ელენე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

(გ. V ს. ბოლოს), ქართლის დედოფალი. ვახტანგ I გორგასლის მეორე ცოლი. ჯუანშერის ცნობით, ე. ბიზანტ. იმპერატორის ასული იყო. დაახლ. 468 ჩამოიყვანეს ქართლში. ე-სგან ვახტანგს შეეძინა ორი ძე (მირდატი და ლეონი) და ერთი ასული (სხვა ცნობით 3 ძე და 2 ასული).

ლიტ.: გ ო ი ლ ა ძ ე ვ., ვახტანგ გორგასლის ოჯახური ქრონოლოგია, «მნათობი », 1985, #4. ვ.გოილაძე.

ელენე

საქართველოს დედოფალი. ბაგრატ IV -ის პირველი მეუღლე, ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ III-ის ძმისშვილი. 1029-30 წლებში საქართველო– ბიზანტ. პოლიტ. ურთიერობის დარეგულირების მიზნით კონსტანტინოპოლს ეწვია ბაგრატ IV-ის დედა მარიამ დედოფალი. იმპ. რომანოზ III-მ "აფხაზთა და ქართველთა" სამეფოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა და საქართველო- ბიზანტიის უფრო მეტად დასაახლოებლად ბაგრატ IV-ს თავისი ძმისშვილი ე. შერთო ცოლად (საქართველოში იგი მარიამ დედოფალს გამოაყოლეს). ე-მ და ბაგრატ IV-მ ქორწილი ბანაში გადაიხადეს. ე-ს დიდხანს არ მოუწია საქართვ. დედოფლად ყოფნა, რადგანაც მალევე გარდაიცვალა. გადმოცემით, ე-ს სახელთანაა დაკავშირებული ოქონის სასწაულთმოქმედი ხატის საქართველოში ჩამოტანა.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963.

ლიტ.: ბ უ ა ჩ ი ძ ე გ., ერთი ეპიზოდი საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობიდან იაჰია ანტიოქიელის ისტორიაში, კრ.: ქართული დიპლომატია, ტ. 3, თბ., 1996; ს ა მ უ შ ი ა ჯ., XI საუკუნის საქართველობიზანტიის ურთიერთობის ისტორიიდან, იქვე, ტ. 9, თბ., 2002. ჯ. სამუშია.


ელენე

(გ. 1695), ქართლის დედოფალი, თეიმურაზ I-ის ძის, დავით ბატონიშვილის მეუღლე, ერეკლე I-ის დედა, ცნობილი მოღვაწის ლუარსაბ (ლეონ) დიასამიძის ასული. დიპლომატი, ქველმოქმედი. 1650 დაქვრივებული ე. დიდი ამალით რუსეთში გაჰყვა ერეკლე (რუსეთში ნიკოლოზ) ბატონიშვილს. 1651 ასტრახანში ჩავიდა, 1652 – მოსკოვში, სადაც შვილს კარგი განათლება მიაღებინა. თავისი ტაქტით, დიპლ. ნიჭით ე-მ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა რუს. სამეფო კარზე, შვილი დაუახლოვა სამეფო კარს და ნარიშკინთა საგვარეულოს. იღვწოდა შვილის იმერეთში, შემდეგ კი კახეთში გასამეფებლად. მოსკოვში ხანგრძლივი ყოფნის დროს ხელი შეუწყო ქართ. კულტურის პოპულარიზაციას რუსეთში. 1678 მრავალი საეკლ. ნივთი, კერძოდ ხატი, "გარდამოხსნა" და საქართველოში გამოგზავნა. მოსკოვიდან სპარსეთში ჩავიდა. შაჰის კარზე ხელი შეუწყო ერეკლე I-ის კახეთში გამეფებას. ერეკლეს ქართლში მეფობისას ე. სამშობლოში მოღვაწეობდა. დაკრძალულია ალავერდის მონასტერში. ფ.სიხარულიძე.

ელენე

(XVII ს. 80-იანი წლები, – 27. IV. 1749, მოსკოვი), ქართლის დედოფალი, მეფე იესეს მეუღლე, ერეკლე I -ის ასული, დაიბადა სპარსეთში. 1691-იდან ცხოვრობდა საქართველოში. კახეთისა და ქართლის სამეფოთა კავშირის განმტკიცების მიზნით იგი მეფე იესეზე დააქორწინეს 1715 ოქტ-ში. ე. იყო სამშობლოსა თუ უცხოეთში არსებულ ქართ. კულტ. ძეგლთა დიდი ქომაგი და მზრუნველი. მან 1716 წყალობის სიგელით სიონის ტაძარი გაათავისუფლა გადასახადისგან, რ-საც ეკლესია ქართლის დედოფალს უხდიდა. თავისი ფულადი შემოსავლის მეათედი მან დოდოს მონასტერს (იხ. დოდორქა) დაუნიშნა, ამასთან ამ კერის ტაძრებს საეკლ. ინვენტარით, სამშენებლო მასალითა და ხელოსნებით დაეხმარა. მისი დაკვეთით მრავალი ხელნაწერი გადაინუსხა. ყურადღებას არ აკლებდა იერუსალიმში და სხვაგან არსებულ კულტ. კერებს. 1718 შეეძინა ვაჟი, თეიმურაზი (შემდეგში კათოლიკოსი ანტონ I ), რ-საც იგი სამეფოდ ამზადებდა. ამ განზრახვის შესასრულებლად მონაზვნად შემდგარი ე. ვაჟთან ერთად რუსეთში გაემგზავრა; 1738 ასტრახანში ჩავიდა, მაგრამ აქედან მოსკოვში გამგზავრება გაჭიანურდა და თეიმურაზი სამშობლოში დაბრუნდა, ე-მ კი მოსკოვში ჩასვლა მაინც მოახერხა, სადაც 1739-იდან მამიდაშვილის დარეჯან ბატონიშვილის (არჩილ II-ის ასული) სახლში ცხოვრობდა. მალე რუს. იმპერატორის ბრძანებით მას საცხოვრებლად მიუჩინეს ნოვოდევიჩის მონასტერი. აქ შეიტყო იმერეთში გადასული თეიმურაზის ბერად აღკვეცის ამბავი, რამაც ძლიერ დაამწუხრა. ანტონ I-ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შემდეგ ე-მ გამოუგზავნა საკუთარი ხელით მოქსოვილი და მორთული, ძვირადღირებული საპატრიარქო ქუდი. ე. რუსეთიდანაც არ აკლებდა მზრუნველობას დავითგარეჯასა და კულტ. სხვა ცენტრებს. 1745 ანტონ I-მა მოსკოვს წარგზავნა ბერი ზენონი და გიორგი ბატონიშვილს (ვახტანგ VI-ის ძე) სთხოვა დახმარება დედის სამშობლოში გამოსამგზავრებლად. მისი დაბრუნება არ მოხერხდა, რადგან მალევე გარდაიცვალა. დაკრძალულია დონის მონასტერში. ფ.სიხარულიძე.

მოძიებულია „http://georgianencyclopedia.ge/index.php?title=ელენე&oldid=1226-დან“