ელემენტთა პერიოდული სისტემა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ელემენტთა პერიოდული სისტემა.

დ. მ ე ნ დ ე ლ ე ე ვ ი ს ა, ქიმიური ელემენტების კლასიფიკაცია – დ.მენდელეევის პერიოდულობის კანონის გრაფიკული გამოსახულება. ქიმ. ელემენტების სისტემატიზაციის ცდები (მსგავსი ქიმ. თვისებების მიხედვით) ჯერ კიდევ XIX ს. 30-იან წლებიდან დაიწყო. 1864 დ. მაიერმა ატომურ მასათა მონაცემების საფუძველზე შეადგინა ტაბულა, რ-შიც აჩვენა ელემენტთა რამდენიმე ჯგუფის ატომური მასებისა და თვისებების ურთიერთშესაბამისობა, მაგრამ ზოგადი თეორ. დასკვნა მას არ გაუკეთებია. დ. მენდელეევის შეფასებით, ე. პ. ს-ის განმტკიცებას ხელი შეუწყო პ.მელიქიშვილისა და მისი მოწაფის ლ.პისარჟევსკის შრომებმა. 2012 წლის მონაცემებით, ე. პ. ს. მოიცავს 118 ქიმ. ელემენტს. მისი წინამორბედი იყო დ. მენდელეევის მიერ 1869 შედგენილი ცხრილი, რ-იც მეცნიერმა შემდგომი ორი წლის მანძილზე სრულყო – ელემენტები დაყო მწკრივებად, პერიოდებად, ჯგუფებად და უწოდა ელემენტთა პერიოდული სისტემა. ე. პ. ს-ში ქიმ. ელემენტები დალაგებულია ატომური ნომრის (და არა ატომური მასის) მიხედვით, რაც ბუნებრივად აიხსნება ატომის აგებულებაზე არსებული თანამედროვე შეხედულებებით: ატომური ნომერი ე. პ. ს-ში აჩვენებს ატომის ბირთვში პროტონების რაოდენობას და, შესაბამისად, ელექტრონების რაოდენობას ნეიტრალური ატომის ელექტრონულ გარსში, რაც განაპირობებს ელემენტის ქიმ. თვისებებს. თანამედროვე ე. პ. ს-ში ერთი ქიმ. ელემენტის სახით გაერთიანებულია იზოტოპები, რ-ებიც განსხვავდება ერთმანეთისგან ატომის ბირთვში ნეიტრონების რაოდენობით და, ელექტრონულ გარსში ელექტრონთა ერთნაირი რაოდენობის მიუხედავად, აქვს განსხვავებული ატომური მასა.



ქიმიურ ელემენტთა ქართული სახელწოდებები

1H – წყალბადი

6C – ნახშირბადი

8O – ჟანგბადი

14Si – კაჟბადი, სინონიმი – სილიციუმი

16 S – გოგირდი

26 Fe – რკინა

29 Cu – სპილენძი

30 Zn – თუთია

33 As – დარიშხანა

47 Ag – ვერცხლი

50 Sn – კალა

79 Au – ოქრო

80 Hg – ვერცხლისწყალი, სინონიმი – სინდიყი

82 Pb – ტყვია


დანარჩენი ელემენტების ქართული დასახელება ეფუძნება საერთაშორისო სახელწოდებებს.