ელექტროენერგეტიკა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცხრ. 1.საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარების ძირითადი მაჩვენებლები 1990–2011 წლებში.
ცხრ. 2. საქართველოს ელექტრობალანსი (მლნ. კვტ.სთ).

მეურნეობის დარგი, რომელიც მოიცავს ელექტროენერგიის გამომმუშავებელი, გადამცემი და მანაწილებელი სამრეწველო საწარმოების, ნაგებობებისა და მოწყობილობების კომპლექსს; ენერგეტიკის შემადგენელი ნაწილი. ე-ს დიდი მნიშვნელობა აქვს მეურნეობისათვის, რადგან მისი გადაცემა დიდ მანძილზე იოლია, მომხმარებელთათვის კი – ადვილად გარდასაქმნელი მექან., თბურ, ქიმ., სინათლისა და სხვა სახის ენერგიად. ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილის გენერაცია ხდება დიდ სადგურებში (თესები, ჰესები). ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი პირველი ელექტროსადგური აშენდა 1887 წლის ბოლოს (თბილისი) ი. ჭავჭავაძის თაოსნობით. ამის შემდეგ თანდათან გაჩნდა პატარა ელექტროსადგურები, რ-თა საერთო სიმძლავრე 1913 წ. 8,0 ათ. კვტ იყო, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა – 20 მლნ. კვტ. სთ. ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრისა და მათ მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 25% იმ პერიოდში ჰიდროელექტროსადგურებზე (ჰესებზე) მოდიოდა. 1918–21 ელექტროსადგურების რიცხვი შემცირდა. 1922 თბილისში იყო 44 პატარა ელექტროსადგური (მათი საერთო სიმძლავრე – 6,15 ათ. კვტ). 1927 საქართველოში ამუშავდა პირველი მძლავრი ჰიდროელექტროსადგურის, „ზაჰესის“ (ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური) პირველი რიგი. ამ დროიდან დაიწყო ელექტროენერგიის გამოყენება მრეწველობაში, ტრანსპორტზე, კომუნ. მეურნეობაში, საოჯახო ყოფაში, სახ. მეურნეობაში. ე. საქართვ. სათბობ-ენერგეტ. კომპლექსის წამყვანი დარგია. 2010 წლის მონაცემებით ე-ზე მოდიოდა კომპლექსის ძირითადი ქ ფონდების საერთო ღირებულების 90%, მომუშავეთა 66% და სამრეწველო პროდუქციის მოცულობის 76,7%. 2011 წ. საქართვ. ყველა სახის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე შეადგენდა 3314,6 ათ. კვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება – 9912,1 მლნ. კვტ.სთ . აქედან თესებზე მოდიოდა სიმძლავრის 21% და გამომუშავების 21,4% (იხ. ცხრ. 1). საქართველოში ე. ძირითადად წარმოდგენილია ჰიდროელექტროსადგურებითა და თბოელექტროსადგურებით, აგრეთვე ელექტრული- და თბოქსელებით. ენერგოსისტემაში გაერთიანებულია სხვადასხვა სიდიდის 64 ელექტროსადგური, მ. შ. 4 თბოელექტროსადგური და 60 ჰიდროელექტროსადგური (2011 წ.). ელექტროსადგურების ტექნიკური მდგომარეობა ასეთია: ჯამური დადგმული სიმძლავრიდან (3314,6 ათ.კვტ ) ფაქტობრივად სახეზეა (ქონებული სიმძლავრე) 2677,2 ათ. კვტ (80,8%). თბოელექტროსადგურებს შორის ყველაზე დიდია „თბილსრესი“ (თბილისის სახელმწიფო რაიონული თბოელექტროსადგური) და „მტკვარი ენერგეტიკა" . თბილსრესის დადგმული სიმძლავრეა (2011 წ.) 272 ათ. კვტ . 2011 აქ გამოიმუშავეს 748,1 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგია; „ მტკვარი ენერგეტიკისათვის" აღნიშნული მაჩვენებლები შესაბამისად უდრის 300 ათ. კვტ და 1291,9 მლნ. კვტ .სთ -ს. ჰესებს შორის, პირველ რიგში, აღსანიშნავია „ენგურჰესი“. მისი დადგმული სიმძლავრეა (ვარდნილჰესების ჩათვლით) 1510 ათ. კვტ. 2011-ში გამოიმუშავა 3810,8 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგია (საქართველოში მთლიანად წარმოებული ელექტროენერგიის 38,4%). საქართვ. ელექტროენერგეტიკაში 1996-იდან დაიწყო ძირეული რეფორმები, რ-ებშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები (მსოფლიო და ევრობანკები, აშშ საერთაშ. განვითარების სააგენტო, ცნობილი საკონსულტაციო კომპანიები და სხვ.) და საქართვ. სამეცნ. წრეები. 1999 მიიღეს კანონი "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ"; შეიქმნა საქართვ. ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია. საქართვ. პრეზიდენტის 1996 წლის 4 ივლისის #437 ბრძანებულების საფუძველზე დეპარტამენტი "საქენერგო" დაიშალა 3 დამოუკიდებელ ქვესექტორად – "საქენერგოგენერაციად", "საქელექტროგადაცემად" და ახალ "საქენერგოდ" (ელექტროენერ გიის დისპეტჩერიზაცია და რეალიზაცია). შემუშავდა სექტორის პრივატიზაციის და რეაბილიტაციის სახელმწ. პროგრამები. საქართველოში შემოდინება დაიწყო მიზნობრივმა კრედიტებმა. 1996- იდან, პირველად საქართველოს ისტორიაში, დაიწყო ელექტროენერგიის სატრანზიტო გატარება თურქეთში. აღდგა მთლიანად განადგურებული 500 კვ -იანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი "კავკასიონი". 1997 პრაქტიკულად ახლიდან აშენდა 220 კვ -იანი ხაზი "ალავერდი". განხორციელდა იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან (მლნ. კვტ .სთ ): 1996 წ. – 419,3; 1997 წ. – 451; 1998 წ. – 809,8; 1999 წ. – 433,8; 2000 წ. – 599,5; 2001 წ. – 877,6; 2002 წ. – 713,2; 2003 წ. – 844,3; 2004 წ. – 1210; 2005 წ. – 1399; 2008 წ. – 649; 2009 წ. –254,8; 2010 წ. – 222,1; 2011 წ. – 470,9. საქართვ. ენერგოსისტემაში შედის 0,4, 6, 10, 35, 110, 220, 330, 500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები. მაღალი ძაბვის ხაზებისა და ქვესადგურების ძირითად (90%) ნაწილს მართავს სააქციო საზ-ბა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" და შპს „საქრუსენერგო". ამ უკანასკნელს ექვემდებარება 500 კვ- იანი ელექტროგადამცემი ხაზები: „ქართლი- 1", „ქართლი- 2", „იმერეთი"; 330 კვ -იანი „გარდაბანი" და 220 კვ-იანი – „აჭარა". შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" შეიქმნა 2002 წ. სააქციო საზ-ბა „ელექტროგადაცემისა" და შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია- 2000-ის" შერწყმის შედეგად. იგი 5 წლის ვადით სამართავად გადაეცა ისლანდიურ კომპანიას („ისბი"), რ-მაც მენეჯმენტ-კონტრაქტის განხორციელება 2003 წ. 3 მარტს დაიწყო და დაასრულა 2008 წელს. მკვეთრად შეიცვალა ელექტროენერგიის მოხმარების სტრუქტურა. ადრე ელექტროენეგიის ძირითადი მომხმარებელი იყო მრეწველობა. მაგ., 1990 მრეწველობაში მოიხმარეს ქვეყანაში დახარჯული ელექტროენერგიის 46,2%, მშენებლობაში – 1,8%, ტრანსპორტში – 6,0%, სოფ. მეურნეობაში – 12,1%, კომუნალურ–საყოფაცხოვრებო სექტორში – 13,3%, სხვა დარგებში – 20,6%. 2000 წ. შესაბამისად – 9,7%, 0,1%, 4,7%, 0,1%, 35,3% და 50,1%. 2007 წლამდე საქართვ. ელექტრობალანსი დეფიციტური იყო (იხ. ცხრ. 2). თუმცა ბოლო ხანებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა მდგომარეობის გამოსასწორებლად: აღდგა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ელექტროსადგურს, აშენდა და საექსპლოატაციოდ გადაეცა ახ. სიმძლავრეებიც, მ. შ. ხადორის ჰესი (ახმეტის მუნიციპალიტეტი) და გაზოტურბინული დანადგარი (გარდაბანი). საფუძველი ჩაეყარა 24-საათიან ელექტრომომარაგებას. საქართველო მდიდარია ჰიდროელექტრორესურსებით, მაგრამ მათი ათვისების დონე ჯერჯერობით კვლავ დაბალია: 2011 საქართვ. ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მათი ტექ. შესაძლებლობის მხოლოდ 11,4% იყო. ქვეყანაში შესაძლებელია მცირე მდინარეთა ენერგეტ. პოტენციალის გამოყენება. ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნ.- კვლ. ინ-ტის მონაცემებით, საქართველოში შეიძლება აიგოს 229 მცირე ჰესი (1-იდან 20 ათ. კვტ-მდე სიმძლავრისა), რ-თა საერთო სიმძლავრე იქნება 2,1 მლნ. კვტ, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშავება – 12,3 მლრდ. კვტ.სთ. რაც შეეხება მიკროჰესებს (1 ათ. კვტ-მდე), მათი აგება საქართვ. თითქმის ყველა სოფელსა და დასახლებულ პუნქტშია შესაძლებელი. მცირე ჰესები განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ცენტრიდან დაშორებული მთიანი რ-ნებისთვის. შედარებით მსხვილი ჰიდროენერგომშენებლობისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის ის გარემოება, რომ საქართველოში აღრიცხული 319 მდინარიდან მათი ტექ. ჰიდროენერგორესურსების 40% მოდის რვა მთავარ მდინარეზე (მტკვარი, რიონი, ენგური, ცხენისწყალი, კოდორი, ბზიფი, ხრამი და არაგვი). მშენებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ეკოლ. მოთხოვნები. დ.ზუბიტაშვილი. დ.ჩომახიძე.