ელექტრონული ფოსტა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იგივე E-mail, არის კომპიუტერულ ქსელში მონაცემების, ტექსტური მასალის, პროგრამების, გრაფიკული მასალის, ციფრული ფოტოების, ვიდეო- და აუდიო-მასალის გადაცემა- მიღების ტექნოლოგია. ე. ფ. შეიქმნა 1965, როდესაც მასაჩუსეტსის ტექნოლ. ინ-ტის თანამშრომლებმა ნოელ მორისმა და ტომ ვან ვლეკმა დაწერეს პროგრამა MAIL ოპერაციული სისტემა CTSS ( Compatible Time-Sharing System)-ისათვის. მსოფლიოში ე. ფ-მ პოპულარობის მოპოვება დაიწყო 1990-იდან და ამჟამად გამოიყენება როგორც პირადი, ისე საქმიანი ურთიერთობისათვის. ჩვეულებრივი ფოსტის მსგავსად და ტელეფონისაგან განსხვავებით, მომხმარებელი გადასაცემ მასალას კომპიუტერით გზავნის მაშინ, როცა ეს მისთვის მოსახერხებელია, ხოლო მიმღები წაიკითხავს მაშინ, როდესაც ის ამისათვის მოიცლის. მიღება-გაგზავნის პროცესი ხორციელდება Simple Mail Transfer Protocol ის საშუალებით. ე. ფ-ის მისამართი შედგება ორი ნაწილისაგან, რ-საც ყოფს სიმბოლო @ (ინგლისური "at"-ის შემოკლებული ფორმა, ქართულად – "ზე"), მაგ., george@posta.ge. მარცხენა ნაწილი წარმოადგენს მომხმარებლის სახელს, მარჯვენა ნაწილი – დომენის სახელს, რ-ზეც ეს მომხმარებელი არის დარეგისტრირებული. დომენები ახორციელებენ მომხმარებლის აღრიცხვას და ქსელთან კავშირს. დომენები არის გვაროვნული და სახელმწიფოებრივი. მაგ., გვაროვნულია com (კომერციული), edu (სასწავლო), gov (სამთავრობო) და სხვა. სახელმწიფოებრივია ge (საქართველო), uk (ინგლისი), de (გერმანია), usa (აშშ), ru (რუსეთი) და ა. შ. ცნობილი საფოსტო სერვერებია Gmail, Yahoo, Hotmail, Yandex, Rambler და სხვ. ე. ფ-ის უპირატესობაა მაღალი სიჩქარე, სიმარტივე, მომსახურების დაბალი ფასი, ინფორმაციის გაგზავნის შესაძლებლობა ერთდროულად მრავალ ადრესატთან. მომხმარებელს შეუძლია გააგზავნოს კოდირებული (დაშიფრული) ინფორმაცია, აუკრძალოს მიმღებს წერილის გადაბეჭდვა, ჩაწერა, სხვა ადრესატისათვის გადაგზავნა; მოითხოვოს შეტყობინება მისი მიღების, წაკითხვის, წაშლის და მასზე განხორციელებული სხვა ქმედებების შესახებ. შეიძლება წერილის ასლი გაიგზავნოს ისე, რომ ძირითადმა ადრესატმა შეიტყოს ან ვერ შეიტყოს ამის შესახებ. შესაძლებელია მიმღების ელექტრონულ საფოსტო ყუთში მოხვედრილი გზავნილების ავტომატურად წაშლაც გარკვეული დროის შემდეგ. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი პირველი ე. ფ-ის სერვერი (kheta.georgia.su და მოგვიანებით kheta.ge) გამართა გ. გომელაურის მიერ დაფუძნებულმა "ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო, საინჟინრო და მენეჯმენტის" ჯგუფმა (იტსსმ, 1991). დღეისათვის E-mail მომსახურებას, რ-საც ასევე E-mail ჰოსტინგს უწოდებენ, ახორციელებენ, ძირითადად, ინტერნეტ-პროვაიდერები. ისინი სთავაზობენ კერძო და კორპორატიულ მომხმარებლებს E-mail ყუთებს, რ-ებზეც, ყუთის ფასის შესაბამისად, არსებობს E-mail მისამართების ესა თუ ის რაოდენობა. E-mail ყუთებთან კავშირი ხორციელდება ვებინტერფეისის საშუალებით. E-mail სერვერების მფლობელი ინტერნეტპროვაიდერები საქართველოში არიან: Caucasus Online (რომელმაც შთანთქა პროვაიდერები Georgia Online, Caucasus Network, Sanet), Silk Net (STanTqa UTG, Wanex), Axali Kselebi, CDN, Service NET, V-Tel, Grena, Geonet. დამოუკიდებელი E-mail ჰოსტერია Posta.ge. ქართული E-mail ჰოსტერები არ სარგებლობს პოპულარობით მომსახურების შედარებით დაბალი ხარისხის გამო. ამჟამად, ელექტრონული ინფორმაციის გადასაგზავნად სულ უფრო მეტი მომხმარებელი იყენებს სოციალურ ქსელებს . ი. ლომიძე. ე. კამკამიძე.