ელექტროტექნიკური მრეწველობა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მანქანათმშენებლობის ერთერთი წამყვანი დარგი, რომელიც ამზადებს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილებისა და მოხმარების მოწყობილობებს. წარმოიშვა XIX ს. 80-იან წლებში. განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა გერმანიასა და აშშ-ში. საბჭოთა კავშირში დარგი თავდაპირველად განვითარდა ლენინგრადში, მოსკოვში, ხარკოვში, ხოლო II მსოფლიო ომის შემდგომ – თითქმის ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში. ამჟამად დარგის პროდუქციის წარმოებით წამყვანი ქვეყნებია აშშ, გერმანია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და სხვ. წარმოების მასშტაბების სწრაფი ზრდისა და ახ. ტექ. მიმართულებების განვითარების შედეგად ე. მ-ს გამოეყო რადიო- და ელექტრონული მრეწველობა, ელექტრო- გამზომი ხელსაწყოების წარმოება და სხვ. (აშშ-სა და მთელ რიგ სხვა ქვეყნებში ისინი შედის ე. მ-ში). მსოფლიოს უმსხვილესი და უძველესი ელექტროტექნიკური კომპანიებია: "ჯენერალ ელექტრიკი", "ვესტინჰაუსი" (აშშ), "სიმენსი", "ოსრამი" (გერმანია), "მაცუსიტა ელექტრიკ ინდასტრიალი", "ტოშიბა", "ჰიტაჩი" (იაპონია), "ჯენერალ ელექტრიკ კომპანი", "ფრიდლანდი" (დიდი ბრიტანეთი), "კჟე" (საფრანგეთი), "აბბ" (შვედეთი – შვეიცარია), "ფილიპსი" (ნიდერლანდები), "ელექტროსილა", "დინამო" (რუსეთი) და სხვ. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო შ ი პირველი ელექტროტექნიკური საწარმოები 1955 ამუშავდა. ეს იყო თბილისის ქ-ნები: "ელექტროგამშვები" და "ელექტროავტომატი". მომდევნო წლებში თანდათანობით მწყობრში ჩადგა სულ სხვადასხვა პროფილის ელექტროტექნიკურ საწარმოთა მთელი ჯგუფი. 17 წლის შემდეგ (1972) ე. მ. საქართველოში ითვლიდა სხვადასხვა პროფილის 23 საწარმოს, მ. შ., გარდა ზემოაღნიშნულისა, იყო თბილისის ქ-ნები: "თბილელექტროიზოლიტი", "ელექტროშედუღება", "ელექტროძრავა"; თბილისის საწარმოო გაერთიანებები: "საქელექტრომანქანა", "ელვა"; "ელექტროაპარატის" ქ-ნები ფოთსა და კასპში; თბილისის ელმავალმშენებელი, ქუთაისის ელექტრომექანიკური, ზესტაფონის "საქკაბელის", შორაპნის ელექტროელემენტების ქ-ნები და სხვ. საწარმოთა ნაწილი ფუნქციონირებდა სამეცნ.-საწარმოო გაერთიანებების სახით, გააჩნდათ თავიანთი საპროექტო-საკონსტრუქტორო ბიუროები. მათ პროდუქციას წარმოადგენდა: ელექტრომანქანები, ელექტროშესადუღებლები, ავტომ. და ნახევრად ავტომ. მოწყობილობები, ამწის ელექტროძრავები, საყოფაცხოვრებო ხელსაწყოთა მიკროძრავები, ელექტროქსელის აპარატურა, ელმავლების, ელექტროკარების, საწარმოო პროცესების მართვის აპარატურა, ლაბორატორიის ტრანსფორმატორები, ელექტროგანათების ნაკეთობანი, საყენებელი კაბელები, მომინანქრებული საგრაგნილე სადენები, ელექტროიზოლაციის მასალები და სხვ. ე. მ-ზე მოდიოდა საქართვ. მანქანათმშენებლობის მთლიანი პროდუქციის 20,3%, ძირითადი საწარმოო ფონდების – 12,8% და მომუშავეთა რიცხოვნობის – 19,1%. დარგის ნაკეთობათა დიდი ნაწილი იგზავნებოდა საბჭ. კავშირის სხვადასხვა რეგიონებში და საზღვარგარეთის ქვეყნებში. საბჭ. კავშირის დაშლის შემდეგ საბაზრო ეკონ. პირობებში ე. მ. ღრმა კრიზისმა მოიცვა და საწარმოთა უმრავლესობამ ფუნქციონირება შეწყვიტა. ამჟამად მცირე დატვირთვით მუშაობს: "ელმავალმშენებელი", "საქკაბელი", "ელვა", "ელექტროიზოლიტი", "ელექტროავტომატი" და სხვ. "საქსტატის" მონაცემებით, 2008 საქართველოში ელექტრონულ მანქანებსა და ელექტრომოწყობილობებს უშვებდა 18 საწარმო, სადაც იწარმოებოდა 27,5 მლნ. ლარის პროდუქცია და თავმოყრილი იყო 8,4 მლნ. ლარის ღირებულების ძირითადი აქტივები. ყველა აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით ე. მ-ის წილი საქართვ. მრეწველობაში 1%-ზე ნაკლებია. საწარმოები ძირითადად მცირე ზომისაა, წლიურად 1,5 მლნ. ლარის პროდუქციას უშვებენ და მუშაობენ შეკვეთების საფუძველზე. დ. ჩომახიძე.