პირველი რევოლუციის დროს გლეხთა შეიარაღებულ გამოსვლებში მონაწილეობის გამო ორჯერ იყო დაპატიმრებული, მაგრამ ორჯერვე გაიქცა. 1912 ნოვოჩერკასკში ჩადენილი დანაშაულის გამო (ე. წ. ექსპროპრიაციაში მონაწილეობა) სამუდამო კატორღა მიესაჯა. 1917 თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო ბოლშევიკთა მიერ ინსპირირებულ გლეხთა გამოსვლებში. ამის გამო საქართვ. მენშევიკურმა მთავრობამ გაასახლა ჩრდ. კავკასიაში, სადაც თერგის საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისიაში მუშაობდა. რუს. მოხალისეთა არმიის სარდლობასთან ურთიერთობის გამწვავებისა და პროვოკაციის მიზნით 1919 წ. 13 სექტ. ე-მ ყუმბარა ესროლა თბილისში ვერის დაღმართზე მიმავალ გენ.-ლ. ი. ოდიშელიძის ავტომანქანას, რ-შიც იჯდა კავალერიის გენ. ნ. ბარათაშვილი (ბარათოვი). იგი მოხალისეთა არმიის სარდლის, გენ. ა. დენიკინის სახელით სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართვ. მთავრობასთან. ამ აქტის შედეგად გენ. ბარათაშვილი და გენ. ოდიშელიძე დაიჭრნენ. ტერორისტმა მიმალვა სცადა, მაგრამ საპასუხო სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი ე. მდ. მტკვარში ჩავარდა და დაიღუპა. 1928 საბჭ. მთავრობამ (სიკვდილის შემდეგ) წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. ფ.ლომაშვილი.



ელბაქიძე

თ. ე ლ ბ ა ქ ი ძ ე. კატარინა, პადუის დედოფალი, ვ. ჰიუგოს "ანჟელო".

თინათინ კონსტანტინეს ასული (დ. 5. VIII. 1933, თბილისი), ჟურნალისტი, მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1985). დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკულტეტი (1956). მუშაობა დაიწყო სოხუმის სახელმწ. დრამ. თეატრში. იყო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი. 1956–1961 წლებში შეასრულა 20 როლი: მაია წყნეთელი (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"), ბეატრიჩე (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური"), ბიანკა (უ. შექსპირის "ოტელო") და სხვ. ე. 1961-იდან 2004-მდე მუშაობდა საქართვ. რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის დიქტორად, ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას, ჰქონდა საავტორო გადაცემები: "რაღაც უნდა გადარჩეს" და "ლიტერატურული სალონი". პარალელურად 1980 დააარსა "ერთი მსახიობის პუბლიცისტური თეატრი", რ-ის პირველი სპექტაკლები დაიდგა რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. შემდეგ თეატრმა თსუ- ში გადაინაცვლა და 2005-მდე იარსება. ე. იყო ამ თეატრის მსახიობიც, რეჟისორიც, მხატვარიც, კომპოზიტორიც, რეპერტუარის ავტორიც. თეატრის მრავალფეროვანი რეპერტუარიდან აღსანიშნავია: "რუსთაველის ნაკვალევზე" (ი. აბაშიძე), "წინ, დავით აღმაშენებლისაკენ" (აკ. ბაქრაძე), "პატარა სამშობლო" (გ. ქიქოძე), "მხოლოდ სიმართლეა შეუმუსრავი" (აკ. გაწერელია) და სხვ. ე. ავტორია კრებულებისა: "ჩემი კუნძული", "რადიოს ოქროს ფონდის საგანძური" და "სხვა და სხვა".







ელბაქიძე

მიხეილ სიმონის ძე (დ. 20. IX. 1931, სოფ. ელბაქიანთ კარი, ახლანდ. ელბაქიანი, ქარელის მუნიციპალიტეტი), საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი (1988). დაამთავრა თბილ. მეტალურგ. ტექნიკუმი (1951), კიევის საერთო საჯარისო სასწავლებელი (1955), მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია (1965). 1955–62 მსახურობდა ბალტიისპირეთის სამხ. ოლქში. 1965- იდან მეთაურობდა კარპატისპირეთის სამხ. ოლქის მოტომსროლელ ბატალიონს, 1967-იდან – პოლკს. 1972–76 მუშაობდა დივიზიის შტაბის უფროსად, 1976–84 – კარპატისპირეთის სამხ. ოლქის შტაბის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შტაბის უფროსად. 1982 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება. 1984–92 იყო საქართვ. სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი, 1992–94 – საქართვ. თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თავდაცვის სამინისტროს სამხ. მრჩეველი. 1994-იდან თადარიგშია. მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები. ლ.დოლიძე.