ელდარის დაბლობი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ე ლ დ ა რ ი ს ვ ე ლ ი, აკუმულაციური ვაკე- დაბლობი საქართველოსა და აზერბაიჯანში, მდ. ივრის ქვემო დინების ორივე ნაპირზე, მინგეჩევირის წყალსაცავის დას. ნაწილის ჩრდ-ით. აგებულია მეთხეული ალუვიური და დელუვიური დანალექებით. საქართველოს ფარგლებში ვრცელდება მდ. ივრის მარცხ. სანაპიროს გასწვრივ 25 კმ -ზე. სიმაღლე ზ. დ. 100–200 . ე. დ. ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ნამდვილი ნახევარუდაბნოს ლანდშაფტია. ნალექების წლ. ჯამია 300 მმ , ამის შესაბამისად, მდინარის ჩამონადენის მოდულიც დაბალია - 1–2 ლ/წმ კმ 2-ზე. რუხ-მურა ნიადაგებზე განვითარებულია აბზინდიანი ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, რ-ის ფონზეც ადგილ-ადგილ გავრცელებულია ხურხუმოიანები და უროიანები. აზერბაიჯანში, სოფ. ქესამანთან არის ბუნებრივი ასფალტის საბადო. საქართვ. და აზერბ. საზღვარზე შემორჩენილია ენდემური ელდარის ფიჭვი. ე. დ-ს იყენებენ ცხვრის საზამთრო საძოვრებად. ლ.მარუაშვილი.