ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩქაროსნული ელექტრომატარებელი VMК001

(სააქციო საზოგადოება), რკინიგზის ტრანსპორტის ერთერთი უძველესი საწარმო სამხრეთ კავკასიაში. დაარსდა 1883 როგორც ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის მთავარი სახელოსნოები (1926 მიენიჭა ი. სტალინის სახელი), რ-იც 1928 გადაკეთდა ორთქლმავალვაგონშემკეთებელ ქ-ნად. რკინიგზებზე ელექტრული წევის დანერგვასთან დაკავშირებით 1933 ქ-ნაში ელმავლების შემკეთებელი საამქრო გაიხსნა (მისბაზაზე შემდგომ შეიქმნა ახლანდ. ელმავალმშენებელი). 1933 საწარმო გაიყო 2 დამოუკიდებელ – ორთქლმავალშემკეთებელ და ვაგონშემკეთებელ ქ-ნებად. 1936 კვლავ გაერთიანდა. II მსოფლიო ომის დროს ქ-ნა ამზადებდა სამხ. საჭურველს. 1970 საწარმომ პროფილი შეიცვალა – ორთქლმავლების ნაცვლად მთლიანად გადავიდა ელექტრომავლების შეკეთებაზე და ეწოდა "თბილისის ე ლ ე ქ ტ რ ო ვ ა გ ო ნ შ ე მ კ ე თ ე ბ ე ლ ი ქ-ნა". 1976-იდან დაიწყო მეტროპოლიტენის ვაგონების შეკეთებაც. საწარმო მთელ საბჭ. კავშირში წარმოადგენდა რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის შემკეთებელ ერთ-ერთ ძირითად ინდუსტრ. ბაზას. 1883–1983 შეკეთდა 11687 ორთქმავალი, 25215 სამგზავრო ვაგონი, 103268 სატვირთო ვაგონი, 249 ელმავალი, 1353 ელექტროსექცია, 5 თბომავალი, მეტროპოლიტენის 60 ვაგონი და სხვ. 1974–92 ქ-ნაში ჩატარდა გენ. რეკონსტრუქცია, განახლდა შენობა-ნაგებობები და დაზგადანადგარები. 1999 ქ-ნა სააქციო საზ-ბად ჩამოყალიბდა (100%-ით კერძო საკუთრებაა). აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და მოწინავე ტექნოლოგიებით. "ე. ქ." არემონტებს რკინიგზის ყველა სახის მოძრავ შემადგენლობას, ამზადებს მის სათადარიგო ნაწილებს და ამასთანავე ეწევა ახ. შემადგენლობების მშენებლობას. ქ-ნას, სრული დატვირთვის პირობებში, შეუძლია წელიწადში შეაკეთოს: ყველა ტიპის სამგზავრო და სატვირთო ვაგონი–1200 ერთეული, ელექტრომატარებლის სექცია– 150, მეტროპოლიტენის ვაგონი– 50, წევის ძრავი–2100; დაამზადოს ახ. ფორმირების წყვილთვალა– 3000, ელმავლის და ელექტრომატარებლის დენმიმღები–120, აგრეთვე რკინიგზის მოძრავი შემადგენლობისათვის საჭირო სხვა სათადარიგო ნაწილები. 1997-იდან ქ-ნაში დაიწყო სამგზავრო ვაგონების, ელექტრომატარებლების და სატვირთო ვაგონების კაპიტ.-აღდგენითი შეკეთება- მოდერნიზაციის სამუშაოები. 2008- იდან ჩინეთის, ჩეხეთის, გერმანიის, უკრაინის წამყვან ვაგონმშენებელ კომპანიებთან თანამშრომლობით საქართველოს ვაგონმშენებელ კომპანიაში შეიქმნა სრულიად ახალი, მუდმივ დენზე მომუშავე სამი ოთხვაგონიანი ელექტროშემადგენლობა რ-იც 2010 საექსპლუატაციოდ გადაეცა "საქართველოს რკინიგზას". 2011-იდან იქვე დაიწყო სატვირთო ვაგონების, მ. შ. ნავთობმზიდი ცისტერნების, ხორბალმზიდების, ნახევრადვაგონებისა და პლატფორმების მშენებლობა. ქ-ნა წელიწადში ამზადებს მილიონობით ლარის პროდუქციას, მისი 20–30% საექსპორტოა. საწარმოში დასაქმებულია 800 ადამიანი. ქ-ნას აქვს კულტურის სასახლე, პროფესიული სწავლების ცენტრი და დასასვენებელი სახლი ქობულეთში. "ე. ქ-ს" მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. არის „რკინიგზების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის“ წევრი (ვარშავა, 2007-იდან). ამას გარდა, სხვა ორგანიზაციებთან ერთად გაერთიანებულია "საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგში" (2008-იდან), რ-იც წარმართავს ვაგონმშენებლობის განვითარებას ქვეყანაში. ბ წილოსანი.