ელექტრომეტალურგია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მეტალურგიის დარგი, რ-ის დანიშნულებაა ელექტროენერგიის სითბურ ენერგიად გარდაქმნის შედეგად ლითონშემცველი მასალების გახურება, გადნობა, შესაბამისი ფიზ.-ქიმ. გარდაქმნების ჩატარება ლითონების ამოკრეფისა და რაფინირებისათვის, აგრეთვე მაღალი ხარისხის შენადნობთა მიღება. ე. იყოფა ორ მიმართულებად: ელექტროთერმიად და ელექტროქიმიად. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქ-ნაში ელექტროთერმული პროცესით გამოადნობენ მანგანუმიან შენადნობებს (სასაქონლო სილიკომანგანუმს). სილიკომანგანუმის გამოსადნობად იყენებენ ღია და დახურულ ელექტროღუმლებს. სილიკომანგანუმის წარმოებისას იყენებენ მანგანუმის დაბალხარისხოვან (ძირითადად, კარბონატულ) მადნებს, დაბალფოსფორიან მანგანუმიან წიდას (გადასამუშავებელი სილიკომანგანუმის წარმოებისას), კვარციტსა და კოქსს. რუსთავის საწარმოო გაერთიანება ,,აზოტში" (იხ. სტ. რუსთავის სააქციო საზოგადოება"აზოტი" ) დანერგილია მანგანუმის გააქტივებული ორჟანგის მიღების ელექტროქიმ. პროცესი. საქართველოში მანგანუმიანი შენადნობების ე-ის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით გ.ნიკოლაძეს, ვ. ჩიტაძეს, ი. ლორთქიფანიძეს, ი. კეკელიძეს, ლ. მაღლაკელიძეს, ვ. მელაძეს, ე. ნადირაძეს, გ. სიორიძეს, გ. შათირიშვილს, დ. ჩიკაშუას და სხვებს, ელექტრომეტალურგიის მეცნ. საფუძვლების განვითარებაში კი – გ. ნიკოლაძეს, რ. აგლაძეს, მ.კეკელიძეს, გ. მიქელაძეს, ა. ხვიჩიას, ლ. ნ. ჯაფარიძეს. მომავალში რუსთავის მეტალ. ქ-ნაში ფოლადის წარმოება, ნაცვლად არსებული მარტენის პროცესისა, განხორციელდება ე-ის პროცესით (ელექტრორკალურ ღუმლებში). 2010 რუსთავის მეტალურგიულ ქ-ნაში ექსპლუატაციაში შევიდა ოთხი 12-ტონიანი ინდუქციური ელექტროღუმელი, რ-თა წლიური წარმადობა 120 ათასი ტონა ფოლადია (სამშენებლო არმატურის დასამზადებლად). 2011 ქუთაისის მეტალურგიულ საწარმოში დამონტაჟდა 30-ტონიანი ელექტროღუმელი. სამომავლოდ ელექტრომეტალურგია ვითარდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, კერძოდ, მუდმივ დენზე მომუშავე ელექტროღუმლებისა და პლაზმური ღუმლების დანერგვით.

ლიტ : მანგანუმიანი ფეროშენადნობების წარმოება და გამოყენება, თბ., 1968; ამიერკავკასიის რკინისა და მანგანუმის მადნების გადამუშავება, ტ. 1–5, თბ., 1972–86. თ. სიგუა.