ელექტროგადამცემი ხაზი (ეგხ)

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საინჟინრო-ტექნიკური ნაგებობა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ელექტროსადგურებსა და მომხმარებლებს ელექტრული ენერგიის გადაცემისა და განაწილების მიზნით. ეგხ ენერგოსისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია და ელექტრულ ქვესადგურებსა და მანაწილებელ მოწყობილობებთან ერთად ქმნის ელექტროქსელს განსაზღვრულ ტერიტორიაზე. განასხვავებენ საჰაერო და საკაბელო ეგხ-ებს. საჰაერო ეგხ ელექტროენერგიას გადასცემს ანძებზე იზოლატორებით დაკიდებული ერთ- ან მრავალძარღვიანი სადენებით. მის ასაგებად იყენებენ სხვადასხვა მასალისა (ფოლადი, რკინაბეტონი, ხე და ა. შ.) და კონსტრუქციის ანძებს. მიწისქვეშა საკაბელო ეგხ გაჰყავთ იქ, სადაც მიზანშეწონილი არ არის ან შეუძლებელია საჰაერო ეგხ-ის აგება. კაბელებს აწყობენ უშუალოდ მიწაში ან სპეც. გვირაბებში. ნომინალური ძაბვის მიხედვით არის დაბალი (0,38 და 0,6 კვ), საშუალო (3; 6; 10 და 35 კვ), მაღალი (110, 150 და 220 კვ) და ზემაღალი (330, 400, 500, 750 კვ) ძაბვის ეგხები. ელექტროქსელში ძირითადად გამოიყენებენ ცვლადი დენის სამფაზიან, იშვიათად – მუდმივი დენის ეგხ-ს. ერთ-ერთი პირველი საცდელი ეგხ მისბახი–მიუნხენი (სიგრძე – 57 კმ , ძაბვა – 1,5–2 კვ ) ააგო ფრანგმა მეცნიერმა მ. დეპრემ (1882). პირველი სამფაზიანი ცვლადი დენის ეგხ ლაუფენი–მაინის ფრანკფურტი [სიგრძე – 170 კმ , ძაბვა – 15 კვ , გადასაცემი სიმძლავრე – 230 კვ.ა, დააპროექტა და ააგო მ. დოლივო-დობროვოლსკიმ (1891)]. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი პირველი 35 კვ ძაბვის ეგხ-ით ზაჰესი დაუკავშირდა თბილისს (1927). 1934 საექსპლუატაციოდ გადაეცა 110 კვ ძაბვის ეგხ ზაჰესი–რიონჰესი. 1956 ამუშავდა 220 კვ ძაბვის ეგხ ტყვარჩელსრესი–ქუთაისი, 1958 გაყვანილ იქნა 220-კვ - იანი, ხოლო 1964 – 500-კვ -იანი ეგხ საქართველო– აზერბაიჯანი. 1973 ამუშავდა ამიერკავკასიაში პირველი 500-კვ -იანი შიდასასისტემო ეგხ ,,თბილსრესი– ზესტაფონი". ენგურჰესის აშენების შემდეგ საექსპლუატაციოდ გადაეცა (1978) ამავე ძაბვის ეგხ ქვემო ზესტაფონი–ენგურჰესი. 2012 წლისათვის საქართველოში ძირითადი მაგისტრალური ეგხ-ები 500 კვ ძაბვისაა. საქართველოს ენერგოსისტემა ეგხ-ების საშუალებით დაკავშირებულია ყველა მოსაზღვრე ქვეყნის ენერგოსისტემასთან. ძირითადი ეგხ-ებია: "კავკასიონი", "თრიალეთი", "იმერეთი", "ქართლი- 2", "სალხინო". განვითარებული ენერგეტიკის მქონე ქვეყნებში ექსპლუატაციაშია 750 კვ ძაბვის ცვლადი დენისა და 1000 კვ ძაბვის მუდმივი დენის ეგხ-ები. მიმდინარეობს მუშაობა უფრო მაღალი ძაბვის, კრიოგენული, მაღალსიხშირული ეგხ-ების შესაქმნელად.

ლიტ: ქ უ რ დ ი ა ნ ი ი., ქ უ რ ც ი კ ი ძ ე გ., ელექტრული ქსელები და სისტემები, თბ., 1972. შ.ნემსაძე.